ანო ჯიშკარიანი და თიკა შელია Around the studio-ს დამფუძნებლები არიან. ერთმანეთი ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში (VAADS) გაიცნეს. როგორც თავად გვიამბობენ, დროთა განმავლობაში მათ საერთო ხედვა ჩამოუყალიბდათ, რამაც “ერთ ენაზე” საუბარი შეაძლებინა და მას შემდეგ მათი ყოველდღიური ცხოვრების პრაქტიკა გაერთიანდა. დღეს ანო და თიკა საკუთარ შემოქმედებასა და ხედვებზე თავად გვიამბობენ.
როგორ მოხვდით დიზაინის სფეროში? საიდან დაიწყო ეს ყველაფერი?
ანო: ღრმა ბავშვობის მკაფიო მოგონებად მახსოვს, 7 წლის ვიყავი, როცა სახლში შემთხვევით იმ ბინის საპროექტო ნახაზი აღმოვაჩინე, რომლის ყიდვასაც ჩემი მშობლები გეგმავდნენ. ნახაზის დაკვირვება და სივრცის შექმნა ძალიან მომწონდა, წარმოვიდგენდი ხოლმე ახალი სახლის სხვადასხვაგვარ დაგეგმარებას, ფიქრებში ვიზუალიზაცია უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. ამ ასაკიდანვე მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი, რომ დიზაინერი ‘თუ’ არქიტექტორი უნდა გამოვსულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ამ სფეროსთან კავშირი არავის ჰქონდა, ინტუიციით აღმოვაჩინე პროფესია, რომლის არჩევანიც არ გამიკეთებია, ეს თითქოს, თავისით მოხდა.
თიკა: როგორც ყველა ბავშვს, მეც რაღაც შეხება მქონდა ხელოვნებასთან. ხატვა ყოველთვის გამომდიოდა, მაგრამ ნაკლებად მიყვარდა. ჩემი აღქმიდან გამომდინარე, ყველა საგანი მედიდებოდა, ამიტომ ჩემი ბავშვური ჰობი იყო რეალური ობიექტების მინიატურული სახით გამომეძერწა. მინიატურების კეთება ჩემთვის დღემდე ყველაზე მელანქოლიური რამ არის. რაც შეეხება საქმიანობას, რომელსაც ახლა ვეწევი, შეიძლება პროცესის გაგრძელებაც დავარქვა. ყოველთვის ვცდილობდი ძიების პროცესში ვყოფილიყავი. ინერციას გავყევი და დროის ცვლილებასთან ერთად გავჩნდი იქ, სადაც ახლა ვარ.
VAADS-ში 2014 წელს ჩავაბარეთ, გახსნის პირველ წელს, შესაბამისად, პირველი მიღება ვიყავით. ბევრისთვის ახალ სკოლაში ჩაბარება რისკი აღმოჩნდა, ჩვენ კი თითქოს ჩვენს გადაწყვეტილებაში დარწმუნებულები ვიყავით და ასეც მოხდა, ამ სკოლამ ძალიან ბევრი რამ გვასწავლა. ვფიქრობთ, საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების კერა შეიქმნა. ბევრ საინტერესო პროფესორთან ერთად მუშაობით დიდი გამოცდილება დავაგროვეთ, არასდროს შეგვიქმნია საზღვრები ჩვენი შემოქმედების გამოსახატად, ვმუშაობდით სხვადასხვა მედიუმების გამოყენებით, იქნება ეს ინსტალაცია, სკულპტურა, ობიექტი თუ ადგილის სპეციფიკური ნამუშევარი.
როგორ გაჩნდა Around the studio-ს შექმნის იდეა?
პანდემიის დაწყებისას იძულებულ იზოლაციაში ყოფნამ თითქოს ნიშანი მოგვცა ორივეს, რომ დრო იყო, ჩვენი იდეების განხორციელებისთვის უფრო მეტი დრო დაგვეთმო. შედეგად, ჩვენს ორ მეგობართან ერთად ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე ვიქირავეთ სახელოსნო. იზოლაციის პერიოდში სახელოსნო იყო ერთადერთი ჩვენი თავშესაფარი – მუშაობისთვის და ფიზიკური კომუნიკაციისთვის.
Around the studio-ს სახელიც სწორედ ამ მომენტებს უკავშირდება, ჩვენი სტუდიოს ინდუსტრიული შენობის ეზო სავსეა სამშენებლო მასალების საწყობებით და ქაოსურად შექმნილი სახელოსნოებით. სწორედ ამ გარემოში გატარებული თვეების იზოლაციის დროს გაჩნდა ეს სახელიც, რომლის იდეაც სწორედ გარემოზე დაკვირვებას გულისხმობს, თუნდაც სხვადასხვა დროში, ახლა თუ წარსულში.
როგორია თქვენი სტუდიის ხედვა? რა პრინციპებს ეფუძნება თქვენი სტილი?
როგორც ახალგაზრდა სტუდიო, ვფიქრობთ სწორედ იმ სტადიაზე ვართ, როცა საკუთარი ხედვის ჩამოსაყალიბებლად კითხვების დასმის და ძიების პროცესი უნდა გავიაროთ. ჩვენთვის სწორედ ეს დინება არის ის, რაც ყოველდღიურ სიამოვნებას გვანიჭებს.
ჩვენ საქმიანობაში გამოვყოფდით განსხვავებას დამკვეთთან ერთად მუშაობის პრაქტიკასა და ჩვენი დამოუკიდებელი ნამუშევრების შექმნის პროცესს შორის. პირველ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია გავიაზროთ მოცემული კონტექსტი და შევთავაზოთ დამკვეთს ჩვენი ხედვა და კონცეფცია, რომელიც მოცემულობის ერთმნიშვნელოვნად გადააზრებაა. მეორე შემთხვევაში, მხოლოდ საკუთარი თავს ვუსმენთ, პროცესიც თავისუფალია და მეტწილად კვლევაზე ორიენტირებული.
თქვენი აზრით, რაში მდგომარეობს პროდუქტის დიზაინის შექმნის სპეციფიკა?
პროდუქტის დიზაინის შექმნის პროცესში, იდეიდან განხორციელებამდე, ბევრ ეტაპს გავდივართ. იდეის მთავარი ხაზი შეიძლება კონკრეტული მასალა იყოს, ან ფორმა და კონსტრუქცია, ან კონკრეტულ ფუნქციაზე იყოს აწყობილი დანარჩენი ორი.
ჩვენს პრაქტიკაში მნიშვნელოვანია, მასალასთან პირდაპირი შეხება გვქონდეს, მისი შესაძლებლობების გაგება ხელით მუშაობით ყველაზე კარგად შეიძლება. ჩვენი აზრით, პროდუქტის განხორციელებისთვის დიზაინერი აუცილებლად შემსრულებელთან ერთად უნდა მუშაობდეს. ჩვენი დიდი სურვილია სწორედ ეს მუშაობის პრინციპი ავითვისოთ და ამ კუთხით სხვადასხვა გეგმებიც გვაქვს.
ვისაუბროთ თქვენს ნამუშევრებზე. გვიამბეთ მათ შესახებ…
ჩვენთვის, ორივესთვის, მთაში მოგზაურობა ერთ-ერთი საყვარელი აქტივობაა, სწორედ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოგზაურობის დროს დავინტერესდით თექის ტრადიციული ტექნიკით. ნაბიჯ-ნაბიჯ გავეცანით ყველა პროცესს მატყლის შეგროვებიდან, მის მოთელვამდე, შევხვდით ადამიანებს, რომელთა ყოველდღიური ცხოვრებაც სწორედ ეს საქმიანობაა.
საბოლოო ჯამში, ეს კვლევა უფრო დღიურში მოსაყოლ ამბებად იქცა, სხვადასხვა პერსონაჟებითა და ისტორიებით. სწორედ ამიტომ, ჩვენს პირველ კოლექციას Wool Diaries (მატყლის დღიურები) დავარქვით. იმის აღმოჩენამ, თუ რამდენად იკლებს იმ ადამიანების, კონკრეტულად ქალების რაოდენობა, ვინც თექის მოთელვით არის დაკავებული, მიგვიყვანა იქამდე, რომ გაგვეაზრებინა, თუ როგორ ანაცვლებს მანქანით შექმნილი ნივთები ადამიანის ხელით შექმნილს.
კახეთში ხელით აწყობილი მანქანა ვნახეთ, რომელიც ქალების მაგივრად თელავს მატყლს, ეს მეტაფორულად, მაგრამ მაინც ციკლის ნაწილია, რომელსაც უძველესი ტრადიციული მასალის შექმნა გადის. კოლექციის ვიზუალური შემკვრელიც სწორედ ის კონტრასტია, რასაც ორი შეგრძნება – ადამიანის ხელით შექმნილი და ქარხნული/მანქანის შექმნილი ტოვებს.
როგორ ფიქრობთ, განვითარების რა ეტაპზეა პროდუქტის დიზაინი საქართველოში?
ვფიქრობთ, სხვა შემოქმედებით დარგებთან შედარებით, პროდუქტის დიზაინი თავის განვითარების საწყის ეტაპზეა. ეს სფერო კომპლექსურია და არსებობისთვის მოითხოვს დიზაინერისა და შემსრულებლების ახლო თანამშრომლობას. ასევე გაზიარებისთვის არ არსებობს სივრცეები, გალერეები თუ ღონისძიებები. შესაბამისად, აღნიშნული სფეროს მიმართ ინტერესი ნაკლებია საზოგადოებაში. მაგრამ იმის გამო, რომ უფრო და უფრო იზრდება საინტერესო ქართველი სტუდიოებისა თუ ხელოვანების რაოდენობა, რომლებიც პროდუქტის დიზაინს ქმნიან, ვიმედოვნებთ, რომ ეს ნიშა მეტად განვითარდება.
რას ურჩევდით პროდუქტის დიზაინით დაინტერესებულ პირებს?
პროდუქტის დიზაინი საკმაოდ ფართო დისციპლინაა და ის ერთმანეთისგან განსხვავებულ მიმართულებებს აერთიანებს. პირველ რიგში, აუცილებელია დავაკვირდეთ ჩვენს ინტერესებს და ბუნებრივ მოთხოვნილებას, რომ სწორად ავირჩიოთ მიმართულებები. ამის შემდეგ კი, ვფიქრობ, აუცილებელია გააზრება, რომ ამ დისციპლინებს აერთიანებს სხვისთვის გაზიარება, რაც შემოქმედების კიდევ უფრო გრძელ და საინტერესო ციკლს ქმნის.
ახალგაზრდა დიზაინერებს ვურჩევდით, რომ არ იყოს მათთვის დაბრკოლება საკუთარი ხედვის ძიების პროცესი და ნებისმიერ ეტაპზე გააზიარონ საკუთარი ნამუშევრები, მიღებული კრიტიკა, მოწონება თუ “არ მოწონება” – მათთვის ეს მხოლოდ სტიმული იქნება, გააგრძელონ საკუთარი საქმიანობა.
ფოტოგრაფი: გიორგი ნაკაშიძე