ეს ორსართულიანი ბინა ვაკეში, ალექსანდრე იოსელიანის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 270 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ამ სივრცის მეპატრონე ნინო პაიჭაძეა, რომელსაც ძალიან მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია. ნინო არის თვითნასწავლი მხატვარი, პოლიციის ლეიტენანტი, წარსულში როკ ბენდის ვოკალკსტი, ტატუ არტისტი, გაყიდვების აგენტი, სტილისტი და დიზაინერი. განათლება თბილისის სამხატვრო აკადემიაში, დიზაინის ფაკულტეტის განხრით აქვს მიღებული და ამჟამად ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის მაგისტრია.
„ჩემმა პიროვნულმა თვისებებმა და ასეთმა მრავალფეროვანმა სამუშაო გამოცდილებამ მომცა ადამიანებთან ურთიერთობის, საჭიროს დანახვისა და შემდგომ ამ იდეის მათთვის მიწოდების კარგი უნარი, რაც ვთვლი, რომ აუცილებელი თვისებაა დიზაინერისთვის, რადგან საბოლოო ჯამში, დიზაინერმა შეთავაზებული იდეა უნდა გაყიდოს, რათა მიიღოს სასურველი შედეგი, რითაც შემდგომ დამკვეთიც კმაყოფილია, შემსრულებელიც და ხელოსნებიც,” – გვიამბობს ნინო
როგორც ჩვენი რესპონდენტისგან ვიგებთ, მან ბავშვობა ლამაზი ხედის მქონე სახლში გაატარა და სწორედ ამ პერიოდიდან უკვე იცოდა, რომ მის მომავალ სახლს აუცილებლად დიდი ვიტრაჟები და ასეთივე ლამაზი ხედი ექნებოდა. ეს ყველაფერი კი რეალობად სულ რაღაც 3 წლის წინ იქცა, როდესაც ნინო და მისი მეუღლე სრულიად შემთხვევით, ქუჩაში სეირნობისას, წააწყდნენ უზარმაზარი პანორამული ფანჯრების მქონე ბინას, რომელიც სამსართულიანი სახლის ბოლო სართულზე მდებარეობდა.
„მაშინ ჩვენ ჯერ არც ვიცოდით, გაყიდული იყო თუ არა ეს ფართი. თუმცა, იმდენად მოვიხიბლეთ, ბინაში ხის კიბით ავძვერით პატარა ბანდიტი ბავშვებივით. იქ მოხვედრისთანავე კი გადავწყვიტეთ, რომ ეს სივრცე ჩვენი უნდა გამხდარიყო და ასე შევიძინეთ ჩვენი ახალი სახლი. შოკისმომგვრელი ხედი, სუფთა ჰაერი, უზარმაზარი ვიტრაჟები და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ქალაქში – ამაზე უკეთესი რა უნდა გვესურვა. ძალიან გაგვიმართლა, რომ ყველას დავასწარით ამ ბინის ყიდვა,“- გვიამბობს ნინო
ახალმა მეპატრონეებმა ფართი ე.წ. “შავი კარკასის” მდგომარეობაში ჩაიბარეს. ნინოსთვის ეს პირველი დიზაინ პროექტი იყო. სწორედ ამიტომ, იგი ამ საქმეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობითა და ორმაგი ენერგიით შეუდგა.
„ყველა დეტალი, რომელიც გაკეთდა ამ სახლში, ჩემი უშუალო კურირებით განხორციელდა. მაგალითად, კედლების არასტანდარტული დახრების გამო, აგურების მიმართულებებს თავად ვანაწილებდი, ვდებდი და კედლების ამოშენებაშიც კი ვიღებდი მონაწილეობას. კარგი ხელოსნებისთვის სიხარული ვიყავი, მაგრამ ცუდი ხელოსნებისთვის – კოშმარი.“
ნინომ სრულად შეცვალა ბინის თავდაპირველი გეგმარება, ვინაიდან არსებული პროექტი არ შეესაბამებოდა მის გემოვნებას. ამას გარდა, დიზაინერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, საკუთარ საცხოვრებელში ფენ-შუის პრინციპების გათვალისწინება, რასაც ასევე დიდი ყურადღება დაუთმო. საბოლოო ჯამში, მოხდა კიბის უჯრედის სხვა ადგილას გადატანა, ხოლო გეგმარება საკმაოდ არასტანდარტული გამოვიდა.
რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, ეს პროცესი ნინომ ჩანახატებით დაიწყო. ის სათითაოდ ხატავდა ოთახებს და ხელით ასრულებდა განშლებს.
„მივიჩნევ, რომ ნებისმიერი ასეთი პროცესი ხელოვნებაა და ამიტომ ფურცელთან, საღებავებთან და შემოქმედებით პროცესთან უნდა იყოს ახლოს. ასე მუშაობდა ყველა ძველი დიზაინერი, რომლებიც ჩემი დაკვირვებით, ამ საქმეს როგორც ხელოვნებას, ისე უდგებოდნენ. დახატული ინტერიერი მეტად ფასობს, ვიდრე 3D რენდერი, რომლის თეთრი კედელიც ლამაზად გამოჩნდება, მაგრამ რეალობაში, უბრალო თეთრი კედელია. ასე რომ, როდესაც ფანქარში ან ფერში შეგიძლია ამ ყველაფრის ფურცელზე გადმოტანა, ის რეალობაშიც კარგი გამოვა.
ინტერიერის არანაირი თავდაპირველი გეგმა არ მქონია. ის ნელ-ნელა გაჩნდა, როდესაც წარმოვიდგენდი სახლში შესვლის პროცესს. ვფიქრობდი, თუ რა ფერი მესიამოვნებოდა, რა მასალა და რა ტიპის განათება. შემდეგ ამ დეტალებს მეუღლესთანაც გავდიოდი, რომ ეს ყველაფერი მისთვისაც სასიამოვნო ყოფილიყო. ასე მგონია, რომ თითქოს, სანამ სახლი მოეწყობოდა, მანამდეც ვგრძნობდი მას. აბსოლუტურად ერთი წვრილმანიც არ გავუშვი ისე, რომ დასახული მიზანი არ შესრულებულიყო.“
მიზანი კი, ჩვენი რესპონდენტის თანახმად, იყო მყუდრო, ფერადი, ნათელი და ეკლექტური სივრცის შექმნა, რომელიც იქნებოდა ყველასგან განსხვავებული და გააერთიანებდა ბევრ სხვადასხვა სტილს.
“ჩვენ გვსურდა, რომ სახლში გვქონოდა მოსასვენებელო კუთხე ბუხრით, ბიბლიოთეკა, გარდერობი, დიდი სამზარეულო და მისაღები, ვრცელი და ნათელი სახელოსნო, ოფისი და საინტერესო კორიდორი. ეს უნდა ყოფილიყო ყველა განწყობაზე მორგებული სახლი. სწორედ აქედან გამომდინარე, ზედა და ქვედა სართულები სრულიად განსხვავებული სტილებშია გადაწყვეტილი. შეიძლება ითქვას, რომ ბინის დიზაინი არის მოძრავი, გემრიელად და საინტერესოდ გარდამავალი ერთმანეთში, ისე, რომ მთელი სახლი ორგანულია და ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს ხედები, ფერები თუ სტილები. ამას გარდა, გამოყენებულია უამრავი ტიპის განათება: დეკორატიული, კედლის, ნეონის თუ ვინტაჟური, რათა ინტერიერში ყველანაირი განწყობა იგრძნობოდეს,“ – გვიამბობს პროექტის ავტორი
იმისთვის, რომ შეცდომების რაოდენობა მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი, ნინომ საკმაოდ დიდი ყურადღება დაუთმო პროექტის ტექნიკურ მხარეს. ამ მხრივ მას ანუშკა გამისონია უწევდა ასისტირებას, რომელიც ყველა დეტალს ავტოკადის პროგრამაში ხაზავდა და პროექტის ავტორს იდეალური შედეგის მიღწევაში ეხმარებოდა.
კითხვაზე, თუ როგორ დაახასიათებდა საკუთარ სახლს, ნინო შემდეგნაირად გვპასუხობს:
“ის მე ვარ და შესაბამისად, ეს სახლი ჩემს მეუღლესაც ძალიან უყვარს. ეს არის ფერადი, ხმაურიანი, განსხვავებული, თბილი ბინა, რომელიც ბევრ ხალხს მიიღებს და ჩაიკრავს გულში, აჭმევს, დაასვენებს, ასწავლის, გაათბობს და თუ ვინმეს წასვლა უნდა, თავისუფლად გაუშვებს კიდეც.”
პროექტის ავტორი: ნინო პაიჭაძე.
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე