Valentino Architects-მა მხატვრის – ფრენკ პორტელის მალტაში მდებარე სტუდია და სახლი მისი შვილიშვილის თანამედროვე რეზიდენციად გადააკეთა. სახლი სახელად La Serenissima სოფელ ატარდში – ხმელთაშუა ზღვის კუნძულის ცენტრში მდებარეობს.
პორტელიმ, რომელიც თავისი კუბისტური ნამუშევრებითა და ფრესკებით არის ცნობილი, სახლი თავდაპირველად 1995 წელს დააპროექტა. მხატვარმა პროექტში მრავალი ფანჯარა და შემინული სახურავი ჩართო, რათა ეს ადგილი როგორც საცხოვრებლად, ასევე ხატვისთვის იდეალური ყოფილიყო.
Valentino Architects-ს არსებული სტრუქტურის მხატვრის შვილიშვილის სახლად გადაკეთება დაევალა. არქიტექტურულმა სტუდიამ მუშაობა სახლის უკიდურეს სამხრეთ წერტილში ამაღლებული ტერასის დამატებით დაიწყო.
ეს მიზანი მიღწეულ იქნა სივრცეში ხის იატაკის დამატებითი დონის ჩართვით და, შედეგად, ერთგვარი ღია ცის ქვეშ მდებარე ტერასა შეიქმნა, რომელიც ინტერიერისგან მინის სრიალა კარის მეშვეობით არის გამოყოფილი. ხის რამდენიმე საფეხური, რომლებიც დასაჯდომადაც გამოდგება, ჩადის სამზარეულოში, რომელიც შავი ფერის კარადებითა და დიდი კუნძულით არის აღჭურვილი.
სამზარეულოს მოპირდაპირედ მოწყობილია სასადილო ზონა. აქ Valentino Architects-მა შეინარჩუნა პორტელის ერთ-ერთი ორიგინალური შრეებიანი ფიცრის განწყობის დაფა, რომლის ზოგიერთი ხელით დაწერილი ანოტაცია და შენიშვნა ჯერ კიდევ ხელუხლებელი იყო.
სახლის აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძზე არის პატარა შიდა ეზო და ლურჯად შეღებილი კაბინეტი, რომელიც ისრული თაღებით არის გარშემორტყმული.
სახლში წარმოდგენილი შუა საუკუნის ავეჯისა და განათების უმეტესობა პორტელის საკუთრება იყო, რომელიც შემდგომ Valentino Architects-მა აღადგინა.
იატაკზე დაგებული ფილებით შედგენილია კუბური გამოსახულებები – ასეთი ფორმები მხატვრის ნახატებში ხშირად გვხვდება.
სახლის ჩრდილოეთ ბოლოში გვხვდება უზარმაზარი ალმასის ფორმის ფანჯარა, რომელიც შენობის კედლის ფარგლებს ცდება. ფანჯრის ერთ მხარეს განთავსებულია საძინებელი ოთახი, ხოლო მეორე ნაწილში კი აბაზანა თეთრი კაფელით.