in

საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსები – ქართველი სტუდენტების გამოცდილება

Alliance Group
Alliance Group

ანა კუბეცია, ნინა ავდალიანი, ვანო გვენცაძე და გვანცა მარგიანი საქართველოს უნივერსიტეტის არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტები არიან. ოთხ წევრიანი სტუდენტური არქიტექტურული ჯგუფის მთავარი მიზანია მრავალფეროვანი გამოცდილების მიღება არქიტექტურის სფეროში არა მხოლოდ ადგილობრივად, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

არქიტექტურას სტუდენტურ ჭრილში ვხედავთ, როგორც დიდ ენთუზიაზმს, ინოვაციების უშრეტ წყაროსა და შესაძლებლობების მრავალფეროვნებას. თუმცა, ასევე, როგორც უამრავ უხილავ დაბრკოლებას, ჯერ კიდევ უცნობ, ასათვისებელ სივრცეებს და გამოცდილების წყურვილს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა არქიტექტურული  ჯგუფი, რომელიც ბოლომდე ორიენტირებული იქნებოდა მონაწილეობის მიღებაზე საერთაშორისო მასშტაბის სხვადასხვა კონკურსებსა და პროექტებში და ასევე შეიტანდა წვლილს არქიტექტურის განვითარებაში არა მხოლოდ ლოკალურ დონეზე,” – გვიამბობენ ჯგუფის წევრები

გამოცდილების გაღრმავების გზების ძიების პროცესში ანამ, ნინამ, ვანომ და გვანცამ აღმოაჩინეს უამრავი პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხიდან იწვევს პროფესიონალ და სტუდენტ არქიტექტორებს და საშუალებას აძლევს მათ, გააცნონ სამყაროს საკუთარი ხელოვნება. აღნიშნული პლატფორმები (Arkxsite, Bustler, Buildner, Larsen Liverpool, Youngarchitects Competition და სხვ.) სისტემატურად აქვეყნებენ სხვადასხვა სირთულის, კონცეფციის, სტრუქტურის და მიზნის მქონე კონკურსს. მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, ხშირია წარმდგენთათვის სერტიფიკატების გაცემა და მათი პუბლიკაციებში მოხსენიება, ხოლო  წარმატების შემთხვევაში, გათვალისწინებულია სხვადასხვა ჯილდო თუ ფულადი პრიზი.

როგორც ახალგაზრდა არქიტექტორთ ჯგუფში აღნიშნავენ, მომავალი არქიტექტორებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ხედვების პოპულარიზება და ფართო მასებზე გატანა, რაც საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს მათი შესაძლებლობების მაჩვენებლის საგრძნობლად გაზრდას.

საკონკურსო პლანშეტი – SITE BATHHOUSE

ჯგუფისთვის პირველი გამოცდილება ამ მხრივ აღმოჩნდა Arkxsite Competitions-ის კონცეპტუალური კონკურსი SITE BATHHOUSE, რომლის იდეა იყო პორტუგალიაში (ქ.ერისერა) არსებული კულტურული ძეგლის ტერიტორიაზე ახალი კონცეპტის განთავსება. პორტუგალიის სანაპიროზე მდებარე კულტურული ძეგლი XVII საუკუნის სამხედრო დანიშნულების შენობა-ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც ასრულებდა სათვალთვალო/მზვერავ ფუნქციას. ახალი კონცეპტი კი გულისხმობს ამავე ტერიტორიაზე აბანოს პროექტირებას, რომელიც ლანდშაფტთან სინთეზირდება და ითვალისწინებს მის ისტორიულ, კულტურულ დანიშნულებას. ამასთანავე, ის იცავს აბანოს უძველეს ტრადიციულ კულტურას და არქიტექტურის მეშვეობით მის სპირიტუალურ სიღრმეს  მაქსიმალურად გამოხატავს.

სტუდენტური ჯგუფის საკონკურსო პლანშეტის ანოტაცია:

აბანო ბრწყინვალე დაწესებულებაა და დროის საწყისიდან, როდესაც ბრძენკაცებმა დაიწყეს მშენებლობა, არაფერი მასზე უკეთესი არ აშენებულა” – კაიკა’ვუს იბნ ისკანდერ

ადამიანისთვის არასდროს ყოფილა ამდენად მნიშვნელოვანი, შეივსოს ფიზიკური, სულიერი, სოციალური დანაკლისი, როგორც დღეს. აბანოს კონცეფცია შთაგონებულია ერთმანეთთან, საკუთარ თავთან, დედა-ბუნებასთან კავშირის არქიტექტურის მეშვეობით აღდგენის იდეით.

