ფართი და შენობის გეომეტრია ის მოცემულობაა, საიდანაც დიზაინერი მუშაობას იწყებს. ინტერიერზე მუშაობისას ის პირველ რიგში, სივრცეს სწავლობს: ფართი და პროპორციები, ჭერის სიმაღლე, ფანჯრების ზომა, ასევე შენობის არქიტექტურული თავისებურებები (ნიშები, სვეტები, გეომეტრია). გაანალიზეთ, რა ღირსებები და ნაკლები აქვს მას. დაფიქრდით, როგორ შეიძლება გამოიყენოთ ძლიერი მხარეები და რა მოუხერხოთ სუსტებს. ჩვენი დღევანდელი პრაქტიკული რჩევები ამ საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ.
1. ვზრდით ოთახის ფართს
ყველამ ვიცით, რომ სარკე სივრცის ვიზუალური გაზრდის ყველაზე მარტივი და ქმედითი ხერხია, თუმცა ეს თვისება ყველა ამრეკლ ზედაპირს აქვს. მაგალითად, კარადების პრიალა კარი ან მაგიდის გამჭვირვალე ზედაპირი კონსტრუქციას ვიზუალურად ამჩატებს. სხვათა შორის, ოთახს ვიზუალურად ფეხებიანი ავეჯიც ზრდის. მეორე ეფექტური ხერხი მეზობელ ოთახებში ერთი და იგივე იატაკის დაგებაა. ამ ხერხით ოთახებს შორის საზღვრები იშლება.
2. ვაკორექტირებთ ოთახის გაბარიტებს
ოთახის გეომეტრია იდეალურია, როცა ის კვადრატულს უახლოვდება. როგორ მოვიქცეთ, როცა ოთახი დაგრძელებულია? ამის წამალიც არსებობს! პირველ რიგში, სივრცის ზონირების პრინციპები უნდა გავიხსენოთ: პოდიუმი, ხალიჩა, ავეჯის განლაგება – სივრცის ზონებად დაყოფა დაგრძელებულ ოთახს ვიზუალურად გამოასწორებს. ასეთ ოთახში ავეჯის კედლის გასწვრივ განლაგება დაუშვებელია, ეს ოთახის გეომეტრიას გააუარესებს და გვირაბად გადააქცევს. ძალიან ეფექტური მეთოდია ჩაშენებული ავეჯის გამოყენება.
3. ჭერის სიმაღლის გამოსწორება
ცოტა ვინმეს თუ შეუძლია საკუთარი ბინის მაღალი ჭერით დაიკვეხნოს. თუმცა, ეს განაჩენი არ არის. ჩვენს არსენალში მხედველობითი ილუზიების ხერხებიც არსებობს, რომლებიც სივრცეში ჭერისა და ფანჯრის ღიობების ამაღლების ეფექტს ახდენს.
- გაზარდეთ კარის ღიობის სიმაღლე. ასე შენობის პროპორციების შეცვლას შეძლებთ. მართალია, ასეთი კარი სტანდარტულზე ძვირი ღირს, მაგრამ გვერწმუნეთ, შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს.
- ფარდების კარნიზი ჭერამდე მაქსიმალურად გაზარდეთ. ასევე ის კედლების ფერში შეღებეთ – ეს ილეთი ჭერს ვიზუალურად რამდენიმე სანტიმეტრით აწევს.
- წაეთამაშეთ ელფერებს. ფერი ოთახის სივრცის კორექტირების უძლიერესი ინსტრუმენტია. მუქი და ნათელი ელფერებით ჩვენ ნივთების ვიზუალური მოახლოვება და დაშორება, სივრცის შევიწროვება და გაფართოვება, ასევე ჭერის სიმაღლით ვარირება შეგვიძლია. თუმცა, ფერების ილუზია ვრცელი თემაა, რომელიც ცალკე სტატიას იმსახურებს.
სივრცესთან მუშაობისას დაშვებული გავრცელებული შეცდომები
- ავეჯის განლაგება. ხშირად გეგმარების დროს ავეჯს უბრალოდ პერიმეტრზე ალაგებენ, ოთახის ცენტრს კი თავისუფალს ტოვებენ. ეს ერთადერთი ვარიანტი არ არის. გაიაზრეთ ოთახის ფუნქცია, ქცევის სცენარი, მოვლენები და აქედან გამომდინარე ოთახის ზონირება მოახდინეთ. სწორად დაგეგმილ ოთახში სიღრმე ჩნდება, ასეთ ოთახში ოჯახის წევრი ნებისმიერი საქმით ისე დაკავდება, რომ სხვას ხელს არ შეუშლის.
- საცხოვრებელი სივრცის ერთიანი დიზაინი. ცალკეული ოთახის დიზაინის გათვლისას, უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ოთახები ერთმანეთისგან იზოლირებული არ იქნება, დიზაინიც სწორედ ერთიან სტილისტიკურ კონცეფციას უნდა ეთანხმებოდეს. ინტერიერის სტილისა და იდეის განსაზღვრის შემდეგ დაფიქრდით, როგორ განვითარდება ის თითოეულ ოთახში.
- მასშტაბი და პროპორციები. ჩვენ ვიზუალურ ილუზიებზე ვისაუბრეთ. ინტერიერის ცალკეული ელემენტის პროპორციების ხელოვნურ შეცვლაზე და სასურველი ოპტიკური ეფექტების მიღწევაზე. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ პროპორციებთან და მასშტაბებთან მუშაობისას მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა. ეს განსაკუთრებით საბავშვო ოთახებს ეხება. აქ მთავარი საზომი პატარა მასპინძელია და ყველაფერი, ნახატებისა და ორნამენტების ჩათვლით, მისი სიმაღლის შესაფერი უნდა იყოს. ჩვენ ხომ არ გვინდა, რომ ჩვენი პატარა გოლიათების სამყაროში აღმოჩნდეს!
ზემოთ ჩამოთვლილი ხერხები შესასრულებლად ძნელი არ არის, სამაგიეროდ, მათი საშუალებით და შენობის თავისებურებების ცოდნით, კომფორტული და ჰარმონიული სივრცის შექმნას შეძლებთ. დამთვალიერებელი მხოლოდ ღირსებებს შეამჩნევს, სუსტი მხარეები კი მხოლოდ თქვენთვის იქნება ცნობილი.