ქურქები, ლეოპარდის პრინტი, ბეწვი, ხავერდი და ოქრო – მოდელიერი რობერტო კავალლი ჩვეულ ამპლუაშია. ფლორენციის შემოგარენში მდებარე მისი სახლი „ტკბილი ცხოვრების“ განსახიერებაა.
რობერტო კავალი (Roberto Cavalli) ადამიანების იმ იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებზეც თითქოს და დრო ვერ ბატონობს. იგივე რუჯი, იგივე მზის სათვალე, იგივე მიმართვა „amore mio“. როგორც იმპრესიონისტი მხატვარი ჯუზეპე როსსის შვილიშვილი, ის მისი არტისტული ბუნებით ტოველთვის გამოირჩეოდა ცხოვრებაში, სამსახურში და ყველაფერში. კავალი სიახლეების მუდმივი ძიებისკენ არა მხოლოდ მოგვიწოდებს, თავადაც პირად მაგალითს იძლევა. ატარებს ტყავს, მტაცებლების „პრინტებს“ და ფუფუნებაშიც კი ზომიერებას ინარჩუნებს.
ფლორენციის გარეუბანში მდებარე ეს სახლი ნამდვილი საგანძურია. აქ უამრავი საუცხოო ნივთი ინახება. მათი უმეტესი ნაწილი დიზაინერმა თავად შექმნა, თუმცა ეს არ იკმარა და მისი გატაცების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა გადაწყვიტა. ასე დაიწყო კავალიმ „Roberto Cavalli Home„ -ის საავტორო ავეჯისა და აქსესუარების გამოშვება.
„სამწუხაროა, რომ კედლებს ლაპარაკი არ შეუძლიათ! დარწმუნებული ვარ წინა მაცხოვრებლებზე უამრავი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლიათ“.
უკვე ოცდაათი წელია ამ სახლში კავალის მრავალრიცხოვანი ოჯახი ცხოვრობს: მეუღლე, შვილები რობერტო, რაკელი და დანიელი. ასევე კავალის შვილები წინა ქორწინებიდან – ტომაზზო და ქრისტინა. „ჩვენ ასევე რამდენიმე ძაღლი შევიფარეთ, არ მახსოვს ზუსტად რამდენი, – უკვე თვლა ამერია, ასევე კატა და თუთიყუშები!“- ამატებს დიზაინერი.
ის ტერასაზე, ჟასმინის ჩრდილში მოკალათდა, საიდანაც გარემოზე საუკეთესო ხედი იშლება. „მე ყოველთვის მომწონდა ყველაფერი, რაც ბუნებასთან იყო კავშირში, – გვიამბობს დიზაინერი. – ყვავილებიდან ვგიჟდები ორქიდეებზე, განსაკუთრებით თეთრი მიყვარს, ის ძალიან მიმზიდველია. მე ცხოველები და ფრინველები შთამაგონებს. ფოტოკამერით შეიარაღებული, მთაგორიან ადგილებში ხშირად ვსეირნობ და პეპლებს ვიღებ. ყოველ სულიერს ულამაზესი „შესამოსელი“ აქვს, მე კი ჩაცმულობას ყოველთვის ვაქცევ ყურადღებას. ერთხელაც მივხვდი, რომ ღმერთი საუკეთესო დიზაინერია და უბრალოდ მისი კოპირება გადავწყვიტე“.
კავალის სახლში იგრძნობა, რომ მისი გატაცება ნამდვილია და არა „ბუტაფორიული“. ყველგან გვხვდება მოხატული ტექსტილი, დასაჯდომები ზებრებისა და საქონლის ტყავითაა დაფარული, გადასაფარებლებსა და ბალიშებზე, ბუხრის საჰაერო მილზეც კი ნახატია, რომელიც ლეოპარდის ტყავის ორნამენტების იმიტირებას ახდენს. ეს ინტერიერი კავალის პირველ კოლექციებს ეხმიანება, რომლებიც ასეთივე კაშკაშა და გამომწვევია. 1990-იან წლებში მათდამი ინტერესი განელდა, მოდის სამყარო მკაცრმა, თავშეკავებულმა სტილმა და მარტივმა გეომეტრიულმა ფორმებმა დაიპყრო. თუმცა, 1998 წელს კვლავ ეპატაჟური დიზაინი გახდა ტრენდული. დღეს ის 80 წლისაა და ის ძველებურად უნაგირზე მყარად ზის. „ჩვენი, კავალების, წაქცევა არც ისე მარტივია, – ამბობს ის. – სხვათა შორის, ჩვენი გვარი იტალიურად „ცხენს“ ნიშნავს“.
„ტოსკანაში არომატები სახლისთვის სრულებით არ არის საჭირო, საკმარისია ფანჯრის გაღება!“
ამჟამინდელ სახლში ოჯახი 1973 წელს შესახლდა. დიდი ხანი მათ აქ მხოლოდ რამდენიმე ოთახი ჰქონდათ დაქირავებული. „პირველ ცოლთან განქორწინების შემდეგ ქალაქგარეთ საცხოვრებელს ვეძებდი, სადაც შვილების გაყვანას შევძლებდი. ლამაზ მაღლობზე აშენებული, უცხო თვალისგან დაფარულია ეს ფერმერული სახლი მაშინათვე მომეწონა და ზედა სართული ვიქირავეთ. მფლობელები მრავალშვილიანი ოჯახი იყო. ისინი ჩვენს დაბლა, პირველ სართულზე ცხოვრობდნენ. ეს საოცრად ბედნიერი დრო იყო. ბავშვები ერთად თამაშობდნენ. 1980 წელს კი ჩვენ შენობა მთლიანად გამოვისყიდეთ“.
სახლი მე-15 საუკუნის გადაკეთებულ კოშკს წარმოადგენს. აქ თავის დროზე ადგილობრივი ფერმერები ცხოვრობდნენ, რომლებიც ოჯახის ზრდასთან ერთად ახალ-ახალ მიშენებებს აკეთებდნენ. ათი წლის წინ კავალიმ ბაღში დამატებითი ნაგებობა ააშენა, სადაც მისი სახელოსნო მოთავსდა. „სახლი წლიდან წლამდე იზრდებოდა, თანაც პროფესიონალი არქიტექტორის ჩართულობის გარეშე, – ყვება კავალი. – სწორედ ამითაა ის საინტერესო. ნაგებობას მისი ხასიათი აქვს, გარშემო მსგავსი არაფერი მინახავს. ინტერიერიც ზუსტად ანალოგიური პრინციპით მოვაწყვე“.
სახლში ზოგიერთი კედელი ქვისაა და დიზაინერმა ადგილ-ადგილ ეს პირველყოფილი წყობა განზრახ მოაშიშვლა. ჭერის მასიური ძელებიც ასევე გახსნილია.“ეს ძალიან რომანტიკულად გამოიყურება. ძალიან მინდა კედლებს ლაპარაკი შეეძლოთ! დარწმუნებული ვარ ბევრი კურიოზული ისტორიის მოყოლას შეძლებდნენ ძველი კოშკის წინა მაცხოვრებლებზე“. – ფანტაზიორობს კავალი.
„იმიტომ კი არა, რომ ლეოპარდებზე ჭკუას ვკარგავ! უბრალოდ მომწონს ყველაფერი, რაც ბუნებასთან არის დაკავშირებული“.
სახლის ექსკურსია ხის „მადონების“ დემონსტრაციით გრძელდება: მე-15 საუკუნის „შავი მადონა“ უმბრიიდან, კიდევ ერთი მე-13 საუკუნის სიენიდან, მე-19 საუკუნის მოოქროვილი გამოჭრილი სკულპტურა. „მთელი ცხოვრების განმავლობაში ვსწავლობდი ქალის სხეულს და ახლა სრულყოფილად ვიცი მისი ყველა თავისებურება, – ამბობს დიზაინერი. – მამაკაცისთვის განვითარების ამაზე მძლავრი სტიმული არ არსებობს“.
კავალი მგზნებარე კოლექციონერია. სკულპტურებისა და ნახატების გარდა, მის სახლში „Daum“-ისა და ემილია გალლეს ბევრი მხატვრული ნამუშევრებია. აქ ადგილი არა მხოლოდ ანტიკვარიატისთვის, არამედ თანამედროვე დიზაინის ნიმუშებისთვისაც არის. ინტერიერის მნიშვნელოვან ნაწილს „Roberto Cavalli Home“-ის ნივთები შეადგენს. მაგიდის სანათები, ღვინის ბოკალები და საფირმო მონოგრამის მქონე ფაიფური – კოლექცია, რომელიც პირველად მილანში 2012 წელს წარმოადგინეს, წლებთან ერთად საკმაოდ გაფართოვდა და არა მხოლოდ ავეჯს, არამედ ხალიჩებს, ჭურჭელს, სანათებს, თეთრეულს, შპალერს და კერამიკულ ფილასაც კი მოიცავს.
„კოლეგები ხშირად მაბრალებდნენ ზედმეტობებისადმი გადამეტებულ სწრაფვას, – ამბობს დიზაინერი. – ამაზე ყოველთვის ვპასუხობ: სიყვარული და სილამაზე ვერასდროს იქნება გადამეტებული, amore mio! განავითარეთ თქვენში ფუფუნების უგემოვნობისგან გარჩევის ტალანტი. დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, იქნება ეს ადამიანი, საკვები, ტანსაცმელი თუ ინტერიერის ნივთები“.