ეს ლამაზი, ეკოლოგიური პატარა სახლი ვიქტორიაში (ავსტრალია) სამხრეთ გიპსლენდის სანაპიროს გადაჰყურებს. Jackie Winters Waters – როგორც კოტეჯს უწოდებენ, არის ეკოლოგიური თავშესაფარი, რომლის დაქირავება Airbnb-ზე არის შესაძლებელი.
ეს პატარა სახლი Imogen Pullar Architecture-ის მიერ არის შექმნილი, როგორც ადგილი გონებისა და სხეულის დასასვენებლად, ბუნებასთან კავშირის დასამყარებლად. როდესაც ამ სახლს პირველად დააკვირდებით, იგრძნობთ, რომ საქმე რაღაც განსაკუთრებულთან გაქვთ. მთელი ექსტერიერი ფერადი კედლის მხატვრობით არის მორთული.
აყვავებული სიმწვანით გარშემორტყმული ეს პატარა სახლი თავისი ფერადი ექსტერიერით ნამდვილად გამოირჩევა. გამოყენებული ფერები მიმდებარე ლანდშაფტს შესანიშნავად ერწყმის.
შენობის შიდა დიზაინი მარტივი, მაგრამ ლამაზია. გამოყენებულია ბუნებრივი მასალები, დახვეწილი ფერები და დიზაინის მინიმალისტური მიდგომა. თუ ეძებთ ადგილს, სადაც საკუთარ თავზე ფოკუსირება და ბუნებასთან ერთობის შეგრძნება შეგეძლებათ, მაშინ ეს ადგილი თქვენთვისაა. აქ ვერ შეხვდებით ტელევიზორს და მობილური კავშირიც შეზღუდულია.
სივრცე პატარაა, მაგრამ იდეალურად არის მოწყობილი. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე მარჯვნივ მოთავსებულ დივანს სათავსო აქვს, მარცხნივ ხედავთ სამზარეულოს, ხოლო მარჯვნივ კარი აბაზანაში გადის.
სამზარეულოსა და აბაზანის გამყოფ კედელში ჩამალულია ჩაშენებული კარადა, რომელიც სამზარეულოს მთავარ სათავსოს წარმოადგენს.
საძინებელი სხვენის სივრცეშია განთავსებული, მაგრამ თუ პირველ სართულზე დაძინება გირჩევნიათ, შეგიძლიათ მისაღებ ოთახში არსებული დივანი გამოიყენოთ.
იატაკიდან ჭერამდე აღმართული ფანჯრებიდან სამხრეთ გიპსლენდის სანაპიროსა და მიმდებარე ლანდშაფტზე გასაოცარი ხედი იშლება.
მეპატრონეებმა მიზნად დაისახეს ჯანსაღი, კომფორტული და ენერგოეფექტური სახლის შესაქმნელად გამოეყენებინათ ნაკლებად ტოქსიკური მასალები, სახლის მთელ ფართობზე უწყვეტი და სრული იზოლაცია, ორთქლის გამტარი ჰერმეტული ფირები და სითბოს აღმდგენი ვენტილაციური სისტემა.
აქტიური გათბობა და გაგრილება მხოლოდ ექსტრემალური ამინდის პირობებშია საჭირო – სახლს ფანჯრები ზამთარში მზის სითბოთი, ხოლო ზაფხულში გრილი ნიავით უზრუნველყოფს.