დავით მაჭავარიანმა და მისმა მეუღლემ, თეონა ბერიაშვილმა მიწის ნაკვეთი კიკეთში 2019 წლის გაზაფხულზე შეიძინეს და საკუთარი სახლის შენებას ერთად შეუდგნენ. დავითი პროფესიით იურისტია, თუმცა ბოლო 15 წელია, რაც სამშენებლო პროექტების მართვით არის დაკავებული, შესაბამისად, საკუთარი საცხოვრებელი სივრცის მოწყობის პროცესში სრულად იყო ჩართული.
როგორც ჩვენი რესპონდენტები გვიამბობენ, შესაბამისი ლოკაციის შერჩევას ნახევარ წელზე მეტი მოანდომეს, ვინაიდან საჭირო იყო ყველა დეტალის გათვლა და მათთვის იდეალური გადაწყვეტილების მიღება. საბოლოო ჯამში კი არჩევანი კიკეთის ახალგანვითარებულ უბანზე შეაჩერეს.
“ადგილის შერჩევის პროცესმა 6 თვეზე მეტ ხანს გასტანა. შევისწავლე თბილისის შემოგარენი თითქმის სრულად, ვიხილავდი თითოეული ლოკაციის დადებით და უარყოფით მხარეებს. ეს არ იყო მარტივი პროცესი, ვინაიდან მიწის ნაკვეთს, განსხვავებით ბინისა და შენობა-ნაგებობისგან, უამრავი ხილული და ფარული სპეციფიკა შეიძლება გააჩნდეს, დაწყებული კონკრეტული ლოკაციის ქანებისა და ნიადაგის თვისებებით, დასრულებული გეოგრაფიული თავისებურებებით. ვინაიდან ჩვენი ადგილი კიკეთის შედარებით ახლად განვითარებულ უბანს წარმოადგენს, კიდევ უფრო მეტად მომიწია ამ ლოკაციის ნიუანსების სიღრმისეული შესწავლა. თუმცა, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ უამრავი პარამეტრის მიხედვით, მაინც სწორი არჩევანი გავაკეთეთ,” – გვიამბობს დავითი
იმის გათვალისწინებით, რომ მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების პროცესს დავითი თავად ხელმძღვანელობდა, ეს საკმაოდ გამოწვევებით სავსე ეტაპი აღმოჩნდა, ვინაიდან მას უწევდა უამრავი გადაწყვეტილების მიღება, მათ შორის ძალიან სპეციფიკურ ტექნიკურ საკითხებზეც, თუმცა ძლიერი გუნდის წყალობით, საბოლოო ჯამში, ყველა სირთულე დაძლეულ იქნა.
“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ პროექტის განხორციელებაში – ადამიანებს, რომლებიც ტექნიკური კონსულტაციებით მეხმარებოდნენ და ხელოსნებს, რომელთა მაღალი საშემსრულებლო ოსტატობის შედეგად იქნა მიღწეული პროექტის საწყის ეტაპზე დასახული ყველა მიზანი.”
სახლი შედგება 2 სართულისგან და ის მოიცავს 6 ოთახსა და 2 სააბაზანოს, ასევე 2 ტერასას პირველ და მეორე სართულებზე. ეზოში კი ღია აუზი, სამწვადე და მოსასვენებელი სივრცეები გვხვდება.
რაც შეეხება არქიტექტურას, როგორც დავითი გვიამბობს, მას ამ მხრივ საკუთარი მეგობრები დაეხმარნენ, რომლებმაც პროექტის წარმატებით დასრულება გახადეს შესაძლებელი.
“განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო არქიტექტორი, ჩვენი მეგობარი – ნოე ნოზაძე, რომელმაც უდიდესი შრომა და ძალისხმევა ჩადო პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში. ნოეს პროფესიონალურმა და გულისხმიერმა მიდგომამ იდეისა და ესკიზის შემუშავების დღიდან, მშენებლობის დასრულებამდე, შეგვაძლებინა პროექტების განხორციელება იმ სახით, როგორც ეს საწყის ეტაპზე იყო დაგეგმილი.
ასევე უნდა აღვნიშნო კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი, არქიტექტურული სტუდია „სპექტრუმის“ ხელმძღვანელი – დავით ნიკურაძე, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა პროექტის გამორჩეული კონცეფციის მომზადებაში.
ხოლო პროექტის ფინალურ ეტაპზე ჩვენი მეგობარი, არქიტექტორი დიმიტრი მოძმანიშვილი დაგვეხმარა, რომელიც არქიტექტურულ სტუდია „დემარკში“ საქმიანობს. დიმიტრიმ საკუთარი პროფესიონალური ხედვით დიდი როლი ითამაშა სახლის სივრცეების დაგეგმარებაში, ინტერიერის დიზაინის მომზადებასა და ტექნიკურ გადაწყვეტებში,” – დავით მაჭავარიანი
აღსანიშნავია, რომ სახლის ინტერიერის დიზაინის შემუშავების პროცესში აქტიურად იყო ჩართული თავად დიასახლისი – თეონა, რომელმაც მიიღო მთავარი გადაწყვეტილებები ინტერიერის ძირითად შტრიხებთან დაკავშირებით ნოე ნოზაძესა და დიმიტრი მოძმანიშვილთან მჭიდრო თანამშრომლობით. დასახული მიზნის შესაბამისად, საბოლოო ჯამში, შემუშავდა მინიმალისტური სტილის ინტერიერი ღია ფერებით, მარტივი ფორმებითა და ფუნქციური გადაწყვეტებით.
ინტერიერში ყურადღებას იქცევს სკანდინავიური სტილის, მინიმალისტური შიდა კიბე, რომელიც სრულად ხისგანაა შექმნილი და კონსტრუქციულად, ფაქტობრივად, საყრდენი ბოძების გარეშეა შესრულებული.
“დიდი ბედნიერებაა, როდესაც ადამიანს აქვს შესაძლებლობა, თავად ააშენოს სახლი საკუთარი გემოვნებით. ამ პროცესს თან სდევს დაუღალავი შრომა, მით უფრო მაშინ, თუ თავად წარმართავ საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს, თუმცა, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. საბოლოო ჯამში კი იღებ შენი ფიქრებისა და იდეების რეალიზებულ შედეგს, რაც ერთიანობაში შენი ხასიათის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას იძლევა,” – დავით მაჭავარიანი
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე