in

როგორ მოვაწყოთ კედლის თაროების სისტემა ინტერიერში – გზამკვლევი ყველა ოთახისთვის

დღეს ინტერიერში კედლის თაროების გამოყენების შესახებ მოგითხრობთ და ვეცდებით ერთად გავერკვეთ თუ როგორ შეიძლება ისინი არა მარტო შენახვის, არამედ ინტერიერის ლამაზ ელემენტად იქცეს.

სამზარეულო

ჭურჭლის, პროდუქტებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამო სამზარეულოში ხშირად არასაკმარისი ფართი რჩება, ამიტომ ამ ოთახში შეკიდული თაროები საკმაოდ ფუნქციური გადაწყვეტილებაა. ყველაზე გავრცელებული ხერხი თაროების ნიჟარის თავზე მოთავსებაა. ასე საჭირო ნივთები თვალწინ, ხელის გაწვდის მანძილზე იქნება. ამ ხერხის ლამაზად გადათამაშებისთვის შესაძლებელია სამზარეულოს გარნიტურის კონტრასტული ფერის გამოყენება. ხოლო თუ თაროების ვიზუალური „დამალვა“ გსურთ, მაშინ ისინი კედლის ან გარნიტურის ფერში უნდა გააფორმოთ.

არსებობს კიდევ ერთი, ოდნავ რთული „ხერხი“ – თაროებში დეკორის ელემენტის დამატება. მაგალითად, როგორც ეს ამ სურათზეა ნაჩვენები. დიზაინერმა თაროები ლითონის წრის შიგნით მოათავსა, რომელიც ამავე დროს კომპოზიციის ჩარჩოს როლს ასრულებს.

თუ სამზარეულოში საკმარისი ფართის ფლობის ფუფუნება გაქვთ, შესაძლებელია ერთი თარო სამზარეულოს წინსაფრის ქვედა ნაწილში მოთავსდეს, ლარნაკებით შეივსოს და ჭურჭლის ფერში გამშვენდეს.

სასადილო და მისაღები ოთახი

პატარა ფართში, ყოველი მეტრის გონივრული ათვისება მთავარი საზრუნავია, ამიტომ კედლის კარგი თაროების სისტემა მომცრო ბინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. აქ მსუბუქი, მინიმალისტური კონსტრუქციები უნდა გამოვიყენოთ, რომლებიც სივრცეს არ დაამძიმებს.

სასადილო და მისაღები ხშირი შეხვედრების ადგილია, ამიტომაც მოწესრიგებული ღია თაროები უმთავრესი გამოწვევაა. თუ თქვენ თაროებზე მოთავსებული აქსესუარებისა და დეკორის გამოყოფა გსურთ, უმჯობესია კედლების ტონის მქონე მოდელები აირჩიოთ.

ქვემოთ მოცემულ ვარიანტში დიზაინერულმა სტუდიამ პირიქით, თაროების მზერისგან მორიდება სცადა და ისინი ბუხრის თავზე გაკეთებულ ხელოვნურ ნიშაში მოათავსა. თაროების კონტრასტული ფერების მიუხედავად, დიზაინერებმა საერთო სივრცეში „საიდუმლო“ ადგილის შექმნა შესძლეს.

საძინებელი

საძინებელში თაროებისთვის იდეალური ადგილი კედლის ნიშაა. პირველ რიგში, ეს წიგნებისა და აქსესუარებისთვის დამატებითი სათავსო ადგილია, რომლის წყალობითაც თაროების დამატება დღის წესრიგიდან იხსნება. მეორე მხრივ, ეს კიდევ ერთი სივრცეა, სადაც ჩვენს ფანტაზიებს შეგვიძლია ფრთები შევასხათ. თუ სათავსოს ორგანიზებას შემოქმედებითად მივუდგებით, თაროზე მოთავსებული ნივთებისგან საინტერესო კომპოზიციის შექმნას შევძლებთ.

შეკიდული თარო საწოლის თავზე არსებული სივრცის შევსებაშიც დაგვეხმარება. ამ შემთხვევაში უმჯობესია საწოლის სიგრძის ერთი, მაგრამ ტევადი თაროთი შემოვიფარგლოთ.

საბავშვო ოთახი

თუ მისაღებსა და სასადილო ოთახებში კედლის თაროები უმეტესწილად დეკორატიულ როლს ირგებს, საბავშვო ოთახში ის უპირატესად ფუნქციურ მიზნებს ემსახურება (განსაკუთრებით მაშინ, როცა სათამაშოები და ნახატები კარადაში ვეღარ ეტევა). თაროების არჩევისას არ დაგავიწყდეთ, რომ მათი მომხმარებლები ბავშვები იქნებიან, ამიტომ არ ღირს მათი ზედმეტად მაღლა ჩამოკიდება.

სასკოლო ასაკის ბავშვების ოთახში თაროები უფრო აუცილებლობაა, ვიდრე დეკორის ელემენტი. ისინი წიგნებისა და სხვა სასწავლო ინვენტარისთვის გამოდგება. სამუშაო ადგილის მოწყობის არაორდინალური ხერხია კონტრასტული შეკიდული თაროები.

აბაზანა

სააბაზანო ალბათ ის გამონაკლისია, სადაც თარო შემთხვევების 99,9 პროცენტში წარმატებულად ჯდება. ყველაზე გავრცელებული და პრაქტიკული ვარიანტი მისი ნიჟარის თავზე დაკიდებაა. ფართო თაროს შეუძლია მძიმე ტუმბოს შეცვლა, ასევე შემრევსა და სარკეს შორის არსებული სიცარიელის მოხდენილად შევსება.

რაც შეეხება საშხაპეს, აქ გელების, შამპუნებისა და კონდენციონერებისათვის კედლის თაროები აუცილებლობაა. პრაქტიკული რჩევა: შეარჩიეთ ისეთი თაროები, რომლებსაც ფსკერზე ნახვრეტი ექნება, ასე იქ წყალი არასდროს დაგროვდება.

ყველაზე ტრენდული პატარა კერამიკული ფილების დიდი არჩევანი ვიტრას შოურუმიდან

აუდიო სისტემების როლი სახლის ინტერიერში