საბავშვო ოთახის ინტერიერის შექმნა, ერთი შეხედვით, მარტივი საქმე ჩანს, თუმცა, სინამდვილეში, ეს სულაც არ არის ასე. ამ ტიპის სივრცეებში გასათვალისწინებელია ძალიან ბევრი დეტალი (ბავშვის ასაკის მიხედვით) იმისთვის, რომ პატარამ მასში მაქსიმალურად კომფორტულად და დაცულად იგრძნოს თავი. საბავშვო ოთახი უნდა გამოხატავდეს არა მხოლოდ ბავშვის ასაკს ან სქესს, არამედ პირველ რიგში, მის ინტერესებს, მისწრაფებებს, ოცნებებსა და ინდივიდუალურ მახასიათებლებს. არსებობენ მშობლები, რომლებიც ამ გამოწვევას საკუთარი ძალებით ართმევენ თავს და სიამოვნებით ქმნიან ზღაპრულ სივრცეებს შვილებისთვის, თუმცა ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ამ საქმეს მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალებს ანდობენ. ჩვენ ორივე ტიპის პროექტები შევაგროვეთ და სიამოვნებით გიზიარებთ მათ:
სამშვილიანი დედის მიერ შექმნილი ინტერიერი
ცალკე საბავშვო ოთახის მოწყობა თათა კვარაცხელიამ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც შეიტყო, რომ პირველ შვილს ელოდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სახლის დანარჩენი ნაწილი პროფესიონალი დიზაინერის დახმარებით არის შექმნილი, ამ კონკრეტული ოთახის ინტერიერში თათამ თითოეული დეტალი თავად შეარჩია.
ოთახი ვარდისფერი და მწვანე აქცენტებით
ამ პატარა გოგონას დედამ შეძლო, რომ სულ რაღაც 50 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე ბინაში საკუთარი შვილისთვის ცალკე ოთახი მოეწყო. შედეგი კი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა.
მინიმალისტური სტილის ინტერიერი პატარა გოგოსთვის
ამ სივრცის მეპატრონე სკანდინავიური სტილის თაყვანისმცემელია. ეს კარგად იგრძნობა სახლის დანარჩენ სივრცეებშიც. რა თქმა უნდა, ამ მხრივ გამონაკლისი არც საბავშვო ოთახი აღმოჩნდა. აქაური გარემო დახვეწილი სისადავითა და ჰაეროვნებითაა გაჟღენთილი.
ინდივიდუალური ოთახები და-ძმისთვის
ამ ბავშვებს ძალიან გაუმართლათ, ვინაიდან მათ სივრცის გაყოფა არ უწევთ და ახალ სახლში თითოეულ მათგანს ინდივიდუალური ოთახი ერგო. საკმაოდ საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ინტერიერებში მაშინვე იგრძნობა არამხოლოდ ბავშვების სქესი, არამედ ის, თუ რა ინტერესები აქვთ მათ.
მოზარდების ოთახი მუქი აქცენტებით
ამ ინტერიერზე დაკვირვებით, არც ისე რთული გამოსაცნობია, თუ ვის შეიძლება ეკუთვნოდეს ის. ოთახს საკმაოდ კარგი ბუნებრივი განათება აქვს. შესაბამისად, პროექტის ავტორმა თამამად გადაწყვიტა, კედლების ფერი მუქ ტონში გადაეწყვიტა, რასაც ხის ფაქტურა დაუპირისპირა.
დებისთვის შექმნილი “პრინცესული” ოთახი
ამ ოთახის ბინადრები პატარა დები არიან, რომლებსაც, როგორც ჩანს, საკმაოდ იზიდავთ ნაზი ვარდისფერი ტონები. მათი ზღაპრული გარემოს გალამაზებისთვის კი საკუთარმა დედამ, დიზაინერმა ნინო ჟღენტმა იზრუნა.
ფერებით გამდიდრებული ჩრდილოური სტილის ინტერიერი
ეს ოთახი, ისევე როგორც სახლის დანარჩენი სივრცეები, ჩრდილოურ სტილშია გადაწყვეტილი. ინტერიერში დომინანტ ფერად თეთრი გვევლინება, თუმცა ის დაბალანსებულია ხის იატაკითა და საბავშვო თემატიკასთან დაკავშირებული მხიარული ფერებით.
ოთახი მშვიდი ტონებით
ამ ოთახის მეპატრონე ძალიან პატარაა და მას ჯერ კიდევ მშობლების ოთახში სძინავს, თუმცა ამ გარემოებას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ საკუთარი სივრცე ჰქონოდა. სახლი სრულად მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი, შესაბამისად, საბავშვო ოთახშიც იგივე შტრიხებს ვხედავთ. რძის და ღია ატმისფერი ტონები აქ ხის და რატანის აქსესუარებით არის განეიტრალებული.
მზით სავსე ოთახები მოზარდებისთვის
ეს ნათელი ოთახები ნიკა მამულაშვილის შვილებს ეკუთვნით. ინტერიერში თავიდანვე იქცევს ყურადღებას მხიარლული ფერთა გამა და ფანჯრებიდან გადაშლილი ულამაზესი ხედები ქალაქზე, რაც სივრცეებს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს და ბოლო სართულზე ცხოვრების გამოცდილებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
ოთახი პატარა მეცნიერისთვის
ამ სახლში ბევრ საინტერესო დიზაინ გადაწყვეტას ვხვდებით, მათ შორის ერთ-ერთი საბავშვო ოთახია. სივრცე საკმაოდ სადაა, მაგრამ არა უბრალო. ოთახის ცენტრალური აქცენტი ხის სახლი-საწოლია, რომელიც ფისტასფერ ფარდებთან მიმართებაში საკმაოდ საინტერესო კომბინაციას ქმნის. აქვეა ტელესკოპიც, რაც სივრცეს კიდევ უფრო ჯადოსნურ ხასიათს სძენს.
ოთახი პატარა გოგონასთვის ხელით მოხატული კედლებით
ეს ოთახი პატარა სოფის ეკუთვნის და ის ერთი ნახვით აღფრთოვანებას იწვევს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კედლების მოხატულობა ხელით არის შესრულებული და ეს ნამუშევარი იმდენად ზღაპრულია, რომ უფროსებზეც კი დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს.