ამ ომამდელმა სახლმა, რომელიც ბრუკლინის ცნობილი პარკიდან რამდენიმე ნაბიჯში მდებარეობს, დინა ჰოფერის გული თავიდანვე დაიპყრო. „თავიდან აქ „ღია კარის“ დღეს მოვედი, რადგან კიდევ ერთი ახალი ბინის დათვალიერება მინდოდა და ყურებამდე შეყვარებული დავრჩი“ – ამბობს ის. „ძველი ლიფტითა და მარმარილოს ნაირ-ნაირი დეკორატიული მოზაიკით ის საოცრად მომხიბვლელი იყო“.
იმ დროს ამ სახლში ანალოგიური ბინა გაიყიდა, რომელიც დინას დათვალიერებული ჰქონდა და როდესაც უკვე ეს ბინა გამოჩნდა, ჰოფერმა ის ხელიდან აღარ გაუშვა. ერთადერთი ნაკლი, რაც ამ 111 კვ.მ. საცხოვრებელს ჰქონდა, იყო შეზღუდული გეგმარება და ამ სახლის ბინებისთვის დამახასიათებელი უნიკალური ხასიათის არ ქონა იყო.
„რემონტის შესახებ იმდენი საშინელი ისტორია მქონდა მოსმენილი, რომ აქ მისი ჩატარების მეშინოდა“ – ამბობს დინა. „თუმცა, მე დიზაინით ყოველთვის ვიყავი გატაცებული და რაც უფრო მეტს ვფიქრობდი ამაზე, მით უფრო ვიმუხტებოდი. საბოლოოდ, ჩანაფიქრი ბოლომდე ავისრულე“.
დინამ თავისი გეგმის განხორციელებისათვის ბრუკლინის დიზაინერული კომპანია “Space Exploration“-დან კევინ გრინბერგი დაიქირავა. რემონტამდე ბინა „ფერმკთალი და გადაღლილი“ იყო, – ამბობს კევინი. „ის საჭიროზე პატარა ჩანდა და სიმყუდროვე აკლდა“.
დიზაინერმა კონცენტრირება ბინის გეგმარების გამარტივებაზე მოახდინა და რამდენიმე ოთახის პროპორციები შეცვალა: ორი ვრცელი საძინებლის ფართი შემოსასვლელის სასარგებლოდ შემცირდა, სასადილო და მისაღები კი ერთ დიდ სივრცედ გაერთიანდა. გარდა ამისა, სამი ელეგანტური თაღი მოეწყო, რითაც სივრცეში მეტი სიმეტრია შემოვიდა. მასალების პალიტრის შერჩევა კი ქალაქის კლასიკური ბინების შესაფერისად განხორციელდა.
„ჩვენ გვსურდა, რომ ამ ბინაში ფუფუნებას არ „ეყვირა“, – ამბობს კევინი და კედლების თეთრ კედლებზე, მინავლებული რუხი ფერის მუხის იატაკზე და მარმარილოს ბუხარ „Calacatta Paonazzo“-ზე მიუთითებს. მიზანი სივრცისთვის ლამაზი, თანამედროვე იერის მიცემა იყო, ისეთის, როგორსაც ნიუ-იორკი ასხივებს.
დინასთვის, რომელიც აქ მეუღლესთან და კატასთან ერთად ცხოვრობს, პროექტი „საშინელ“ ისტორიად არ ქცეულა. დეტალებმაც კი, რომლებიც ადრე ზედმეტი ჩანდა, ინტერიერში ღირსეული ადგილი დაიკავა და მათზე დახარჯული ძალისხმევა გაამართლა. ბუხარი, თაღები და წიგნების თაროების კედელი ინტერიერში მშვენივრად მოერგო მიუხედავად იმისა, რომ მათი არსებობა აუცილებლობას არ წარმოადგენდა.