in

საძინებლის დაპროექტებისას დაშვებული გავრცელებული შეცდომები

საძინებელი ის ადგილია, სადაც მომდევნო დღისთვის ძალები უნდა აღვიდგინოთ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ სივრცის იმგვარად მოწყობა, რომ ოთახის თითოეული ელემენტი დასვენებისა და ღრმა ძილში გადასვლას უწყობდეს ხელს. დღეს რამდენიმე გავრცელებულ შეცდომაზე გვინდა გესაუბროთ, რომლებსაც საძინებელში დისკომფორტი შემოაქვს.

არასწორი განათება

საძინებლის მოწყობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა უშუალოდ სასთუმლის თავზე ჭერის მიმართული განათების მონტაჟია. დაგვეთანხმეთ, თვალებზე დაცემული მძაფრი შუქი მოსვენებისკენ ნამდვილად არ განგვაწყობს. გამორთულ მდგომარეობაშიც კი სანათი გონების მიერ “ვიზუალურ არეულობად” აღიქმება. საწოლთან უმჯობესია ტუმბოს სანათის ან ბრის გამოყენება, ჭაღისთვის კი უკეთესი ადგილია მოსაძებნი.

ფარდები

საძინებლისთვის ფარდის არჩევის დროს ზოგს ისეთი მნიშვნელოვანი რამ ავიწყდება, როგორიც ძილის წინ საძინებლის ჩაბნელების აუცილებლობაა. ამ მიზნისთვის შესაძლებელია პორტერების, ჟალუზებისა და დარაბების გამოყენება. მათთვის კი ვისაც დღისით სიბნელეში ძილი უყვარს, ელექტრო კარნიზი მშვენიერი არჩევანია. ის დისტანციურად მუშაობს და შესაძლებელია მისი დაპროგრამებაც. ავტომატური აწევისას დილით ოთახში შუქის შემოშვებით ის მაღვიძარას ფუნქციასაც შეითავსებს.

შუქი კითხვისთვის

არ უნდა შევიქმნათ მცდარი მოლოდინი, რომ სამაგიდე სანათი ან ბრა კითხვისთვის საკმარისს განათებას მოგვცემს. თუ ძილის წინ ხშირად კითხულობთ, უმჯობესია, სასთუმალთან მიმართული შუქის გათვალისწინება. ეს მნიშვნელოვანი ნიუანსია.

საწოლსა და კედლებს შორის მანძილი

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კედელსა და საწოლს შორის არსებული კომფორტული გასასვლელი მინიმუმ 900 მილიმეტრს უნდა შეადგენდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაერგონომიკულ სივრცეს მივიღებთ, რომელიც დილით ადგომისას დისკომფორტისა და ნეგატიური ემოციების მაპროვოცირებელი იქნება.

შუქის ჩამრთველების მდებარეობა

ჩვენი აზრით, ნებისმიერი საძინებლისთვის საწოლიდან შუქის მართვის შესაძლებლობა კომფორტული სივრცის აუცილებელი პირობაა. თითქოს უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ ის უზარმაზარ კომფორტს გვთავაზობს. რამდენჯერ მომხდარა, რომ ძილის წინ კითხვისას, სრულებით მოდუნებულს ადგომა და შუქის ჩაქრობა მოგიწიათ. რამდენად არასასიამოვნო პროცესია ეს?! განსაკუთრებით მაშინ, როცა საძინებელი დიდია და ჩამრთველი შორსაა.

საშინაო ტანსაცმლის ადგილი

კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომა გადასაფარებლებისა და საშინაო ტანსაცმლისთვის არასაკმარისი ადგილია. ეს შეიძლება იყოს კარადა, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო მოხერხებული გადაწყვეტილება საწოლთან არსებული გრძელი სკამი (ე.წ. “ბენჩი”), პუფი ან გვერდზე მდგომი სავარძელია. ტანსაცმლისთვის კი ხშირად დასადგამ საკიდებს ვიყენებთ.

სათავსო

ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, თუ ამის საშუალებას ბინის ფართი იძლევა, ცალკე განთავსებული გარდერობია. საძინებლისგან გამოყოფილი ნებისმიერი სათავსო სივრცე უზარმაზარი კომფორტია. თუ ამის საშუალება არ არის, მაშინ ტევადი კარადა ან კომოდი ამ ამოცანას თავს შესანიშნავად გაართმევს.

უჯრები და თაროები

საწოლის მახლობლად გამოსაწევი უჯრებისა და თაროების არ არსებობა ასევე უკმაყოფილებას გამოიწვევს მათში, ვინც აუცილებელ ნივთებზე წვდომას ხელის გაწვდენის მანძილზეა მიჩვეული. ამიტომ საძინებლის დაგეგმვისას მისი მომავალი მკვიდრების მოთხოვნები უნდა გაითვალისწინოთ: ძილის წინ და მის შემდეგ ყოველდღიური რიტუალი, მკვიდრების რაოდენობა, ზომები და მათი სახმარი ნივთები. ვიღაცას ტელეფონთან ჯდომა უყვარს, ვიღაცას რომანის კითხვა, ზოგს კი უბრალოდ ძილის წინ სერიალის ყურება მოსწონს.

ტელევიზორი

თუ საძინებელში ტელევიზორის ჩამოკიდებას გეგმავთ, ელექტრობა კარგად უნდა დაიგეგმოს. საწოლის ცენტრალური ღერძი ტელევიზორის ცენტრს უნდა ემთხვეოდეს (ასეთია ამ დანადგარის ყველაზე კომფორტული მდებარეობა). მისი სიმაღლე კი საწოლის ზედაპირზე და თქვენს სიმაღლეზეა დამოკიდებული, რადგან საძინებელში ტელევიზორის ყურება როგორც წესი, ნახევრად წამოწოლილ მდგომარეობაში ხდება.

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

ომამდელი სახლი ბრუკლინის პარკთან

ნათელი და მყუდრო ბინა სკანდინავიურ სტილში