სახლში ყველაზე მთავარი ატმოსფეროა. დღეს ათი ისეთი ნივთი გვინდა გაგახსენოთ, რომელსაც ინტერიერში სტუმართმოყვარე განწყობა და სითბო შემოაქვს.
რბილი სავარძელი
ალბათ გამოგიცდიათ, რა სასიამოვნოა, როცა ზამთრის სუსხიან საღამოს საყვარელ წიგნთან და საგულდაგულოდ შერჩეული ჩაის თბილ ჭიქასთან ერთად ფუმფულა სავარძელში მოკალათდებით. ამ ნეტარი წუთების გამძაფრებისთვის ტორშერის და პატარა მაგიდის დამატებაც შეიძლება.
ხავერდის ქსოვილი
ხავერდის რბილი ტექსტურა ადამიანის ცნობიერებაში ფუფუნებასთან და სიმდიდრესთან ასოცირდება. ღრმა ელფერების მქონე დეკორატიული ბალიშების წყვილი ინტერიერს ელეგანტურობასა და სითბოს შემატებს, რომელიც ზამთარში განსაკუთრებით სასიამოვნოა.
ხელოვნების ნიმუშები
შიშველი კედლების მქონე ოთახი დაუსრულებლობის განცდას ბადებს და ხშირად მოსაწყენიცაა. ამ შემთხვევაში ხელოვნება დაგვეხმარება: ნახატები, ფოტო სურათები, პოსტერები ინტერიერს გაახალისებს და ინდივიდუალურობას შესძენს.
ცოცხალი თაიგული
ყვავილები ინტერიერში ფერებისა და ხალისის შემოტანის მარტივი და ეფექტური საშუალებაა. შეგიძლიათ მზა თაიგული შეიძინოთ ან თქვენი საყვარელი ყვავილებისგან უნიკალური კომპოზიცია შექმნათ.
არომატული სანთლები
არომატული სანთლები მყუდრო ატმოსფეროს შექმნისთვის საუკეთესო საშუალებაა. ისინი სივრცეს არა მარტო თბილი ნათებით, არამედ არომატებითაც შეავსებენ, რომელიც მძიმე სამუშაო დღის განმავლობაში დაგროვილი სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.
მუსიკა
სწორად შერჩეული მელოდია დღის ხალისიანად დაწყებაში დაგეხმარებათ, ასევე საღამოს დასვენებისთვის კარგ გარემოს შექმნის. დღეს სახლისთვის უამრავი ტიპისა და დიზაინის აუდიო ტექნიკა არსებობს – სამგანზომილებიანი აკუსტიკური სისტემებითა და ხმის „ჭკვიანი“ გამაძლიერებლებით დაწყებული, ვინილის ფირსაკრავით დასრულებული. ამოირჩიეთ თქვენი გემოვნებისამებრ.
მაგიდის სანათი
მაგიდის სანათი არა მხოლოდ კითხვისა ან მუშაობისთვისაა კარგი, არამედ ის სწორი განწყობის შექმნაშიც დაგეხმარებათ. მისი რბილი ნათება ნებისმიერი ფართის, გაფორმების სტილისა და ფერთა გამის მქონე სივრცეს სიმყუდროვეს შემატებს.
თბილი გადასაფარებელი
ისეთ მარტივ დეტალს, როგორიც გადასაფარებელია, საძინებლის ან მისაღების საოცარი გარდასახვა და აქ სითბოსა და სიმყუდროვის შემოტანა შეუძლია. ამ ელემენტის ინტერიერში ჰარმონიულად შემოტანისთვის ყურადღება არა მარტო ნახატსა და ფერს, არამედ ნაჭრის ფაქტურასაც უნდა მიექცეს.
ქოთნის მცენარეები
სახლის გამწვანება ბოლო წლებში სულ უფრო პოპულარული ხდება. ოთახის მცენარეები ინტერიერს აახლებს, სივრცეში ფერები შემოაქვს და ამავე დროს ჰაერს ასუფთავებს.
რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი