ბინის ყიდვა მისი შემდგომი გაქირავების ან გაყიდვის მიზნით თავისუფალი სახსრების დაბანდების კარგი საშუალებაა. გაქირავებით მიღებული შემოსავლის დონე, როგორც წესი, ბანკების მიერ დეპოზიტებზე დარიცხულ პროცენტებზეა დამოკიდებული. ამ მიზნებისთვის განკუთვნილი ბინის არჩევის დროს რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი.
პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ ერთი და იგმავე ობიექტზე ადამიანებს განსხვავებული მოსაზრება აქვს, ამიტომ საინვესტიციო ბინის არჩევის დროს მთავარი წესია: ბევრს ვკითხოთ, ბევრი წავიკითხოთ, ყველას მოვუსმინოთ, საბოლოოდ კი საკუთარ აზრსა და ინტუიციას მივენდოთ.
საინვესტიციო ბინას, პირველ რიგში, მომავალი კლიენტის თვალით უნდა შეხედოთ, დაბანდება სარფიანი მხოლოდ მაშინ იქნება, როცა მომავალი მყიდველის ან დამქირავებლის ინტერესები იქნება გათვალისწინებული. მაგალითად, თუ სტუდენტებზე გაქირავება იგეგმება, მაშინ წამყვანი ფაქტორი სასწავლებელთან სიახლოვეა. ახალგაზრდა წყვილს კი მეტწილად კარგი რემონტი და განვითარებულ ინფრასტრუქტურასთან სიახლოვე აინტერესებს. ორთავესთვის კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობაა მნიშვნელოვანი.
ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ბინის ადგილმდებარეობა. რა თქმა უნდა, თუ ბინა ქალაქის ცენტრთან ახლოსაა, ამასთან ირგვლივ სიჩუმე, სიმწვანე და მყუდრო გარემოა, შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ნამდვილი მარგალიტისთვის მიგიგნიათ. ასეთი ბინა გასაყიდადაც და დღიური გაქირავებისთვისაც კარგია. დროთა განმავლობაში მისი ფასი საგრძნობლად მოიმატებს.
ძვირადღირებული რემონტის მქონე ბინა ინვესტირებისთვის არასასურველია. ასეთი უძრავი ქონებისთვის დამქირავებლის ან მყიდველის პოვნა გაცილებით რთულია. გაქირავების ან გაყიდვის წინ უმჯობესია ე.წ. კოსმეტიკური რემონტის ჩატარება, ოთახების განახლება და შპალერის შეცვლა.
ყველაზე ოპტიმალური ორი ან სამ ოთახიანი ეკონომ კლასის ბინების შეძენაა. ეს ყველაზე მოთხოვნადი სეგმენტია. მყიდველთა უმეტესობისთვის საცხოვრებლად ყველაზე მოხერხებული სამ ოთახიანი ბინებია, თუმცა შეზღუდული რესურსის გამო, ადამიანები უმეტესად 1-2 ოთახიან ბინებს ყიდულობენ. ამასთანავე, სულ უფრო პოპულარული ხდება სტუდიოს ტიპის საცხოვრებელი სივრცეები.
საინვესტიციოდ ბინის ძებნის დროს (თუ ბინას განსაკუთრებული ისტორიული ან ემოციური დატვირთვა არ აქვს) უმჯობესია, ძველი საცხოვრებლებისგან თავი შეიკავოთ და ყურადღება ახალ აშენებულ, მაქსიმუმ 5 წლის ბინებზე გაამახვილოთ.
რაც შეეხემა მშენებარე ბინას, მისი ყიდვა ფასის გამო საკმაოდ მომგებიანია (ასეთ ბინას 20-30 პროცენტით იაფად შეიძენთ), თუმცა ეს საკმაოდ დიდ რისკთანაც არის დაკავშირებული, ვინაიდან ამ შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენ მხოლოდ „ჰაერის“ მფლობელი გახდეთ. სწორედ ამიტომ, ასეთ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა მშენებლის სახელსა და რეპუტაციას აქვს. საქართველო პატარა ქვეყანაა და აქ შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება რთული არ არის. მაგალითად, როდესაც საქართველოში არსებულ ჭეშმარიტად ევროპული სტანდარტის მქონე დეველოპერულ კომპანიაზე ვსაუბრობთ, პირველი, რაც გვახსენდება, ეს ნამაი ვაკეს კომპლექსია, რომელიც საკუთარ მომხმარებელს ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებით მიღწეულ კომფორტს სთავაზობს. შესაბამისად, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერ მსგავს ავტორიტეტულ სამშენებლო კომპანიასთან თანამშრომლობა ყოველთვის მომგებიანი და გამართლებული იქნება.
რომ შევაჯამოთ, ბინის შეძენის დროს ინვესტიციის სარფიანობაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, როგორიცაა: ადგილმდებარეობა, განვითარებულ ინფრასტრუქტურასთან ადვილი წვდომა, ბუნებასთან, საბავშვო ბაღებთან, სკოლებთან და სავაჭრო წერტილებთან სიახლოვე, შენობის ხარისხი, გეგმარების ხარისხი და ა.შ. ზემოთ ნახსენები პირველი წესის თანახმად, ბინისა და მისი გარემოს შესწავლის შემდეგ, თითოეულ ფაქტორს წონა უნდა მიანიჭოთ და ამის შემდეგ გადაწყვეტილება თქვენი შეხედულებისამებრ მიიღოთ. ასეთი მიდგომით თქვენი ინვესტიცია აუცილებლად მომგებიანი იქნება.