როდესაც საქმე ოთახის ინტერიერის ეხება, Loloi Rugs თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია. ხალიჩების ბრენდი ცნობილია იმით, რომ მსოფლიოს მასშტაბით სასურველი ხალიჩის დიზაინებს ქმნის და თანამშრომლობს ინტერიერის დიზაინის სფეროს ისეთ გამოჩენილ ფიგურებთან, როგორებიც არიან: ჯასტინა ბლეიკნი, Chris Loves Julia და AD100 Carrier and Company. დღეს სწორედ Loloi-ს გუნდი გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, გვჭირდება თუ არა რეალურად ხალიჩა, ასევე გვაძლევს რჩევებს, თუ როგორ უნდა მოვარგოთ ხალიჩა სასადილო, მისაღებ ან საძინებელ ოთახს.
რატომ უნდა შეიძინოთ ხალიჩა?
მიუხედავად იმისა, რომ უმეტესი ჩვენგანი ოთახს ხალიჩის გარეშე არასრულად თვლის, ოდესმე გიფიქრიათ რატომ ხდება ასე? Loloi ხაზს უსვამს იმ 5 მიზეზს, რის გამოც ხალიჩამ შეიძლება თქვენი ოთახი უკეთესი გახადოს.
- ფარავს არასრულყოფილებას
თუ თქვენამდე რამდენი სხვადასხვა მეპატრონე ცხოვრობდა თქვენს სახლში, დიდია შანსი, რომ იატაკს გარკვეული ხარვეზები ჰქონდეს. ხის იატაკს, ბუნებრივი იქნება ის თუ ხელოვნური, შეიძლება, ჩაღრმავებები ემჩნეოდეს, ფილებისას კი – ბზარები. ხალიჩა ამ ვიზუალურ დეფექტებს მარტივად ფარავს.
- სივრცეს მეტ კომფორტსა და სითბოს მატებს
მაშინაც კი, თუ თბილ კლიმატში ცხოვრობთ, დიდი შანსია, რომ ტემპერატურა დილა-საღამოს საკმარისად ეცემა იმისთვის, რომ იატაკზე ხალიჩის დაგება კარგი გამოსავალი გახდეს. თუ სქელი ხალიჩები არ მოგწონთ, ამ მხრივ არჩევანში შეზღუდული არ ხართ.
- იცავს თქვენს იატაკსა და ავეჯს
ხანდახან, შეიძლება, სახლში ავეჯის გადაადგილება დაგჭირდეთ, ამ დროს ხალიჩა ნაკაწრებისგან დაიცავს როგორც თქვენს იატაკს, ასევე – ავეჯს.
- ხმას ახშობს
თუ თქვენს სახლს მაღალი ჭერი აქვს, რომელიც ყოველგვარ ხმას აძლიერებს, ან თუნდაც იატაკი ჭრაჭუნობს, ორივე შემთხვევაში, ხალიჩა ამ ხმების შესუსტებაში დაგეხმარებათ.
- ოთახის ვიზუალს კრავს
ჩვენს თვალებსა და ტვინს ვიზუალური ერთიანობის მოთხოვნილება აქვს, ხალიჩა კი ოთახში ამ მხრივ წამყვან როლს ასრულებს. ხშირად უფრო დიდი ხალიჩების გამოყენება ხდება საჭირო, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, რადგან თუ ავეჯს ხალიჩაზე მოათავსებთ, ერთიანობის ეფექტი გაძლიერდება. შეგიძლიათ ხალიჩა ოთახში არსებულ სხვა ელემენტებს შეუხამოთ, მაგალითად, თუ თქვენს ფარდებს ბადისებრი ვიზუალი აქვს, მსგავსი ხალიჩა სცადეთ (იხ. ფოტო), თუ მომრგვალებული სასადილო მაგიდა გაქვთ, შეგიძლიათ ის მრგვალი ფორმის ხალიჩაზე მოათავსოთ.
როგორ უნდა გამოიყენოთ ხალიჩა კონკრეტულ ოთახში?
საძინებლის ხალიჩები ხშირად სითბოს გასაზრდელად გამოიყენება, ხოლო მისაღები ოთახის ხალიჩები – ოთახის ვიზუალთან კავშირის დასამყარებლად. Loloi გვაძლევს რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეირჩეს ხალიჩის შესაბამისი ზომა სასადილო ოთახისთვის, მისაღებისა და საძინებლისთვის.
სასადილო ოთახი
Loloi-ს გუნდის რჩევის მიხედვით, როდესაც საქმე სასადილო ოთახის ხალიჩებს ეხება, მნიშვნელოვანია, რომ სკამები, როგორც მაგიდასთან ახლოს, ასევე მაგიდისგან დაშორებულ მდგომარეობაში მთლიანად ხალიჩის ფარგლებში იყოს მოქცეული.
მისაღები ოთახი
Loloi აღნიშნავს, რომ ხალიჩის ზომასთან დაკავშირებით, მისაღები ოთახი ყველაზე მეტ მოქნილობას გვთავაზობს. პატარა მისაღებისთვის Loloi გვირჩევს პატარა ხალიჩას (152 x 244 სმ), რომელიც დივანის წინ არის განთავსებული და მის საზღვრებშია მოქცეული. ოდნავ უფრო დიდი ოთახებისთვის, გუნდი გვირჩევს ხალიჩას (244 x 305 სმ), რომელიც დივანის საზღვრებს სცდება. თუ თქვენი მისაღები საკმაოდ დიდია, Loloi გირჩევთ დიდ ხალიჩას (275 x 396 სმ), რომელსაც მთელი თქვენი ავეჯის დატევა შეუძლია.
საძინებელი ოთახი
საძინებელში ხალიჩის გამოყენების ყველაზე გავრცელებული გზაა მისი ნახევრად საწოლის ქვეშ შეკეცვა. King size ან ორი twin size საწოლისთვის Loloi-ს გუნდი გირჩევთ დიდი ხალიჩის გამოყენებას (275 x 366 სმ), Queen size საწოლისთვის კი 244 x 305 სმ ზომის ხალიჩის გამოყენებაა რეკომენდებული, ხოლო სრული ზომის საწოლისთვის (137 x 190 სმ) განსაზღვრული ზომაა 152 x 244 სმ. გუნდი გვირჩევს, რომ პატარა საძინებელში გამოვიყენოთ პატარა ხალიჩა, რომელიც საწოლის ბოლოში ან გვერდით იქნება დაგებული.