აბანოს აქსონომეტრიული ხედი

ძირითადი სართულის ფორმა მიღებულია მილრეუს ციხესიმაგრის მოტრიალებით, ფუნქციის, ლანდშაფტისა და ფერების რეინტერპრეტირებით. ამ ექსპერიმენტმა გუნდი შთააგონა, შეექმნათ კონცეფცია, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ერთ დროს სამხედრო დანიშნულების შენობა იქცეს აბსოლუტური მშვიდობის ადგილის ფორმირების ინსპირაციის წყაროდ.

შენობის წინხედი

ჩვენ აბანო განვათავსეთ ზუსტად მილრეუს ციხესიმაგრის გვერდით, რათა ხაზი გაგვესვა ვიზუალურ და ფუნქციურ კონტრასტზე, ბნელისა და ნათლის სიმეტრიულ ჰარმონიასა და თანაარსებობაზე. ახალი ფორმა ტერიტორიის ისტორიული ფონის გადააზრებაა, აზიური და ევროპული კულტურების შერწყმა, მონუმენტური ფორმების მიწისქვეშ განთავსებასთან და კლდის ფორმების რიტმულ გადათამაშებასთან ერთად.”

შენობის მიწისქვეშა, განზრახ დამალული ნაწილი ქმნის ილუზიას, სადაც ბუნებრივ ელემენტებთან (კლდე, ოკეანე, ცა) შესახვედრად დაღმასვლისას less ნამდვილად more ხდება.

“ამრიგად, თითქოს, ჩვეულებრივი მოგზაურობა ლოკალურ აბანოში, გადაიქცევა შეგრძნებით თავგადასავლად ტემპერატურასთან, ხმასთან, სინათლესა და სურნელებთან. ეს ის კომფორტისა და ხსნის შეგრძნებაა, რომელიც გამოწვეულია სხეულის თბილ წყალთან შეხებითა და ტრადიციული კულტურული ქრონოლოგიური სვლებით აბანოს სივრცეებში.”

ასევე ცალკე აღნიშვნის ღირსია ხშირად გამოქვეყნებული მინი კონკურსები, რომლებიც ჯგუფის წევრების აზრით, არანაკლებ სიღრმესა და შრომას მოითხოვს. ასეთია  Larsen Liverpool-ის მიერ წარმოდგენილი მინი კონკურსი – El Pantà de Sau Mini Challenge. ის კონკურსანტებს ავალებს კატალონიაში არსებული ჩაძირული ტაძრის ტერიტორიაზე სამედიტაციო სივრცის განთავსებას, რომელიც გარე სამყაროსთან მჭიდრო კავშირს და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით პროექტირებას გაითვალისწინებს. ასევე, რაც მთავარია სამედიტაციო სივრცის თავისებურებებს და სპეციფიკას არქიტექტურით გამოხატავს.

სტუდენტური ჯგუფის საკონკურსო ვიზუალის ანოტაცია:

ჯგუფის მიერ შემუშავებული კონცეპტის მთავარი იდეის უკეთ აღსაქმელად  რეკომენდებულია 3 განზომილებიანი სათვალის გამოყენება (წითელი&ლურჯი ლინზებით). წითელი ელემენტი წარმოადგენს ექსტერიერს, ლურჯი კი  ინტერიერის x-ray ხედვის ილუზიას არქიტექტურული ფორმის ჭრილის მეშვეობით.

დღეისთვის მოცემულ ტერიტორიაზე არსებობს ემოციური სოციალურ-ფსიქოლოგიური ფონი, რაც გამოწვეულია კატალონიასა და ესპანეთს შორის წლების მანძილზე მიმდინარე კონფლიქტით, რასაც ჯგუფის მიერ შემუშავებული სამედიტაციო შენობის ფორმა გამოხატავს. სტუდენტების მიზანი იყო, იმის წარმოჩენა, რომ მოცემული ორი ურთიერთმოქმედი ნახევარსფეროს დამოკიდებულება შეიძლება გააზრებულ იქნას როგორც ერთი ნახევარსფეროს მეორისადმი მიკუთვნებულობა, ასევე მათი არსებობა როგორც ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სივრცეებად.

ნახევარსფეროების ურთიერთქმედება გამოხატავს ადამიანის საკუთარ თავთან და  სამყაროსთან კავშირს: პიროვნებას, როგორც ცალკეულ ინდივიდს , თავისი უნიკალური  მახასიათებლებით და როგორც ერთი მთლიანობის შემადგენელ ელემენტს.

“ამ სამყაროს ყველაზე დიდი ილუზია დაყოფაა. ყველაფერი, რაც ჩვენი აზრით დანაწევრებულია, სინამდვილეში ერთიანია, ჩვენ ერთი ხალხი ვართ, მაგრამ დანაწევრებულად ვცხოვრობთ” – Avatar:The Last Airbender

გარე სამყაროსგან განსხვავებით, სადაც დღის სინათლე და ღამის სიბნელე არ ურთიერთქმედებს, წმინდა სივრცეში  ახალი საწყისი უნდა აღმოცენდეს, სადაც  შემოჭრილი სინათლის სხივი სიბნელეს ებრძვის და აბალანსებს, ქმნის დინამიკურ კონტრასტს და სივრცით თანმიმდევრობას უნიკალურს ხდის.

სივრცეში  შექმნილი ბუნებრივი ხმის ვიბრაციები ასევე დიდ გავლენას ახდენს სამედიტაციო ატმოსფეროზე და ადამიანის სხეულის ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ სისტემაზე. ბუნებრივი ბგერების მოსმენისას ადამიანის ტვინიც უფრო კონცენტრირებული, მშვიდი და ფოკუსირებულია. სწორედ ამიტომ, კონკურსანტებმა სამედიტაციო სივრცე წყალზე განათავსეს, ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი, როგორც მოტივტივე პლატფორმა.

ემოციური მოგზაურობის საბოლოო დანიშნულებასთან მიახლოებისას, ხსნის სივრცისკენ მიმავალი ბილიკი წყლის ზედაპირზეა, რაც აიძულებს გონებას კონცენტრირდეს მხოლოდ გზაზე, შესაბამისად, ის ბლოკავს ყველა სხვა ფიქრსა და პრობლემას. ნაბიჯებით ტბასთან ოდნავი შეხებისას, მედიტაციის სივრცემდე მისასვლელი  გზა თანდათან ხდება მთავარი იდეის პროცესი.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ წყლის სიმბოლიზმი უმეტეს კულტურაში დაკავშირებულია ცხოვრების წმინდა ფასეულობასთან, განწმენდასთან, განკურნებასთან, ადამიანის ცხოვრებაში არსებული ტანჯვისა და ხსნის სიღრმისეულ მნიშვნელობასთან.

ადამიანის  ლანდშაფტთან კავშირის დამყარებით, უფრო მარტივი ხდება ამ სამყაროსეული ყოველდღიურობის და კანონზომიერებების გაანალიზება. რაც უფრო ვუახლოვდებით ამ  ბუნებრივი ციკლის სისტემას, მით უფრო ვაცნობიერებთ ჩვენივე საწყისს და ჩვენს კავშირს სხვა ყველაფერთან. ამის მიღწევა შესაძლებელია მასალით. ჩვენ შემთხვევაში ესაა უძველესი დროიდან მოყოლებული, საკმაოდ გავრცელებული ტექნიკით დაპრესილი მიწა, რომლის არსი და მიზანი მდგომარეობს ლოკალური ბუნებრივი ელემენტების (ქვიშა, გამწვანება, თიხა) გამოყენებაში სამშენებლო მასალად. თვით ნახევარსფერო კი განთავსებულია მოტივტივე პლატფორმაზე, რომელსაც კონსტრუქციულ სიძლიერეს მატებს საჰაერო ბალიშები. მასალა  არქიტექტურის ის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია, რომლის შეგრძნებაც შეგვიძლია, ეს ფაქტორი  სივრცეს სძენს სულს და სიღრმისეულ მნიშვნელობას.“

ანას, ნინას, ვანოსა და გვანცას თანახმად, მოცემულმა კონკურსებმა მათ საშუალება მისცა, შერწყმოდნენ არქიტექტურული სამყაროს მასშტაბურ ხედვას და გადაეაზრებინათ არქიტექტურის არსი, როგორც სივრცითი ხელოვნების სიდიადე და მისი მუდმივად ცვლადი ხასიათი.

კონკურსებმა დაგვანახა არქიტექტურული პრობლემების გადაჭრის გზები სხვა პერსპექტივებში და მოგვცა ჩარჩოებისგან გათავისუფლების  საშუალება. სწორედ ეს გამოცდილებაა მნიშვნელოვანი ახალგაზრდა არქიტექტორთათვის, რათა საკუთარი ინდივიდუალურობის ძიებასთან ერთად, გაიღრმაონ არსებული ცოდნა და შექმნან საკუთარი იდეის განხორციელების მაქსიმალური შესაძლებლობები“, – გვიამბობენ გუნდის წევრები

კერძო სახლები საქართველოდან – Homeis.ge-ს რჩეული 8 პროექტი

#Homeisინსპირაცია: პანორამული ფანჯარა ინტერიერში – რამდენიმე იდეა შთაგონებსთვის