მონოქრომული თეთრი სივრცეები ჯერჯერობით კვლავ აქტუალურია, თუმცა სულ უფრო პოპულარული ნატურალური, პასტელურ ელფერებში შესრულებული ინტერიერები ხდება: კრემისფერი, რუხი, ქვიშისფერი. დღეს ინტერიერში მათი სწორი გამოყენების წესებზე ვისაუბრებთ.
პასტელური პალიტრა მრავალფეროვანია. შესაძლებელია ფსონი ცივ გამაზე გაკეთდეს – კრემისფრისა და რუხი ელფერის დუეტზე ან პირიქით, თბილზე – ყავისფრისა და ვარდისფრის ნარევზე. არჩევანი თქვენს პრეფერენციებსა და ინტერიერის სტილზეა დამოკიდებული.
პასტელური ფერები საძინებელში
საძინებელში მშვიდი ელფერების გამოყენება ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილებაა. ისინი სიმშვიდის განცდას და ხარისხიანი ძილისთვის საუკეთესო ატმოსფეროს ქმნის. სცადეთ სხვადასხვა ჩამქრალი ფერისა და შეხებისთვის სასიამოვნო ნაჭრებისგან დამზადებული გადასაკრავების, გადასაფარებლებისა და თეთრეულის გამოყენება.
შავი აქცენტები
კრემისფერი და თეთრი რუხთან და შავთან საინტერესო კონტრასტს ქმნის. მუქი აქცენტები ინტერიერს ვიზუალურ სიღრმეს აძლევს, თუმცა როგორც ინტერიერის ნებისმიერი ელემენტის შემთხვევაში, ზომიერება აუცილებელი პირობაა. საკმარისია ლარნაკი, ჩარჩო ან სანათი.
ნატურალური ფერები და მასალები
არ არის აუცილებელი ინტერიერი მონოქრომული იყოს. დაამატეთ მორუხო-მომწვანო, ჩამქრალი ვარდისფერი, ტერრაკოტა, მონაცრისფრო-მოცისფრო. ყველა ნატურალური ფერი ინტერიერში მშვენიერ ანსამბლს ქმნის. მოპირკეთებისთვის კარგია ქვა და ხე, ისინი ეკოლოგიურად სუფთა და გამძლეა. ტრენდულია ასევე რატანი და ჯუთი, დღეს ის მხოლოდ ბაღისა და აივნების ავეჯთან როდი ასოცირდება, თანამედროვე დიზაინში ეს ყველაზე მოთხოვნადი მასალებია შიდა ავეჯისთვისაც.
სამზარეულო ბეჟ ფერებში
კრემისფერი სამზარეულოს დაათბობს და სიმყუდროვეს შემატებს, ამავე დროს უფრო ელეგანტურადაც წარმოაჩენს. სცადეთ სამზარეულოს ავეჯის ნაწილი და კედლები ერთ ფერში შეღებოთ. შედეგად, ელეგანტურ სივრცეს მიიღებთ.
თბილი ელფერები სააბაზანოში
სააბაზანოსთვის ხშირად თეთრ ფერს ირჩევენ და ეს გასაგებიცაა. ის ხომ სივრცის ვიზუალური გაზრდის ეფექტური ხერხია. თუმცა არსებობს იმის რისკი, რომ ამ გზით ოთახში სიცივე და „სტერილურობა“ შემოიტანოთ. პასტელური ელფერები მშვენივრად ერწყმის თეთრ მარმარილოს, ათბობს ინტერიერს და სიმსუბუქე შემოაქვს მასში.
რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი