ჰუბერტ დე ჟივანში 2018 წელს გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წლები ლეგენდარულმა ფრანგმა მოდელიერმა მის კუთვნილ XVII საუკუნის სასახლეში „Le Jonchet“-ში გაატარა. სასახლეზე ამჟამად მისი მემკვიდრეები ზრუნავენ.
სახელგანთქმულმა ფრანგმა კუტურიე ჰუბერტ დე ჟივანშიმ (Hubert de Givenchy) კარიერა უბრალო ასისტენტის თანამდებობით დაიწყო, თუმცა უკვე 25 წლის ასაკში საკუთარი სახლი „Givenchy“ გახსნა და მაღალი მოდის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დიზაინერის სახელი მოიხვეჭა. ავტორის მარადიული შთაგონების როლი სიცოცხლის ბოლომდე ბრიტანელმა მსახიობმა, ოდრი ჰეპბერნმა მოირგო. უნიკალური შემოქმედებითი ტანდემი, რომელმაც მსოფლიოს ჭეშმარიტად ფრანგული ხატება აჩუქა „საუზმე ტიფანისთან“ ფილმის წყალობით, თანდათანობით მტკიცე მეგობრობაში გადაიზარდა და 40 წელი გასტანა.
1974 წელს ჟივანშიმ რომი-სიურ-ეგრის პროვინციაში უძრავი ქონების ძიება დაიწყო. ამბობენ, რომ მოდელიერს „Le Jonchet“-ის სასახლის ლანდშაფტი პირველივე ნახვით შეუყვარდა. დათვალიერებიდან სამი დღის შემდეგ ფრანგმა დიზაინერმა ამ მამულის შეძენისა და მისთვის ყოფილი ბრწყინვალე დიდების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
სასახლე „Le Jonchet“ XVII საუკუნის დასაწყისში არქიტექტორ გაბრიელ დე ლესტრეიდის (Gabriel de Lestrade) მიერ დაპროექტდა, მაგრამ 1950 წლისთვის შენობა მოიშალა და ის საბოლოოდ, ჟივანშის შეკვეთით, ფრანგი არქიტექტორის ფერნან პუიონის (Fernand Pouillon) მიერ იქნა აღდგენილი. 1984 წლის 8 ოქტომბერს სასახლე საფრანგეთის ისტორიული მემკვიდრეობის სიაში შევიდა. 1988 წელს, „Givenchy“-ის ბრენდის გაყიდვის შემდეგ, ჰუბერტმა მოდის სამყარო დატოვა და ამ სასახლეში დასახლდა.
ჭეშმარიტი სასახლის მსგავსად, „Le Jonchet“ თხრილითაა შემოსაზღვრული და სამყაროს ერთადერთი ასაწევი ხიდით უკავშირდება. ცენტრალურ ნაწილში სიმეტრიულად ორი გვერდითი ფრთაა აგებული, რომელთა ფანჯრები სამკუთხა ფრონტონებითაა გამშვენებული. სასახლის შიდა სივრცეებმა რამდენიმე ისტორიული საკვამური შეინარჩუნა. ყოფილი ბოსტანი გადამუშავდა და ტრადიციულ ბაღად იქცა. მას ვენეციური მონასტრის, სან-ჯორჯიო მადჯორეს ბაღების მოტივებზე შექმნილი გეომეტრიული ფორმები ამშვენებს.