ანა თევზაძე, პროფესიით არქიტექტორი და სტუდია ANDS-ის თანადამფუძნებელია. მისი მოგზაურობა არქიტექტურის სფეროში სტუდენტობის წლებიდან დაიწყო, როდესაც ანამ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, სადაც მოგვიანებით მაგისტრის ხარისხიც მიიღო სამშენებლო არქიტექტურის მიმართულებით. შემდგომ იყო არქიტექტურის კურსი ლონდონის Central Saint Martins კოლეჯში და იტალიის università per Stranieri ში. თუმცა, ის ამ ყველაფერს არ დასჯერდა და ქართულ ბაზარზე მუშაობის პარალელურად, მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (Politecnico di Milano) ჩააბარა არქიტექტურული დიზაინის მიმართულებით.
საინტერესოა, რომ ფაქტობრივად, იგივე გზა გაიარა მისმა პარტნიორმა, ANDS-ის თანადამფუძნებელმა, ნოდარ დეკანოსიძემ, რომელმაც ასევე საქართველოში (ტექნიკური უნივერსიტეტში) მიიღო ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები არქიტექტურული ინჟინერიის განხრით. მოგვიანებით მანაც გადაწყვიტა ხარისხის ამაღლება მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურისა და ურბანული დიზაინის განხრით.
აღსანიშნავია, რომ მილანში სწავლის სრული დაფინანსება ანამ და ნოდარმა საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრისგან მოიპოვეს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ანასა და ნოდარის ოჯახის წევრები არ არიან არქიტექტურის სფეროს წარმომადგენლები, რაც იმას ნიშნავს, რომ ANDS-ის თანადამფუძნებლებმა კარიერული გზა სრულად საკუთარი ხედვებით გაიკვლიეს, რამაც მათ საკმაოდ დიდი გამოცდილება შესძინა. სიმბოლურია ისიც, რომ ანა თევზაძისა და ნოდარ დეკანოსიძის სადიპლომო ნამუშევრები მილანის უნივერსიტეტში საუკეთესოთა შორის დასახელდა და ეს გადაწყვეტილება სწორედ იმ არქიტექტორთა საბჭომ მიიღო, რომლის წევრიც დღეს ჩვენი რესპონდენტი თავად არის. მეტიც, ორივე პროექტმა ასევე მიიღო Michele Silvers ჯილდო უნივერსიტეტის ფარგლებში საუკეთესო თეზისების არჩევისას. სწორედ ამ საინტერესო თემებზე გაესაუბრა ჟურნალი Homeis.ge ანა თევზაძეს:
– ანა, როდის დააფუძნეთ ANDS, რა წინაპირობები უძღოდა ამ პროცესს და როგორია თქვენი კომპანიის ფილოსოფია?
– ANDS ოფიციალური სახით 2020 წლიდან არსებობს და ამ გადაწყვეტილებას წინაპირობად უძღოდა ჩვენი საერთო ინტერესები და ზოგადი ხედვა. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ რიგ საერთაშორისო კონკურსებში, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა შედეგებთან ერთად, დაგვასახელეს ფინალისტებს შორის და მივიღეთ “honourable mention”. სწორედ აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ამ თანამშრომლობისთვის მიგვეცა ახალი სახე.
2021 წლის Milan Design Week-ზე აგვირჩიეს 18 დამწყებ არქიტექტურულ / არტისტულ კომპანიას შორის, რომელთაგან ჩვენ ვიყავით ერთადრთი საქართველოში დაფუძნებული კომპანია.
ANDS არის ქართველი არქიტექტორებისა და არტისტებისგან ჩამოყალიბებული მულტიდისციპლინარული ჯგუფი, რომლის საქმიანობაც მოიცავს არქიტექტურას და ხელოვნებას. შესაბამისად, ჩვენ არქიტექტურას განვიხილავთ არა მხოლოდ როგორც ტექნიკურ პროფესიას, არამედ როგორც ხელოვნებას. ჩვენი ინტერნაციონალური ჯგუფი ცდილობს გააერთიანოს ეს სფეროები და კოლაბორაციაშია არა მხოლოდ არქიტექტორებთან, არამედ ხელოვნების სხვადასხვა წარმომადგენლებთან. მუშაობის პროცესში ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ საინტერესო შეხედულებებსა და პრაქტიკულ მოსაზრებებს.
– თქვენ ბრძანდებით ლიცენზირებული არქიტექტორი იტალიაში და ასევე მილანის არქიტექტურული საბჭოს სრულუფლებიანი წევრი. როგორ მოხვედით აქამდე? რა გზა გაიარეთ ამ ყველაფრის მისაღწევად?
