ეს ბინა, რომელიც გლაზგოში მდებარეობს, ცნობილ შოტლანდიელ ინფლუერსერსა და ტელეწამყვანს, ქეით პირსს ეკუთვნის.
ინტერიერი ძირითადად ღია ტონებშია გადაწყვეტილი და მას მასიური ხის იატაკი ამშვენებს. დიზაინში ასევე გამოყენებულია ისეთი ნატურალური ტონები, როგორიც არის მწვანე და ტერაკოტა. აქვე გვხვდება უფრო მკვეთრი აქცენტებიც ყვითელი ტახტისა და ვარდისფერი აბაზანის ფილების სახით. ბინის მთავარი მშვენება კი ძველებური ორნამენტებით მოპირკეთებული ჭერია.
მთავარ ყურადღებას ამ სახლში მისაღები ოთახი იქცევს. პირველი, რაც თვალში გვხვდება, ეს არის ულამაზესი მწვანე წიგნების კარადა, რომელიც მთელს კედელზეა გადაჭიმული. ის არა მხოლოდ სათავსოს ფუნქციას ასრულებს, არამედ პირველ რიგში, უმშვენიერესი დიზაინ ელემენტიც არის. აქვეა საკმაოდ ტევადი ყვითელი ფერის ტახტი. ის ოთახის ცენტრშია განთავსებული და არა კედლის გასწვრივ, რაც ძალიან დახვეწილი დიზაინ გადაწყვეტაა.
ბინას გააჩნია საკმაოდ ვრცელი ზომის სამზარეულო, რომელშიც სამი მხრიდან გვხვდება კარადები, ხოლო მეოთხე კედელთან უმშვენიერესი სასადილო კუთხეა მოწყობილი. სათავსოების სიმრავლის გამო აქ ზედა კარადების ნაცვლად უბრალო ხის თაროებია დამონტაჟებული, რომლებზეც განლაგებულია რეცეპტის წიგნები, ჯამები და მცენარეები.
რაც შეეხება საძინებლებს, ისინი საკმაოდ სადა სტილშია გადაწყვეტილი, თუმცა ორივე მათგანში ორიგინალური ჭერის დიზაინი გვხვდება – მთავარ საძინებელში ძველებური ორნამენტები, სტუმრების საძინებელში კი ორ ფერში შეღებილი კედლები და ჭერი.
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ასევე სააბაზანო ნაზი ვარდისფერი ფილებით. მიუხედავად ოთახის წაგრძელებული ფორმისა, აქ ყველა საჭირო მოწყობილობა თუ ავეჯის ელემენტი იდეალურად არის განთავსებული და სივრცეს არანაირად არ ტვირთავს.