ბოლო წლების პრაქტიკამ აჩვენა, რომ ყველაზე გამორჩეული და საინტერესო საცხოვრებელი სივრცეები ინდუსტრიული დანიშნულების შენობების გადაკეთებით იქმნება. დღეს სწორედ ასეთ სახლზე გვინდა გიამბოთ.
ეს გახლავთ ყოფილი ქარხნის შენობა კოპენჰაგენში, რომელიც ცოტა ხნის წინ საცხოვრებელ კომპლექსად გარდაიქმნა. არასტანდარტულად მაღალი ჭერი და მასშტაბური ვიტრაჟები ამ ნაგებობის ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა, რამაც ინტერიერის ხასიათი სრულად განაპირობა.
შიდა სივრცეში გვხვდება ღია გეგმარება, რომლის მიხედვით ქვედა დონეზე განთავსებულია სამზარეულო, სასადილო და მისაღები ზონები, ხოლო ჭერის სიმაღლიდან გამომდინარე, საძინებლები ანტრესოლში მოეწყო, რაც პრივატული ოთახების დიდი საერთო სივრციდან გამოყოფის საშუალებას იძლევა.
ინტერიერი კლასიკური სკანდინავიური დიზაინითაა შექმნილი, სადაც თეთრი ფერი აქტიურად არის გამოყენებული. თუმცა, სივრცეში მრავლად გვხვდება სხვადასხვა ხელოვნების ნიმუში თუ დეკორის ელემენტი, რომლებსაც საერთო მონოქრომულ გარემოში მკაფიო ფერთა აქცენტები შემოაქვთ. მისაღები ზონა უკავშირდება პატარა გარე სივრცეს, რომელიც მინიმალისტურ სტილშია მოწყობილი და წვეულებებისა თუ ოჯახური შეკრებების იდეალურ ადგილს წარმოადგენს.