სახლი, რომელიც 1914 წელს არის აშენებული სან-ფრანცისკოს რიჩმონდის უბანში მდებარეობს და ცოტა ხნის წინ მას მასშტაბური რენოვაცია ჩაუტარდა. ინტერიერის მოსაწყობად კი მისმა მეპატრონემ სტუდია Landed Interiors-ს მიმართა.
სახლის მფლობელის უდიდეს შთაგონებას ინგლისური სტილის სოფლის სახლები წარმოადგენს, რამაც ბუნებრივია, დიდი გავლენა მოახდინა მისი ოცნების სახლზე სან-ფრანცისკოში. პირველი, რაც ამ ინტერიერში გვხვდება თვალში, ეს ფერების სიმრავლეა – ნაზი ვარდისფერი, მწვანე ტონები და ლურჯი – ის შესანიშნავი კომბინაცია, რაც ასე ოსტატურად გამოსდით ინგლისელებს.
ამას გარდა, აქ გვხვდება ულამაზესი შპალერი, საინტერესო დიზაინ ობიექტები და დახვეწილი ავეჯი, რაც საბოლოო ჯამში, ინტერიერს უნიკალურ – ექსცენტრულ, მაგრამ ამასთანავე თბილ – ხასიათს სძენს.
სახლის გამორჩეული სივრცე სამზარეულოა. სწორედ ამ ოთახში ჩანს ძალიან კარგად ინგლისური სოფლის სახლისთვის დამახასიათებელი დეტალები – ჭადრაკისებური იატაკი, აგურის კედელი და ძველებური ელემენტები. აღსანიშნავია, რომ პირვანდელი გეგმარების თანახმად, სამზარეულო სახლის ცენტრში მდებარეობდა, თუმცა დიზაინერმა ის შენობის უკანა ნაწილში გადაიტანა, რამაც შესაძლებელი გახადა ამ ზონიდან ეზოთი ტკბობა.
მისაღები ოთახის კედლები ვარდისფერ ტონშია გადაწყვეტილი. ეს ულამაზესი ფერი დაბალანსებულია დახვეწილი პრინტის მქონე ტექსტილით, რაც სივრცეს კიდევ უფრო “ინგლისურ” ხასიათს სძენს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ინტერიერში გამოყენებული შპალერები, რომლებიც საკმაოდ დატვირთულია როგორც ფერებით, ასევე ორნამენტებით, თუმცა ყველა მათგანი ძალიან ბუნებრივად ეწერება საერთო კონცეფციაში და მნახველს დიდ ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს.