სარა ჯესიკა პარკერმა თავისი დიდი ხნის ინტერიერის დიზაინერთან და Wallshoppe-ის კრეატიულ დირექტორთან – ერიკ ჰიუზთან ერთად შპალერის ხაზი გამოუშვა. პარკერისა და ჰიუზის კოლექცია, რომელიც 26 მაისს ექსკლუზიურად Wallshoppe-ში გამოვიდა, მოიცავს 15 პრინტს – 193 ვარიაციით.
„სარა ჯესიკას ხედვა და დიზაინის შეგრძნება სპეციფიკურია“ – ამბობს ჰიუზი, „ეს მისი პირადი სტილია. ამის დანახვა შეგიძლიათ ყველაფერში, რასაც ის აკეთებს, იქნება ეს ჩაცმულობა, თუ მისი სახლი“.
კოლექცია არის ნაყოფი 35-წლიანი მეგობრობისა, რომელიც დაიწყო მაშინ, როდესაც პარკერმა თავისი სახლის დასამშვენებლად ჰიუზი პირველად დაიქირავა. „იყო მომენტი, როდესაც კინოს ბიზნესი დავტოვე და არ ვიცოდი, რისი გაკეთება მინდოდა“ – ამბობს ჰიუზი, „სარა ჯესიკამ თავისი სახლის გაფორმების იდეა მომაწოდა. მან დაინახა ჩემში ის, რასაც მაშინ ვერ ვხედავდი – შემეძლო დიზაინით გატაცება კარიერად მექცია“.
პირველი პროექტის აღებიდან სამი ათწლეულის განმავლობაში ჰიუზმა მრავალი გახმაურებული პროექტი შეასრულა და შეუერთდა WallShoppe-ს – ლოს-ანჯელესში დაფუძნებულ კომპანიას, რომელიც შპალერის წარმოებაშია სპეციალიზებული.
საერთო გატაცებაზე ფიქრი მაშინ დაიწყეს, როდესაც კოვიდ-19-ით გამოწვეული ლოკდაუნის დროს ჰიუზი პარკერის მეუღლის – ბროდერიკის ვესტ ვილიჯში (ნიუ-იორკი) მდებარე სახლის რედიზაინით იყო დაკავებული.
შპალერის ცნობილი დებიუტი შედგა კერი ბრედშოუს ძველ ბინაში, რომელიც And Just Like That-ის გადასაღებ მოედნად გამოიყენეს. „ბინის დასრულება გადაუდებელი აუცილებლობა იყო“ – ამბობს პარკერი. „ჩვენს დიზაინერთან და გადასაღები მოედნის დეკორატორთან ერთად ვცდილობდით, რომ გვეპოვა მნიშვნელოვანი ნიმუშები, რომლებიც საინტერესო ვიზუალურ ისტორიას მოგვითხრობდა და, იმავდროულად, კერის გემოვნებას შეესაბამებოდა“.
პარკერმა, რა თქმა უნდა, ჰიუზი მოიხმო. „მე მიხაკის ნიმუში მოვიტანე და ვიღაცამ მასშტაბის გაორმაგება შემოგვთავაზა“ – ამბობს ჰიუზი, „და მათ ეს გააკეთეს. ეს ჯადოსნური იყო. ეს ოთახი უბრალოდ საოცარია”.
მომდევნო თვეებში დუეტმა მთელი კოლექცია შეიმუშავა, მათ შორის ყვავილების უამრავი ნიმუში: ქრიზანთემები, დედოფალ ანას მაქმანი (რომელიც, პარკერის თქმით, ახსენებს ყვავილებს, რომელიც ლონგ აილენდზე მდებარე მის სახლთან იზრდება) და, რა თქმა უნდა, მიხაკები. „ვიცი, რომ მიხაკებს ძველმოდურად მოიაზრებენ და ეს არ არის იშვიათი, ძნელად მოსაპოვებელი ყვავილი“ – ამბობს პარკერი, „მაგრამ ჩემთვის ისინი მარადიულია. მიხაკი სავსეა მოცულობითა და ფერებით, ძალიან ტრადიციულია და, ვფიქრობ, სულაც არ არის ძველმოდური“.
„ამ თანამშრომლობამ ნამდვილად გვიბიძგა მივსულიყავით იმ ფერებამდე, რომლებიც Wallshoppe-ის მიერ აქამდე წარმოებულ ტონებს სცდება“ – ამბობს ჰიუზი. პარკერი იმედოვნებს, რომ ვარიანტების სპექტრი ხალხს შთააგონებს, რომ ფერები უფრო თამამად აირჩიონ და იფიქრონ ფერის გამოყენებაზე ისე, როგორც აქამდე არ უფიქრიათ. „ყოველთვის მეგონა, რომ შპალერი ადამიანების იშვიათი კატეგორიის პროდუქტი იყო“ – ამბობს პარკერი, „იმედი მაქვს, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული კოლექციის საშუალებით ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარებას შევძლებთ და ყველას ვანახებთ, რომ ის, რასაც ჩვენ ვქმნით ყველასთვისაა“.