სამშენებლო ტექნოლოგია და მასალები იხვეწება და ახალ სიმაღლეებს იპყრობს. უახლესი და ინოვაციური ტექნოლოგის გამოყენება დაწინაურებული სამშენებლო კომპანიების სავიზიტო ბარათად იქცა. შესაბამისად, კომპანიები ამ სტანდარტის დამკვიდრებასა და წარმოჩენას ცდილობენ. ეს კი ჩვენთვის, რიგითი მომხმარებლებისთვის ძალიან კარგია, რადგან რესპექტაბელური კომპანიებისგან თავიანთი კომპლექსის დახასიათებისას გაჟღერებული „ევროპული სტანდარტი“, „ფინური სტანდარტი“, „ამერიკული სტანდარტი“ და ა.შ. უკვე კონკრეტული, მაღალი ხარისხის პროდუქტის მიღებას ნიშნავს.
დღეს თუ ხარისხის გარანტია კომპანიის სოლიდურობაა, ეპოქების წინ აშენებული ნაგებობების შემთხვევაში, ეს მათი ამჟამინდელი მდგომარეობაა. დღეს ჩვენი წინაპრების სამშენებლო ტექნოლოგიების მიღწევის რამდენიმე საინტერესო ფაქტი გვინდა გაგაცნოთ, რომლებიც როგორც მინიმუმ, გაოცებას იწვევს.
ფაქტი 1
ჩვენი წინაპრების ზოგიერთი მიგნება დღემდე „ინოვაციურის“ სტატუსს ინარჩუნებს. მაგალითად, ადრე ოთახის კედლების შესალესად ცაცხვის ხსნარს იყენებდნენ (დღევანდელი ცემენტის წინაპარი), რომელსაც სიმტკიცის მოსამატებლად ძროხის ბეწვს ურევდნენ, ხოლო თბომახასიათებლების გასაუმჯობესებლად, ნაძვის ფისს ამატებდნენ.
ფაქტი 2
დღევანდელი მშენებლობა ცემენტის გარეშე ძნელი წარმოსადგენია. ძველად კი ჩვენი წინაპრები ფონს მის გარეშეც კარგად გადიოდნენ. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ჩინეთის კედელია. ეს შთამბეჭდავი ნაგებობა, რომელიც ძვ.წ.აღ. მესამე საუკუნეში შეიქმნა დღემდე იდეალურად არის შემონახული. თუმცა, როგორც ცნობილია, ცემენტის მაგივრად, ჩინელ მშენებლებს ბრინჯის ნახარშისა და სპეციალური შემკვრელის ნაერთი აქვთ გამოყენებული. სამწუხაროდ, ამ ტექნოლოგიამ ჩვენამდე ვერ მოაღწია.
ფაქტი 3
თანამედროვე საცხოვრებელი ისეთი ბანალური ნივთის გარეშე, როგორიც უნიტაზია, წარმოუდგენელია. მისი პირველი ნიმუშები კი ჯერ კიდევ ძველ ჩინეთშია აღმოჩენილი. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ასეთი უნიტაზები დიდგვაროვნების ოჯახებში 2000 წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ გამოიყენებოდა, როცა დანარჩენ სამყაროს ასეთი ფუფუნების ნივთის არსებობა ვერც კი წარმოედგინა.
ფაქტი 4
დღეს თბილ იატაკებს, რომელიც მისი მახასიათებლების წყალობით, გათბობის საუკეთესო სისტემად ითვლება, უკვე ყველა კარგად იცნობს. იცოდით, რომ ეს ტექნოლოგია არც ჩვენს ეპოქაში და არც 100 წლის წინ შექმნილა? ჯერ კიდევ ჩვენ წელთ აღრიცხვამდე რომაელები ამ სისტემას თავიანთ საცხოვრებლებში იყენებდნენ. მის გამართულ მუშაობას კი მონები უზრუნველყოფდნენ, რომლებიც ღუმელებს აღვივებდნენ. გამომუშავებული ორთქლი იატაკქვეშ მოწყობილ არხებში იშლებოდა და მთელ შენობას ათბობდა.
ფაქტი 5
საინტერესოა ასევე ლინოლიუმის ამბავიც. მისი პირველი ნიმუშები მე-17 საუკუნის ბევრ ევროპულ ქვეყანაში ფართოდ გამოიყენებოდა. მას ფისით, ცვილითა და სელის ზეთით გაჯერებული მკვრივი ნაჭრისგან ამზადებდნენ.
ფაქტი 6
მე-18 საუკუნეში ინგლისელები და ფრანგები თავიანთ სახლებში რაც შეიძლება ნაკლებ ფანჯარასა და კარს იყენებდნენ. ეს უცნაური წესი ფანჯრებსა და კარზე დაწესებული მაღალი გადასახადების გამო დამკვიდრდა. სწორედ ამან განაპირობა კედლის ელეგანტური სანათების გამოგონება. ზოგიერთი მოხერხებული კი ამ ერთადერთი ფანჯრის მოპირდაპირედ დიდ სარკეს დგამდა, შემოსულ მზის შუქს სივრცეში შლიდა და ოთახს ვიზუალურადაც ზრდიდა.
ფაქტი 7
დასასრულს ერთი შემთხვევის შესახებ გვინდა მოგიყვეთ, რომელიც კიევში მონღოლური ურდოების შემოსევის დროს მოხდა. ქალაქის აღების შემდეგ მონღოლებმა ღამის გათევა მართლმადიდებლურ ტაძრებში გადაწყვიტეს, სადაც სახურავების საიზოლაციო ფენად იმ დროს ტყვია გამოიყენებოდა. მონღოლებს ყველგან დიდი კოცონის დანთების ტრადიცია ჰქონდათ და ცოტა ხნის შემდეგ დამპყრობლების თავზე გამდნარმა ტყვიამ დაიწყო წვეთა. რა თქმა უნდა, მაშინდელ დამპყრობლებს სამშენებლო ტექნოლოგიის არაფერი გაეგებოდათ და მომხდარი ღვთის საშინელ რისხვად ჩათვალეს.