მილანში სწავლის პერიოდში, მნიშვნელოვნად მიმაჩნდა პრაქტიკული გამოცდილების მიღება. სწორედ ამიტომ, პარალელურად ვმუშაობდი სხვადასხვა ლოკალურ არქიტექტორებთან (Francesco Adorni, Maura Tardini, CM2 Associati), რომლებთანაც დღემდე ვთანამშრომლობ. ამ გამოცდილებამ მომცა საშუალება, დამეგროვებინა ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს ეს სფერო ევროპაში, კერძოდ კი იტალიაში. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ლიცენზიის გარეშე აქ არ ითვლები სრულუფლებიან არქიტექტორად და არ შეგიძლია დამოუკიდებლად მუშაობა. ლიცენზიის მისაღებად კი საჭიროა გაიარო გამოცდების სხვადასხვა ეტაპი, რომლებიც ეხება როგორც თავად პროექტირებას, ასევე თანამედროვე კანონმდებლობისა და ამ სფეროს ფუნქციონირებისათვის საჭირო ელემენტების საფუძვლიან ცოდნას. საუბარია როგორც არქიტექტურაზე, ასევე ურბანისტიკაზე, მდგრად განვითარებასა და ყველა სახის რეგულაციაზე, რაც აუცილებლად არის გასავლელი იმისთვის, რომ გახდე დამოუკიდებლად მოქმედი არქიტექტორი. ლიცენზიის მიღების შემდეგ კი შესაძლებელია მოიპოვო არქიტექტორთა საბჭოს წევრობა. შესაბამისად, მიიღო მონაწილეობა საბჭოს შიდა ცვლილებებში და სფეროს განვითარებაში. ასევე აიმაღლო კვალიფიკაცია მომიჯნავე სფეროებში.
– სულ ცოტა ხნის წინ ANDS გახდა პირველი ლიცენზირებული ქართული კომპანია იტალიაში. გვიამბეთ რას გულისხმობს ეს მოვლენა?
ვფიქრობ, ANDS-ის ლიცენზირება საქართველოს ევროპული კულტურული მისწრაფებების, ამბიციებისა და დაუღალავი შრომის სიმბოლური შედეგია. ამრიგად, ჩვენი სახით, საქართველოც შევიდა სრულფასოვან წევრად იტალიური არქიტექტურის სამყაროში.
ლიცენზირება არის პროფესიული განათლების შემდგომი ეტაპის ლეგიტიმაცია. სახელმწიფო ლიცენზირების გარეშე თითქმის არც ერთ პროფესიაში, კონკრეტულად იტალიაში და ასევე ევროპის უმეტეს ნაწილში, არ აქვს უფლება არც ინდივიდს და არც კომპანიას, აწარმოოს რაიმე სახის საპასუხისმგებლო საქმიანობა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სტრუქტურებთან. ჩვენს სფეროში, ლიცენზირების გარეშე არქიტექტორს არ გააჩნია არანაირი იურიდიული უფლება აწარმოოს და მითუმეტეს, ოფიციალურად შეათანხმოს რაიმე სახის პროექტირება ურბანულ, არქიტექტურულ და ინტერიერის დიზაინის დონეზე.
შესაბამისად, ლიცენზირებით ჩვენ მოვიპოვეთ სრული უფლება და ასევე წვდომა იტალიის შიდა სატენდერო და საკომუნიკაციო სისტემასთან, რის შედეგადაც საქართველოში დაფუძნებული კომპანიის სახელით, შევძლებთ არა მხოლოდ პროექტირებას, არამედ მის ოფიციალურად დამტკიცებასა და ზედამხედველობას იტალიის ტერიტორიაზე სრულად და ევროპის უმეტეს ნაწილში.
არქიტექტურული საბჭოს სისტემით პირდაპირი წვდომა გვაქვს ყველა რეგისტრირებულ წამყვან სპეციალისტთან და კომპანიასთან, რომელთაგან ბევრს აქვს პირდაპირი გავლენა ევროპის მასშტაბით უახლეს არქიტექტურულ, თემატურ, თეორიულ თუ კანონიერ ცვლილებებზე.
– ვისაუბროთ თქვენს ნამუშევრებზე. რომელ პროექტებს გამოყოფდით?
პირველ რიგში, ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია ის აღიარებები, რაც მოვიპოვეთ საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსებზე და ტენდერებზე, რადგან ვფიქრობთ, რომ მსოფლიო არქიტექტურულ სამყაროში პროფესიული აღიარების ძირითადი ინდიკაცია გამომდინარეობს საერთაშორისო საკონკურსო გარემოში, საკუთარი ძალების მაქსიმალური გამოვლენით .
ჩვენთვის საინტერესო პროექტებიდან გამოვყოფდით გამოფენას, რომელიც მილანში 2021 წლის სექტემბერში, მილანის არქიტექტურული კვირეულის (milan design week) და ხელოვნების კვირეულის (art week) ფარგლებში ჩატარდა სახელწოდებით ,,Ricominciare dal Silenzio”. გამოფენის კურატორი იყო ორგანიზაცია Co_atto და შერჩეულ 18 ახალ ევროპულ კომპანიას შორის პირველად მოხვდა ასევე ჩვენი მრავალდისციპლინური კომპანია ANDS .
ასევე ვფიქრობთ, საინტერესოა ჟიურის რჩეული პროექტი “ვულკანის მუზეუმი” ისლანდიაში (Hraunasafnið ), რომელიც ორგანიზებული იყო ისლანდიის ჩრდილოეთ რეგიონის (Skútustaðahreppu ) მუნიციპალიტეტის ინიციატივით მსოფლიოში ყველაზე დიდი არქიტექტურული ღია კონკურსების architecturecompetitions-ის პლატფორმაზე.
ამას გარდა, გამოვყოფდი ასევე საცხოვრებელი კომპლექსის პროექტს – Piazzale Carlo Maciachini ქალაქ მილანში, რომელიც მოიცავდა გვერდით მყოფი დისფუნქციური სარეკრეაციო ზონის რეაბილიტაციას და ასევე საცხოვრებელი კომპლექსის დაგეგმარებას მის მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტის საწყისი პროცესები მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის და ქალაქ მილანის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით მიმდინარეობდა და მან საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოიპოვა.
კიდევ ერთი პროექტი, რომელიც მინდა აღვნიშნო, Manni Group-სა და არქიტექტორთა პლატფორმა “YAC” მიერ ორგანიზებული კონკურია, რომელზეც კოლაბორაციაში ვიმუშავეთ ქართველ არქიტექტორ და ურბანისტ გიორგი მაისურაძესთან ერთად. “Detroit Waterfront Disctrict’ გულისხმობდა ბიზნეს ცენტრის დაგეგმარებას დეტროიტის სანაპირო ზოლზე (Detroit, MI 48226, USA). ჟიურის წევრები გახლდნენ მსოფლიოს წამყვანი არქიტექტურული კომპანიების წარმომადგენლები, როგორიცაა პირადად Daniel Libeskind. აღნიშნულმა პროექტმა კომისიისგან honourable mention მიიღო.
– რას ურჩევდით დამწყებ არქიტექტორებს, რომლებსაც სამუშაო გამოცდილების მიღება საქართველოს ფარგლებს გარეთ სურთ?
– დავიწყებ იქიდან, რომ ჩემი აზრით, არ არის აუცილებელი ფიქსირებული, ფიზიკური ადგილი სამუშაოდ, ეს პანდემიამაც კარგად გვაჩვენა. კოლაბორაციების ხიბლიც ვფიქრობ, სწორედ ამაშია, დროის განაწილებაც თავისუფალია და ჩვენი პროფესია ამის საშუალებას გვაძლევს.
რაც შეეხება რეკომენდაციას, დამწყებ არქიტექტორებს ვურჩევდი, რომ დაუთმონ საკმარისი დრო განათლებას და აირჩიონ ის მიმართულება, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებთ. ასევე, მართალია, ძალიან რთულია, მაგრამ სამომავლოდ გამოსადეგია პარალელურად მუშაობა პროფესიით. მნიშვნელოვანია ამ საზოგადოებაში ყოფნა და მუდმივად სიახლეების გაზიარება. ეს ასევე კარგია სამომავლო კოლაბორაციებისთვის. ტექნიკურ დონეზე კი, რა თქმა უნდა, საჭიროა შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
– და ბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
მიმდინარე კოლაბორაციულ საერთაშორისო პროექტებთან ერთად, ANDS-ის გეგმებშია რაც შეიძლება მეტი საინტერესო პროექტი შესთავაზოს საზოგადოებას და განახორციელოს ისინი როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რაც საბოლოო ჯამში, აღიარებს მოუტანს არა მხოლოდ ჩვენს გუნდს, არამედ, პირველ რიგში, ქვეყანას.