in

საიდან უნდა დავიწყოთ ინტერიერზე მუშაობა – 7 პრაქტიკული რჩევა

დღეს ჰარმონიული და კომფორტული ინტერიერის შექმნის 7 წესზე გიამბობთ. ინტერიერის დეკორზე მუშაობა ერთგვარ თამაშს ჰგავს, სადაც წესის დაცვაც საჭიროა და მისი ოსტატური დარღვევაც მიღებულია. ინტერიერში სხვადასხვა განსხვავებული ნივთების „აურზაურის“ ასარიდებლად რამდენიმე მარტივი წესი მოგიმზადეთ, რომლის ათვისების შემდეგ, თქვენ ელეგანტური ინტერიერის შექმნას შესძლებთ.

წესი #1. ერთიანი კონცეფცია

დეკორის პირველი და ურყევი წესი ერთიანი კონცეფციის შექმნაა, სადაც უნდა აისახოს მომავალი ინტერიერის ფერთა გამა, სტილი, ფორმები და ტექსტურა. კონცეფცია მიმართულებას მოგცემთ, ასევე ერთგვარ სამოქმედო ჩარჩოებში მოგაქცევთ. კონცეპტის საშუალებით ავეჯის ან აქსესუარების შეძენის დროს უცებ მიხვდებით, ნამდვილად ესადაგება თუ არა ისინი ერთმანეთს. გარდა ამისა, კონცეფცია დამკვეთსა და შემსრულებელს შორის მოლაპარაკების შესანიშნავი საშუალებაა. ორივე მხარეს მკაფიო წარმოდგენა ექმნება, თუ რა ხასიათი და რა ფერთა გამა ექნება მომავალ ინტერიერს.

წესი #2. ნეიტრალური კედლები საშიში არ არის

ნებისმიერი დიზაინერი ფიქრობს ლამაზ ნივთებზე, ფერზე და ზოგჯერ ავიწყდება „ცარიელი“ სივრცეები ანუ ნეიტრალური კედლები, რომლებიც ნათელ აქსესუარებს ხაზს გაუსვამს და თვალს დასვენების საშუალებას მისცემს. ავიწყდება მშვიდი ტექსტურა, რომელიც კონტრასტულ პრინტს მეტ გამოხატულებას შესძენს.

როდესაც საუბარია ნეიტრალური გამის მქონე ინტერიერზე, აუცილებელია კონტრასტის შექმნა. მაგალითად, ღია ბეჟის, კრემისფერის, მორუხო-მოყავისფრო ტონების მუქ ხესთან და მუქ აქსესუარებთან შეხამება, რომლებიც ნათელ ფონზე ეფექტურად გამოიყურება.

თავშეკავებულ და ნეიტრალური გამის მქონე ინტერიერში ტექსტურას არა მხოლოდ ტექსტილი, არამედ ნოხები, ხის ანათლის ორნამენტები, ნივთების კოლექციები, ქანდაკებები, ნეიტრალური პრინტი და სხვა მრავალი ნივთი ქმნის.

ნათელი ფერი ნეიტრალურ ინტერიერს აცოცხლებს. მაგალითად, ვარდისფერი თეთრსა და მორუხო-მოყავისფროს მშვენივრად ერწყმის, მწვანე – მორუხო-მოყავისფროს, შავსა და თეთრს, წითელი – თეთრს, ქვიშისფერს, შავს, მორუხო-მოყავისფროს და ლურჯს.

წესი #3. ამოირჩიეთ ინტერიერის ცენტრალური ელემენტი

დეკორის უმნიშვნელოვანესი საკითხია კომპოზიციური ცენტრის ანუ ოთახში ფოკუსირების ძირითადი წერტილის შექმნა. ყოველთვის უნდა არსებობდეს რაღაც, რასაც პირველ რიგში დავინახავთ, საიდანაც ინტერიერის კომპოზიციის თვალიერებას დავიწყებთ. ეს შეიძლება იყოს მოზრდილი, ნათელი, განსაკუთრებით მიმზიდველი ნივთები. მაგალითად, საძინებელში ლამაზად დალაგებული საწოლი ძვირფასი თავით ან დიდი ბუხარი მისაღებში, ან ქანდაკებებით შევსებული თარო კაბინეტში.

ინტერიერის დანარჩენი ნივთები ამ მთავარს შეავსებს, მის სილამაზესა და მნიშვნელობას ხაზს გაუსვამს. თუ ოთახში ბევრი „კაშკაშა“ ნივთი იქნება, გადამეტებული შთაბეჭდილების გამო, მნახველის ყურადღებას გავფანტავთ.

უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა წესს გამონაკლისი აქვს. ერთ-ერთი ასეთია: განზრახ გაჯერებული ინტერიერი ყოველთვის ეფექტურია! როდესაც კორიდორში მოძრაობთ და ოთახის შესასვლელს ჩაუვლით, დაფიქრდით, რას ხედავთ კარის ღიობში. ეს თვალისთვის რაღაც სასიამოვნო უნდა იყოს, მაგალითად, შორეულ კედელზე ჩამოკიდებული ნახატი (თუნდაც პატარა) ან ავეჯის ლამაზი ელემენტი ან მაგიდაზე მდგარი ყვავილების ლარნაკი.

წესი #4. ორნამენტების კენტი რაოდენობა

თუ თქვენ ორნამენტებიან ტექსტილს ან ნივთს არჩევთ, ამ შემთხვევისთვის ასეთი წესები მოქმედებს: ინტერიერში კარგად მუშაობს ორნამენტების კენტი რაოდენობა (სამი, ხუთი, შვიდი და ა.შ.) თვითონ ორნამენტები კი სხვადასხვანაირი უნდა იყოს.

თუ თქვენ რაიმე გაჯერებულ ორნამენტს იყენებთ, მაგალითად, იკატის ან „ზებრას“ პრინტს, მაშინ კარგია მისი რაიმე ნეიტრალურ ტექსტურასთან შეხამება, ყვავილოვანი ორნამენტის კომბინირება კი გეომეტრიულთან უნდა მოხდეს.

წესი #5. ნახატები თვალის დონეზე

რაც შეეხება კედლების დეკორის გრაფიკული პრინტების საშუალებით მორთვას, ნამუშევრები აუცილებლად თვალების დონეზე უნდა მოთავსდეს. თუ თქვენ მომცრო ნახატების ან ფოტოების ნაკრებს კიდებთ, მაშინ თვალების დონეზე ამ კომპოზიციის ცენტრი უნდა მოთავსდეს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ცენტრალური და დამხმარე სურათების განსაზღვრა. ხელოვნების ნიმუშებისგან ძალიან კარგი „ფოკუსირების“ წერტილები გამოდის. ეს ელეგანტური ფერადი აქცენტის შექმნისა და ოთახის ხასიათის ხაზგასმის ძალიან კარგი საშუალებაა.

წესი #6 ნაკლები არასაჭირო ნივთი

შეიძლება ეს ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ინტერიერი ბევრი ნივთით არ უნდა გადაიტვირთოს. ყველა დასავლელი დიზაინერი და ინტერიერის ჟურნალი ერთხმად აცხადებს – „declutter, declutter და კიდევ ერთხელ declutter“ რაც თარგმანში „ყველაფერი ზედმეტის მოშორებას“ ნიშნავს. ოთახში მხოლოდ აუცილებელი და სასარგებლო ნივთები უნდა დარჩეს – ლამაზი სანათი, რამდენიმე ფოტოსურათი და ქანდაკება, გადასაფარებელი, ლარნაკი ან ყვავილების კომპოზიცია. უამრავი წვრილმანი, რომელიც თაროებზე და მაგიდაზე იმტვერება, ინტერიერს მხოლოდ ტვირთავს. რაიმე ისეთი აირჩიეთ რისი წარდგენაც ნამდვილად ღირს, ყველაფერი დანარჩენი კი შეგიძლიათ ყუთებში ჩაალაგოთ და თვალს მოარიდოთ.

თუ თქვენ შეზღუდული ბიუჯეტი გაქვთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ძვირფასი ბრენდები თქვენს ინტერიერში ვერ მოხვდება. თითქმის ნებისმიერს შეუძლია სურათებისთვის „Ralph Lauren Home“-ის  ელეგანტური ჩარჩოს შეძენა ან “Armani Casa“-ს ზარდახშით ინტერიერის გამშვენება. ეს ობიექტები თვალსაჩინო ადგილზე იქნება და თქვენი სტუმრის თვალს აამებს. უბრალო ნივთებიდან ხილით ავსებული ფიალა, ხის ტოტებისგან დამზადებული კომპოზიცია ან ყვავილების თაიგული გამოდგება. ასევე მარჯნის ტოტები, ლამაზი კენჭები ან თუნდაც მშრალ ხიდზე შეძენილი ნივთები.

წესი #7.ნუ შეუშინდებით ექსპერიმენტებს

ტრენდების თვალის დევნება საინტერესოა, თუმცა დიზაინერების რჩევით, ექსპერიმენტირება უფრო მნიშვნელოვანია. სწორედ თამამი ექსპერიმენტები პრინტებსა და აქსესუარებზე ინტერიერში საინტერესო ხასიათს ქმნის და დიზაინერის მოხერხებულობას აჩვენებს.

ვინტაჟური მაღაზიის მეპატრონეების სახლი რეიმსში

ფერადი ეკლექტური ბინა პარიზში