ეს ერთ საძინებლიანი ბინა აღმოსავლეთ ლონდონში, ვიქტორიანული ტიპის სახლში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 55 კვადრატული მეტრია. ინტერიერში გვხვდება ულამაზესი მუხის იატაკი და საუცხოო ფერები. აქ გამოყენებულია უამრავი ქსოვილი განსხვავებული დიზაინითა და პატერნით, რაც იმდენად საუცხოოდ არის შეხამებული, რომ ნამდვილ ფერთა დღესასწაულს ქმნის.
მისაღები ოთახის კედლები უმშვენიერეს ვარდისფერ ტონშია შეღებილი, რომელსაც იდეალურად ეხამება დეკორატიული ბუხრის მწვანე შიდა ფილები. სახლის მეპატრონეს ეს სივრცე წიგნების სათავსოდ აქვს მოწყობილი, რაც საკმაოდ ორიგინალური გადაწყვეტაა.
აქვეა ულამაზესი ლურჯი ხალიჩა, წითელი აქცენტების მქონე ფარდები და ულამაზესი ტექსტილი, რაც კიდევ უფრო მეტ ფერს მატებს ინტერიერს. მიუხედავად იმისა, რომ სივრცე მაქსიმალურად დატვირთულია სხვადასხვა ფერებითა და ორნამენტებით, ოთახში მაინც სიმსუბუქე და სასიამოვნო ჰაეროვნება იგრძნობა.
საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება სამზარეულო. აქ გვხვდება მკვეთრი ყვითელი ფერის კარადები და მუხის სამუშაო ზედაპირი, რაც ძალიან დახვეწილ კომბინაციას ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ოთახის ფართი სულ რაღაც 11 კვადრატული მეტრია, აქ პატარა სასადილო ზონაც გვხვდება. კუთხის დივანი სკამების ნაცვლად ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფართის დაზოგვის მშვენიერი ხერხი აღმოჩნდა. აქაც, ისევე როგორც სახლის სხვა სივრცეებში, ფერების საუცხოო კომბინაცია გვხვდება.
როდესაც ფართის სიმცირესთან გვაქვს საქმე, აუცილებელია არასტანდარტულად ფიქრი. სწორედ ასე მოიქცნენ ამ ბინის მეპატრონეები და სამზარეულოს მაგიდის ზემოთ საშრობი განათავსეს, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში იყენებენ.
რაც შეეხება საძინებელს, ის ლურჯ ფერშია შეღებილი და გამდიდრებულია მრავალფეროვანი დეკორით. აქვეა ულამაზესი პატარა შიდა ეზო, სადაც გარე ავეჯია განთავსებული.
ეს ბინა არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ფერთა სიმრავლე ინტერიერში სულაც არ არის სარისკო გადაწყვეტილება და სწორად შეხამებულ ტონებს მეტი ხალისისა და მრავალფეროვნების შემოტანა შეუძლიათ.