in

ოთახის მცენარეები როგორც დიზაინერული ელემენტი

თუკი თვითიზოლაციაში ყოფნა გვიწევს, გავაკეთოთ ეს ლამაზად. ირგვლივ ისეთი საგნები ვიქონიოთ, რომლებიც მხოლოდ დადებითი ენერგიით დაგვმუხტავენ. გონივრულად შერჩეული ოთახის მცენარეები სწორედაც ასეთ მიკროკლიმატს ქმნიან. მცენარეები დიდი ხანია დეკორის  ეფექტურ ელემენტად გადაიქცა. მათი საშუალებით სივრცის არა მხოლოდ გადახალისება , არამედ  ზონირებაცაა შესაძლებელი. სახლების გამწვანების ტრენდი მთელ მსოფლიოშია პოპულარული. არქიტექტორები აპროექტებენ შენობებს ცოცხალი ფასადებით, ზოგიერთ შემთხვევაში კი სახლებს მაღალი ხეების ირგვლივაც აშენებენ.

სასტუმრო ოთახი

ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ისეთი მცენარეები, როგორიც არის მონსტერა, დრაცენა, პალმა, ბანანის ხე, კაკტუსი, გვიმრა, ფაცია, შეფლერა და სხვა.

ბინის გამწვანება ფართის და ოთახების დიზაინის გათვალისწინებით ხდება. ასევე მნიშვნელოვანია, რა ამოცანა აკისრია მას. თუ სივრცის უბრალო გადახალისება გინდათ, რამდენიმე მომცრო მცენარის კომპოზიცია აირჩიეთ. თუ სიმწვანე ინტერიერის ნაწილად გინდათ გამიოყენოთ, მაშინ პალმებსა და ფიკუსებზე იფიქრეთ.

მთავარია მცენარისათვის კომფორტული ადგილი შეარჩიოთ. უნდა აღინიშნოს, რომ ფანჯრის რაფები ყველა სახეობისთვის არაა მისაღები. ბევრ მცენარეს პირდაპირი მზის სხივი და ორპირი განიავება არ უყვარს. განლაგებაც საკმაოდ მოსაწყენი და მოძველებულია.

გამწვანების იდეების წყაროდ შეგიძლიათ ინტერიერის ჟურნალები გამოიყენოთ. დიზაინერები გამწვანებას დეკორის ელემენტად ხშირად იყენებენ.

ახალბედებს ვურჩევთ, არჩევანი დასაწყისისთვის ადვილად მოსავლელ მცენარეებზე შეაჩერონ (მაგალითად, კაკტუსი, რძიანა, ალოე). თუ მიგაჩნიათ, რომ ისინი მეტისმეტად მარტივად გამოიყურებიან, დააკვირდით როგორ იყენებენ მათ დიზაინერები. ნებისმიერი მცენარე შეგვიძლია ლამაზი ქოთნებით დავამშვენოთ.

საძინებელი

 მიზანშეწონილი მცენარეები: ქლოროფიტუმი, სპატიფილუმი, ალოე, კალანხოე, ვეფხისტყავა, მირტი, ლავანდა.

საძინებელი განსაკუთრებული ოთახია და შესაბამისი მცენარეებია საჭირო, რომლებიც დაგეხმარებათ არა მხოლოდ მოდუნებაში, არამედ ჰაერის გაწმენდასა და დატენიანებაში. მცენარეები არ უნდა უშვებდნენ მოტკბო სურნელს, ვინაიდან ის შეიძლება თავის ტკივილისა და უძილობის მიზეზი გახდეს.

სამზარეულო

ამ ოთახს ყველაზე მეტად მიესადაგება ბეგონია, გვიმრა, სინგონიუმი, სურო, სატაცური და ჭორტანა.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ სამზარეულოში მაღალი ტემპერატურაა, რომელსაც ბევრი მცენარე ვერ ეგუება. მაგალითად, მირტი, ყოჩივარდა და იუკა უმჯობესია პერიოდულად მოვარიდოთ სამზარეულოს.

აგრეთვე შესაძლებელია ლამაზის სასარგებლოსთან შეთავსება: ქოთანში იისფერი ბაზილიკის, დეკორატიული წიწაკისა ან თუნდაც ჩვეულებრივი კამას დათესვა. ისინი მშვენივრად იზრდებიან მთელი ზამთრის განმავლობაში და სამზარეულოს ზაფხულის არომატით ავსებენ.

აბაზანა

ამ შემთხვევაში გამოდგება შემდეგი მცენარეები: დრაცენა, სანსევიერია, გუსმანია, ჰოვეა ფორსტერა, ფილოდენდრონ ატომი.

ინტერიერის მცენარეებით გაფორმება კარგად უნდა იყოს გათვლილი.  ხშირად სააბაზანო ფანჯრების გარეშე გვხვდება. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში ისეთი მცენარე უნდა ავარჩიოთ, რომლელსაც კარგად გადააქვს შუქის უკმარისობა და მაღალი ტენიანობა.

სახლის რეკონსტრუქცია გლობალური პანდემიის დროს

SHOWROOM Georgia – კომპანია, რომელიც სივრცის დაგეგმარებისა და მოწყობისთვის საჭირო ყველა მომსახურებას ერთად გვთავაზობს