in ,

ვარდისფერი სალონი-ბარი ორიგინალური კონცეფციით ქიქოძის ქუჩაზე – დიზაინ სტუდია 10:10-ის ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

ინტერიერის დიზაინის სტუდია 10:10 სულ რაღაც წელიწადნახევრის წინ შეიქმნა, თუმცა მისი თანადამფუძნებლები ამ საქმიანობას მანამდეც ეწეოდნენ. ყველაფერი დაიწყო სასტუმრო “რედისონ ქოლექშენის” ბიბლიოთეკის პროექტით, რომლის ფარგლებშიც ფოტოგრაფმა ნანკა დოლიძემ და პროდუქტის დიზაინერმა სანდრო ლომინაშვილმა მხატვარ თამარ კვესიტაძესთან ერთად იმუშავეს. სწორედ ამ წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ გუნდმა სხვა შეკვეთებიც მიიღო და ასე გაჩნდა მათი ინტერიერის დიზაინის სტუდია – 10:10, რომელიც დღეს 6 პროფესიონალს აერთიანებს.

ნანკა დოლიძე და სანდრო ლომინაშვილი

დღეს 10:10-ის ერთ-ერთ გამორჩეულ პროექტზე გიამბობთ. ეს არის სალონი-ბარი „ლუ ლუ დე პარი”, რომელიც ფრანგული ქსელის ფილიალს წარმოადგენს თბილისში, გერონტი ქიქოძის 10 ნომერში.

პროექტის საერთო ფართობი 135 კვადრატული მეტრია და ის მოიცავს როგორც სალონს, ასევე ბარს, სადაც მომხმარებელს აქვს საშუალება, დააგემოვნოს ნამდვილი ფრანგული შამპანური Chateau Langlet-დან. ასევე აქვეა კუთხე, სადაც შესაძლებელია ტრადიციული მეთოდით დამზადებული აბრეშუმის თავსაფრების შეძენა. აღსანიშნავია, რომ თავსაფრების დიზაინი შეიქმნა სპეციალურად ‘ლუ ლუ დე პარი’-თვის საფრანგეთის ყველაზე ძველ აბრეშუმის ქარხანაში, სადაც ასევე მზადდებოდა Hermes-ის თავშლები.

საპროექტო დავალება მდგომარეობდა იმაში, რომ შეზღუდული ბიუჯეტით შექმნილიყო ე.წ. “სახლური ინტერიერი”, რომელიც გააერთიანებდა ქართულ და ფრანგულ ელემენტებს. პროექტის ავტორების თანახმად, დამკვეთის ყველაზე მთავარი სურვილი იყო, რომ მიღებულიყო ტრადიციული სალონისთვის არადამახასიათებელი სივრცე, სადაც მომხმარებლები არა მხოლოდ პროცედურებისთვის ივლიდნენ, არამედ შამპანურის დასაგემოვნებლადაც.

შენობა, რომელშიც მოგვიწია მუშაობა, საკმაოდ ძველი და ისტორიულია. აქ გვხვდება ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი სადარბაზო. ვინაიდან სალონი ადრე საცხოვრებელი ბინა იყო, ჩვენ შევეცადეთ ეს შეგრძნება შეგვენარჩუნებინა. დაგვხვდა ულამაზესი მოხატული ჭერი, რომელიც, ბუნებრივია, შევინარჩუნეთ და სწორედ ამ დეტალმა გვიკარნახა ინტერიერის შემდგომი განვითარება. აგრეთვე აღვადგინეთ ძველი პარკეტი, რომელიც ინარჩუნებს სახლის შეგრძნებას. გარდა შენობის ინტერიერისა, ასევე გავითვალისწინეთ ექსტერიერი და ხედი ფანჯრებიდან. იმისთვის, რომ ჩვენი ინტერიერი ბუნებრივად შერწყმულიყო არსებულ გარემოსთან, გადავწყვიტეთ გამოგვეყენებინა პალმა, რომელიც ასევე დგას მოპირდაპირე შენობის წინ“, – ნანკა დოლიძე და სანდრო ლომინაშვილი.

ინტერიერში ძირითადად გამოყენებულია თბილი ფერები და ბუნებრივი მასალები. ვარდისფერი კედლები, წითელი დეტალები, ქსოვილი ლეოპარდის პრინტით – ეს ის ელემენტებია, რაც სივრცეს ნამდვილად გამორჩეულ ელფერს სძენს.

პროექტის რენდერი

ყურადღებას იქცევს მაგიდა, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა. იგი სალონის ორი ოთახის გარშემო წრეს კრავს. მაგიდისთვის გამოყენებულია ბუნებრივი ხის მასალა და მარმარილო. ზედაპირი უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული, რაც ტრადიციული მასალებისგან აწყობილ ავეჯის ელემენტს თანამედროვე იერს სძენს. მაგიდასთან შესაძლებელია  ერთდროულად 8 ადამიანის განთავსება, რაც პრაქტიკულობასთან ერთად, ახლო კომუნიკაციის საშუალებას აძლევს მომხმარებლებს.

ძველი ფორმებით ინსპირირებული ბარიც ასევე სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა. აქვეა სხვა ორიგინალური ნივთებიც, რომლებიც პროექტის ავტორებმა დამკვეთთან ერთად შეარჩიეს. პროექტში ასევე გამოყენებულია ანტიკვარული – მეორადი ნივთები, რომელთა უმრავლესობა დიზაინერებმა ადგილობრივ ბაზარზე მოიძიეს.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ დასრულებული პროექტი ახლოს არის პირვანდელ ჩანაფიქრთან. პროექტის ავტორებმა მიაღწიეს დასახულ მიზანს და შეძლეს, ძველისა და ახლის გაერთიანება ერთ სივრცეში. როგორც ჩაფიქრებული იყო, სივრცე წააგავს ფრანგულ კაფეს, სადაც უცხო ადამიანები ახლოს სხედან ერთმანეთთან მყუდრო და სასიამოვნო გარემოში.

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე 

 

შუშის კუბიანი ეკოლოგიური ლოფტი მადრიდში

მარიო ბელლინი – სიცოცხლეში დაფასებული გენიოსი