სასადილო ოთახი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაფასებული ზონაა ინტერიერში, ვინაიდან ის ისე აქტიურად არ გამოიყენება, როგორც მაგალითად, საძინებელი ან სამზარეულო. ამ ყველაფერს ის ფაქტიც ემატება, რომ უმეტეს შემთხვევაში, საცხოვრებელი სივრცის ფართობი არ იძლევა ცალკე სასადილო ოთახის არსებობის საშუალებას და შესაბამისად, ხშირად სასადილო მაგიდა ინტეგრირებულია მისაღებ ზონასთან ან სამზარეულოსთან. თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს თქვენი შესაძლებლობები, სასადილო ზონის არსებობა სრულიად აუცილებელია, ვინაიდან საკვების მიღება ტახტზე, საწოლზე ან სამზარეულოს კუნძულთან არც ისე კომფორტულია. სწორი გეგმარების შემთხვევაში, სასადილო კუთხე შესაძლოა მოეწყოს სახლის სხვადასხვა წერტილში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის შეიძლება გახდეს ტელევიზორის ზონის ალტერნატივა, სადაც მთელი ოჯახი მოიყრის თავს როგორც სავახშმოდ, ასევე სამაგიდო თამაშებით გართობისთვის.
კომფორტული და ფუნქციური სასადილო ზონის მოსაწყობად თქვენ დაგჭირდებათ სულ რაღაც 5 დეკორის ელემენტი – მაგიდა, სკამები, ჭურჭლის შესანახი კარადა, ხალიჩა და კარგი განათება მაგიდის თავზე. ამასთან დაკავშირებით, დღეს ჩვენ შევარჩიეთ რამდენიმე საინტერესო დიზაინ იდეა, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ თქვენი მომავალი სასადილო ზონის შექმნის პროცესში და დაგარწმუნებთ, რომ ამისთვის აუცილებლად ცალკე ოთახი არ არის საჭირო.