ზამთრის სეზონის მოახლოვებასთან დაკავშირებით, სულ უფრო აქტუალური ხდება გათბობის სისტემების თემა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გავესაუბრეთ კომპანია თბილი სახლის ასორტიმენტის განვითარების მენეჯერს – გიორგი გოგიჩაიშვილს და ჩვენი მკითხველისთვის რამდენიმე სასარგებლო რჩევა მოვამზადეთ.
– ბატონო გიორგი, სახლის გათბობის რამდენნაირი სისტემა არსებობს?
– სახლის გათბობის ძირითადი სისტემებია:
- ყველაზე გავრცელებულია ე.წ ტრადიციული სისტემა, რომელიც აღჭურვილია გაზზე, სრულად ელექტროობაზე ან მყარ საწვავზე მომუშავე გათბობის ქვაბით და სხვადასხვა დიზაინისა თუ მასალის რადიატორით, ან ფენ-კოილით. ბოლო პერიოდში მეტი ეფექტურობისა და კომფორტულობიდან გამომდინარე პოპულარობას იხვეჭს იატაკქვეშა გათბობა, როგორც ჰიდრავლიკური ისე ელექტრო ტიპის
- განახლებად მზის ენერგიაზე მომუშავე პანელებით აღჭურვილი გათბობის სისტემა
- განახლებად გეოთერმულ თბურ ტუმბოზე მომუშავე გათბობის სისტემა
- ჰიბრიდული სისტემა, სადაც ინტეგრირებულია ტრადიციული და განახლებად ენერგიაზე მომუშავე გათბობის სისტემები
- სისტემა სადაც თბომატარებელი არის არა წყალი, არამედ ჰაერი
- გათბობა შესაძლებელია ასევე კონდიციონერით, თუმცა არაეფექტურია შედარებით დაბალი გარე ტემპერატურების დროს
- ცალკეული ოთახების გაზის ან ელექტრო კონვექტორით გათბობა
– რომელია მათ შორის ყველაზე კომფორტული?
– პროფესიონალურად შედგენილი და შესრულებული სისტემა ყველა კომფორტულია, გააჩნია კონკრეტულ სიტუაციას და პროექტს. მთავარია არსებობდეს შენობის, ბინის შიგნით და გარეთ ტემპერატურის ავტომატიზირებული, გამართული და უწყვეტი კონტროლი. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია შენობაში არსებული ჰაერის ხარისხის გაკონტროლებაც.
– ბაზარზე გათბობის სისტემის უამრავი არჩევანი გვხვდება, როგორც საქვაბეების, ასევე გამათბობლების. ფასები განსხვავებულია. რას გვირჩევთ ამ კუთხით, როგორ მივიღოთ გადაწყვეტილება?
– მოდით განვიხილოთ საქართველოში მეტად გავრცელებული გათბობის სისტემა, რომელიც მუშაობს გაზზე. ქვაბს გააჩნია თბოგადაცემის სიმძლავრე, რომელიც იზომება კილოვატებით. პრაქტიკული გამოცდილებით მიჩნეულია, რომ 10 კვადრატული მეტრი ბინის გასათბობად საჭიროა საშუალოდ 1 კილოვატი სიმძლავრე, რა თქმა უნდა ეს უხეში მონაცემია და კორექტირდება სპეციალური ცხრილებით სადაც გათვალისწინებულია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა გარე კედლების რაოდენობა და ფართი, ფანჯრების ფართი, ჭერის სიმაღლე და გარე კლიმატი. მაგალითისთვის საქართველოში 80 კვადრატული მეტრი ფართის ბინის გასათბობად და ცხელი წყლის მოსამზადებლად საკმარისია 12 დან 18 კილოვატამდე სიმძლავრის ქვაბი. აღსანიშნავია, რომ ამ სიმძლავრის მიხედვით ითვლება ასევე რადიატორების რაოდენობა. რადიატორები დაყოფილია სექციებად და თითოეულ სექციას გააჩნია თბოგადაცემის კოეფიციენტი. ბაზარზე ხშირად გვხვდება 150 ვატის თბოგადაცემის სიმძლავრის რადიატორები. ჩვენს მაგალითზე, 80 კვადრატული მეტრი სტანდარტული ბინის გასათბობად საჭიროა 12-დან 18 კილოვატამდე სიმძლავრის ქვაბი და 12კვტ/150ვტ=80 ცალი რადიატორი, რომელიც უნდა განაწილდეს ბინაში შესაბამის ადგილებზე. თუმცა უნდა ითქვას, რომ აღნიშნული გაანგარიშება ზედაპირულია და დეტალური, ზუსტი გაანგარიშებისათვის აუცილებელია მიმართოთ გამოცდილ კომპანიებს და სპეციალისტებს. ზემოთქმულიდან გამომდინარე არჩევანი უნდა გაკეთდეს ტექნიკური მონაცემებიდან გამომდინარე და მომხმარებელმა თავისით უნდა განსაზღვროს მისთვის რომელი ბრენდია საიმედო.
– რას უნდა მივაქციოთ ყურადღება გათბობის სისტემის მონტაჟის დროს?
– გაიარეთ კონსულტაცია პროფესიონალ კომპანიასთან, რომელსაც აქვს გამართული შიდა ორგანიზაცია, შესრულებული აქვს მრავალი მცირე თუ დიდი ზომის პროექტი, გააჩნია ფართო ასორტიმენტი. განიხილეთ ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტები, თხოვეთ დასაბუთებულად გაგიწიონ რეკომენდაცია, თუ რომელია თქვენს ბიუჯეტზე, კომუნალურ დანახარჯებსა და მოთხოვნებზე ყველაზე მეტად მორგებული სისტემა. დეტალურად გაეცანით საგარანტიო პირობებს, მომხმარებლების გამოხმაურებებს სხვადასხვა წყაროების მეშვეობით.
– რას ვურჩევთ მომხმარებელს გათბობის სისტემის ხანგრძლივი ექსპლუატაციის უზრუნველყოფისთვის?
– რეკომენდებულია სეზონის დაწყებამდე და სეზონის ბოლოს გათბობის სისტემის დიაგნოსტიკა და სერვისი, წყლის ფილტრების, თერმოსტატებისა და სხვა მაკომპლექტებელი პროდუქტების გამოყენება, რომლებიც ზრდიან ექსპლუატაციის პერიოდს.