სახლი, რომელზეც დღეს გიამბობთ მისმა მეპატრონემ 2018 წელს შეიძინა. როგორც თავად გვიამბობს, ვიტრაჟული ფანჯრები, ბევრი სინათლე და ტერასა ულამაზესი ხედებით სწორედ ის უმთავრესი დეტალები აღმოჩნდა, რამაც ამ უძრავი ქონების ყიდვა გადააწყვეტინა.
ეს ორსართულიანი ბინა, რომლის საერთო ფართობი 175 კვადრატული მეტრია, ქობულეთის ქუჩაზე მდებარეობს და ის მე-14-მე-15 სართულებზეა განთავსებული. მეპატრონეებს სივრცე ე.წ. “თეთრი კარკასის” მდგომარეობაში ჩაბარდათ, თუმცა მათ ყველა შიდა ტიხარი მოშალეს, ფართი “შავი კარკასის” კონდიციამდე მიიყვანეს და პროექტზე მუშაობა, ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყეს.
სამი საძინებელი, დიდი სამზარეულო, ვრცელი სასადილო სივრცე და მყუდრო მისაღები ოთახი – ეს ის მთავარი მიზნები იყო, რაც ბინის მესაკუთრეებმა საწყის ეტაპზე დაისახეს. ამასთან ერთად ინტერიერი უნდა ყოფილიყო ღია, ნათელი და მინიმალისტურ სტილში გადაწყვეტილი. ამ ამოცანების შესასრულებლად კი მეპატრონეებმა დიზაინერ ლალი შაშიაშვილს მიმართეს.
როგორც სახლის მფლობელები იხსენებენ, მათთვის ყველაზე რთული პროცესი დაგეგმარების ეტაპი აღმოჩნდა, ვინაიდან ჩანაფიქრის მიხედვით, ბინა ერთის მხრივ, მაქსიმალურად ღია უნდა ყოფილიყო, თუმცა ამასთანავე საჭირო იყო პირადი სივრცეების მოწყობა ოჯახის ყველა წევრისთვის. ბევრი ვარიანტის განხილვის შემდეგ, არჩეულ იქნა სტრატეგია, რომლის თანახმად საერთო სივრცის ფართი საძინებლების ხარჯზე გაიზარდა და შესაბამისად, პრივატული ზონები შედარებით მცირე ზომის გამოვიდა.
ინტერიერში ყურადღებას იქცევს თეთრი კედლები, იდეალურად მოპირკეთებული სწორი ბეტონის ჭერი და იატაკი, არასტანდარტულად მაღალი შიდა კარი (რაც ჭერის სიმაღლეს ვიზუალურად ზრდის), ხის კიბე, შუშის დეტალები და ბევრი მცენარე.
ცალკე აღნიშვნის ღირსია შიდა კიბე, რომელიც საკმაოდ დიდი როლს თამაშობს ინტერიერში და გარდა იმისა, რომ ის სახლს სიმყუდროვის ნოტებს მატებს, ასევე საინტერესო აქცენტს ქმნის სივრცეში. ეს არის ბეტონის, ხისა და შუშის კომბინაცია, რაც საკმაოდ ორიგინალურად გამოიყურება მოცემულ გარემოში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბინის ერთ-ერთ მთავარ ღირსებას წარმოადგენს გამწვანებული ტერასა უმშვენიერესი ხედებით, რაც ქალაქის ხმაურისა და ქაოსური რიტმისგან აბსტრაჰირების საშუალებას იძლევა და მეპატრონეებს ბუნებაში ყოფნის სურვილს უკმაყოფილებს.
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე