ადამიანების უმრავლესობისთვის ჯერ კიდევ უცნობია, თუ რამხელა ძალა აქვს არქიტექტურის ფსიქოლოგიას, სივრცით აზროვნებას, კონცეფციას. არქიტექტურა ქმნის აურას, გარემოს და რეალობის სხვა პერსპექტივით აღქმის საშუალებას გვაძლევს. დიზაინერულ ვირტუალურ სამყაროში კი ამ შთაგონებისთვის კიდევ ერთი აღსანიშნავი გამოწვევის შესახებ გვინდა გიამბოთ.
“Re:Create Ukraine” კონკურსის ორგანიზატორები მსოფლიოს მასშტაბით იწვევენ არქიტექტორებს, ხელოვანებს, დიზაინერებს, უკრაინის არსებული მდგომარეობის გადააზრებისთვის, რათა ომის დასრულების შემდეგ, ქვეყანა აღდგეს და მომავლის ხედვით შექმნილმა არქიტექტურამ სიცოცხლე დაუბრუნოს მას. ორგანიზატორების თანახმად, მონაწილეები მზად უნდა იყვნენ, ახლიდან ააშენონ სკოლები, საავადმყოფოები, საცხოვრებელი სივრცეები მილიონობით მოსახლეობისთვის და ა.შ. კონკურსის თემა კი ამჟამად დაზიანებული შენობა-ნაგებობების განახლებულად წარმოჩენა, მათი ახალი დიზაინით აშენება ან რეკონსტრუქციაა. შესაბამისად, კონკურსის მიზანია, რომ ახლებურად დაიხატოს უკრაინის მომავალი – თუ როგორი იქნება ქვეყნის ახალი სახე ომის დასრულების შემდეგ.
ქართველი არქიტექტორების სტუდენტურმა ჯგუფმა, ნინა ავდალიანმა და ვანო გვენცაძემ, გადაწყვიტეს, მოცემულ კონკურსში საკუთარი რეკონსტრუქციის ობიექტად აეღოთ სარკინიგზო სადგურის დაზიანებული შენობა (Trostianec, Sumy region).
საბედნიეროდ, აღნიშნული შენობა ამ ეტაპზე არ არის სხვა შენობების მსგავსად მკვეთრად დაზიანებული. ამასთანავე, შენარჩუნებულია შენობის უნიკალური და საინტერესო არქიტექტურული მახასიათებლები. კერძოდ, შენობის ცენტრში სიმეტრიული სამკუთხედი მის მნიშვნელოვან დეტალს – დომინანტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ნინამ და ვანომ მაქსიმალურად შეინარჩუნეს შენობის არსებული სილუეტი და ასევე დაამატეს ახალი ინდუსტრიული ელემენტები, რის შედეგადაც უფრო შემსუბუქდა და ხაზი გაესვა აღნიშნულ დომინანტს. გარდა ამისა, შეიცვალა შენობის ფერი – ექსტერიერი შესრულებულია თეთრი კირქვით, ხოლო აქცენტების სახით, შენობის აივნებზე შემოდის ჟანგის დეტალები. აივნებზე “მწვანე გადახურვების” მოწყობამ შენობა უფრო მწვანე და ეკოლოგიური გახადა, რაც საერთო ჯამში, კიდევ უფრო ახალისებს შენობას და მიმზიდველს ხდის მას.
“შენობის დანიშნულებიდან და არქიტექტურული ღირებულებიდან გამომდინარე, ჩვენი მთავარი მიზანი იყო მაქსიმალურად მცირედი ჩარევითა და შენობის ფორმის შენარჩუნებით, მიგვეღო იმგვარი ექსტერიერი, რომელიც სადგურში პირველად მოხვედრილ ადგილობრივსა თუ ტურისტზე მოახდენდა მომნუსხველ და სასიამოვნო პირველად შთაბეჭდილებას,” – გვიამბობენ პროექტის ავტორები, ნინა ავალიანი და ვანო გვენცაძე.
ქვემოთ წარმოგიდგენილია ამავე კონკურსის სხვა მონაწილეების სანტერესო ხედვები და ნამუშევრები, რომლებიც ნამდვილად იმსახურებს მკითხველის ყურადღებას.
სერჰი სობკა, რომელიც გვიზიარებს ოქტირკას (Okhtyrka, Sumy) მერიის შენობის რენოვაციის თავისეულ ხედვას:
„შენობის იდეაა, შეასრულოს არა მხოლოდ ქალაქის ადმინისტრაციული როლი, არამედ საშუალება მისცეს მოქალაქეებს, ჩაერთონ საჯარო ღონისძიებებსა თუ შეხვედრებში. მთავარი ფასადი აერთიანებს სანახევროდ დანგრეული შენობის შესასვლელის ნაშთებსა და რენოვაციის შედეგად განახლებული შენობის იერსახეს. ახლისა და ნანგრევის ნაშთის ამგვარი კომბინაცია სიმბოლურად გამოხატავს გამძლეობასა და უტეხობას.“
ანასტასია სპასიუკი, იზიუმის ავტობუსის გაჩერების აღდგენის პროექტი:
„როდესაც დანგრეული შენობების თავიდან აშენებაზე ვმუშაობთ, მნიშვნელოვანია, აღვადგინოთ არა მხოლოდ ის, რაც დაიკარგა, არამედ ასევე შევქმნათ თანამედროვე სივრცე, რომელიც ერგება ადამიანთა დღევანდელ საჭიროებებს. ავტობუსის გაჩერების გაანალიზებისა და ვიზიტორების უკუკავშირის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ მოცემული შენობა ტიპური საბჭოთა ავტობუსის გაჩერებაა მინიმალური ტევადობით. იგი არ წარმოადგენს არქიტექტურულ მონუმენტს, შესაბამისად, საუკეთესო გადაწყვეტილება არა რენოვაცია, არამედ თავიდან აშენებაა. არეალი არ იძლევა სამშენებლო ტერიტორიის ფართობის გაზრდის შესაძლებლობას, ამიტომაც დაემატა ერთი სართული, რომელიც შექმნის დამატებით სივრცეებს კომფორტული დაყოვნებისთვის, სანიტარული კვანძებისთვის, ლიფტებისა და მაღაზიებისთვის. ბოლო სართულზე შესაძლებელია კაფის განთავსება გამწვანებული ტერასით. ვრცელი გადახურვები გვერდით ფასადებზე ქმნის კომფორტულ მოსაცდელ სივრცეებს შენობის გარეთ. მარცხნივ განთავსებულია ტრანპორტის მოსაცდელი სივრცე, მარჯვნივ კი დიდი რეკრეაციული არეალია. ხის მსგავსი მასალა კარგად ურთიერთქმედებს მწვანე ტერასებთან და გადახურვებთან. ფასადის ჰორიზონტალური განათებები კი ავტობუსების განსხვავებული მარშრუტების სიმბოლოა.“
არქიტექტურა ის სფეროა, რომელიც უზრუნველყოფს ფიზიკური გარემოს შექმნას, თუმცა, ეს ცნება მხოლოდ სივრცის ფიზიკურ შენებას არ ითვალისწინებს, არამედ მოიაზრებს მრავალ ასპექტს კოლექტიურ და ინდივიდუალურ დონეზე. კერძოდ, თუკი ისტორიას მივყვებით, აშკარად დავინახავთ, რომ არქიტექტურა ის ერთ-ერთი მძლავრი გამოხატულების საშუალება იყო და არის, რომლითაც შეგვიძლია დავახასიათოთ და ამოვიცნოთ საზოგადოება, მათი ღირებულებები, მნიშვნელოვანი წარმატებები და კატასტროფები.
ხელოვნებასთან ერთად, არქიტექტურა ხელსაწყოა, რომლითაც ადამიანები არა მხოლოდ სივრცეს ვაშენებთ, საარსებო გარემოს ვქმნით და მნიშვნელობას ვანიჭებთ მას, არამედ ყველაზე ღრმა, ქვეცნობიერ აზრებს გამოვხატავთ.
ადამიანები, როგორც სოციალური ქნილებები, არა მხოლოდ ერთმანეთთან და ბუნებასთან ვურთიერთობთ, არამედ ვამყარებთ ვიზუალურ კავშირებს ხელოვნურ მატერიებთან, ჩვენ მიერვე შექმნილ სივრცეებთან, შენობებთან, ინფრასტრუქტურასთან და ა.შ., ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს კავშირი ინდივიდთა ფსიქოლოგიაზე დადებითად მოქმედებდეს, ვინაიდან ზემოთაღნიშნული პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე, ყოველდღიურ განწყობაზე, შრომისა და შემოქმედების უნარიანობაზე. არქიტექტორების მნიშვნელოვანი ამოცანაა, შექმნან საზოგადოების ყველა წევრზე მორგებული და კეთილდღეობაზე გათვალისწინებული გარემო, რომელიც გამოხატავს როგორც წარსულსა და დღევანდელობას, ასევე მიგვანიშნებს მომავლისკენ სწრაფვაზე. მსგავსი კონკურსები კი ტექნოლოგიური მიღწევების გავლენის საუკეთესო გამოხატულებაა, რომელიც საშუალებას იძლევა საერთო დადებითი მიზნისკენ მომართული ხელოვანები გააერთიანოს და შექმნას საერთო, ღირებული მომავალი.
ავტორები: ანა კუბეცია, ნინა ავდალიანი, ვანო გვენცაძე, გვანცა მარგიანი