in

რა არის Color-Block და როგორ გამოვიყენოთ ის ინტერიერში?

ბევრი ადამიანი ნათელ ინტერიერს სიფრთხილით ეკიდება – ალბათ ამიტომ არის, რომ უმეტეს ტიპურ თანამედროვე აპარტამენტში, დიზაინერის მონაწილეობის გარეშე გაფორმებულ სივრცეში, ნათელ კედლებსა და ნეიტრალური ფერის ავეჯს შეხვდებით. თუმცა, გახსოვდეთ, რომ არასოდეს არის გვიან, თქვენს ცხოვრებას ფერები შემატოთ და სცადოთ რაიმე ახალი, მაგალითად, color-block.

რა არის Color-Block?

Color-block-ის კონცეფცია დიზაინის ინდუსტრიაში მოდის სამყაროდან მოდის და მასში დიდი ფერადი ლაქების დახმარებით გამოსახულებების შექმნა იგულისხმება. ინტერიერის თვალსაზრისით, ბევრი დიზაინერი color-block-ს აქცენტურ კედელს უკავშირებს. იმავდროულად, ეს ტექნიკა, შესაძლოა, კედლის გაფორმებასთან საერთოდ არ იყოს დაკავშირებული: color-block-ის შექმნა შესაძლებელია ავეჯის და ქსოვილების, ჭერის ან იატაკის დეკორაციის გამოყენებით.

საიდან დავიწყოთ მშვიდი ინტერიერის Color-Block-ის საშუალებით განახლება?

უმჯობესია ეს მოგზაურობა სახლის მეორეხარისხოვანი ნაწილებიდან დაიწყოთ. შემოსასვლელი, გარდერობი ან სტუმრების საძინებელი, შესაძლოა, ექსპერიმენტებისთვის შესანიშნავი „პოლიგონები“ იყოს. ასეთ ოთახებში ფერებთან მუშაობისას თავს გაცილებით თამამად იგრძნობთ, რადგან ოთახები, რომლებშიც თქვენი დროის ძირითად ნაწილს ატარებთ, უცვლელი რჩება. გარდა ამისა, თუ რაიმე არასწორად წარიმართება და შედეგი არ მოგეწონებათ, თქვენი რეაქცია ნაკლებად მძაფრი იქნება.

კიდევ ერთი ვარიანტი არის წერტილოვანი მუშაობა. მაგალითად, გამოიყენეთ color-block წიგნების თაროების დიზაინში: დასაწყისისთვის, შეგიძლიათ თქვენი ბიბლიოთეკის წიგნები უბრალოდ ყდის ფერების მიხედვით დაალაგოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგათ უფრო თამამი ნაბიჯი, როგორიც არის თაროს გადაღებვა.

შეცდომები, რომელთა დაშვებასაც უნდა მოვერიდოთ

ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ არის ფერის მასშტაბი: იმისათვის, რომ ფერის ელემენტები იკითხებოდეს, ისინი, ინტერიერის მოცულობაში საკმაოდ დიდი უნდა იყოს. ამ პრინციპის ასახსნელად მარტივ მაგალითს შემოგთავაზებთ: 30 კვ/მ-ის სიდიდის ნეიტრალური ფერებით გაფორმებულ მისაღებ ოთახში ორი 50 x 50 სმ-ის ზომის ფერადი ბალიში გამოიყურება არა როგორც ფერთა აქცენტი, არამედ როგორც უცხო საგანი.

იმისათვის, რომ ფერთა პროპორციები არ დაირღვეს, კარგი არჩევანია „60-30-10“ წესის დაცვა. ამ წესის გამოყენებისას ინტერიერის 60%-ს უნდა შეადგენდეს დომინანტური ფერი, 30%-ს – შემავსებელი ფერი, ხოლო 10%-ს – აქცენტის ელფერი. თუ color-block-ს იყენებთ, შეეცადეთ თავიდან აიცილოთ პრინტები, პატარა ორნამენტები და ნახატები: ისინი ფერის აღქმას უშლის ხელს.

კიდევ ერთი შეცდომა, რომელიც შეიძლება ინტერიერის color-block-ის გამოყენებით გაფორმებისას იყოს დაშვებული, არის ტონის შეუსაბამობა. დამწყებებმა, როგორც მინიმუმ, პასტელური და ნეონური ელფერები ერთმანეთში არ უნდა აურიონ.

რამდენი ფერი უნდა გამოვიყენოთ Color-Block-ის შესაქმნელად?

ალბათ გსმენიათ, რომ ოთახში სამ ფერზე მეტი არ უნდა გამოიყენოთ, მაგრამ ეს ასე არ არის. ცოცხალ, თანამედროვე ინტერიერში შეგიძლიათ ათი ან ოცი ელფერიც შემოიტანოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი იქნება თუ ორი ან სამი კონტრასტული ან პირიქით, დაკავშირებული ფერის შემოღებით დაიწყებთ. ამ შემთხვევაში, შერჩეული ელფერების ფარგლებში შეგიძლიათ რამდენიმე ნახევარტონი გამოიყენოთ.

როგორ უნდა მოვერიდოთ ფერის შერჩევისას შეცდომის დაშვებას?

ფერების შერჩევისას მნიშვნელოვანია, რომ ოთახში ბუნებრივი განათების რაოდენობა გაითვალისწინოთ და ასევე, კუთხე, რომლიდანაც ოთახში, ფანჯრის გავლით, შუქი შემოდის. ყვითლის ერთი და იგივე მშვიდი ელფერი შეიძლება სხვადასხვა გარემოში განსხვავებულად გამოიყურებოდეს – პირქუშად ან მხიარულად.

საღებავის ყიდვამდე გაანალიზეთ ოთახის პარამეტრები და თქვენ მიერ მოწონებული საღებავის ნიმუში აიღეთ. ამ გზით თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ, თუ როგორ გამოიყურება კონკრეტული ფერი ბუნებრივ და ხელოვნურ შუქზე, როგორ იცვლება ის დღის განმავლობაში. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ ტექსტურები: უხეშ და მქრქალ ზედაპირზე ფერი უფრო მშვიდი ჩანს, ხოლო გლუვ ზედაპირზე – უფრო ინტენსიური.

სტერეოტიპების მიხედვით, არსებობს რამდენიმე მყვირალა ფერი, რომელიც ინტერიერში არ უნდა გამოიყენოთ. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ნებისმიერი, ყველაზე კაშკაშა ფერიც კი შეიძლება კომფორტული იყოს – ეს ყველაფერი პიროვნების ინდივიდუალურ აღქმაზე, ტემპერამენტსა და ფსიქოლოგიურ მახასიათებლებზეა დამოკიდებული. სხვათა შორის, color-block-ის ტექნიკა ექსკლუზიურად ინტენსიურ ფერებთან არ უნდა იყოს ასოცირებული: მქრქალ საფართან ერთად, მშვიდი ფერები ჰარმონიული და იმავდროულად ეფექტური კომპოზიციების შექმნაში დაგეხმარებათ.

როგორ გავაერთიანოთ ფერები?

ისეთ რთულ ამოცანაში, როგორიც არის ფერების კომპეტენტური კომბინაცია, შესაძლოა, კარგი ასისტენტი იოჰანეს იტენის (შვეიცარიელი მხატვარი, დიზაინერი, მწერალი და ხელოვნებათმცოდნე) ფერების ბორბალი გახდეს. ამ წრის ცენტრში არის ძირითადი ფერები: ლურჯი, წითელი და ყვითელი. შემდეგი რიგი შედგება მეორეული ფერებისგან, რომლებიც პირველადი ფერების შერევით მიიღება. გარე რიგი მესამეული ფერებისგან შედგება (თითოეული ელფერი ძირითადი და მეორეული ფერების კომბინაციის შედეგია). ფერებს, რომლებიც გარე მწკრივზე ერთმანეთის გვერდით არის განთავსებული, ანალოგური ფერები ეწოდება. ერთმანეთის პირისპირ განლაგებულ ელფერებს დამატებით ფერებს უწოდებენ. Color-block-ის ეფექტის შესაქმნელად, შეგიძლიათ რამდენიმე დროში გამოცდილ ფერთა სქემიდან ერთ-ერთს დაეყრდნოთ.

ექსპრესიული ინტერიერის შესაქმნელად, ბორბალზე ერთმანეთის საპირისპიროდ მოთავსებული ელფერები შეუთავსეთ: წითელი და მწვანე, ყვითელი და იასამნისფერი, ლურჯი და ნარინჯისფერი.

თუ ორი ელფერი თქვენთვის საკმარისი არ არის, ფერთა ბორბალზე ტოლფერდა სამკუთხედი დახაზეთ და სამუშაოდ მის წვეროებზე მოთავსებული ფერები აიღეთ.

თუ ინტერიერში კიდევ უფრო მეტი ფერის გამოყენება გსურთ, დახაზეთ კვადრატი: ერთი ფერი იქნება მთავარი, ორი – შემავსებელი, ხოლო მეოთხე – აქცენტის ფერი.

ამ ვარიანტს, რომელიც გარკვეულწილად წინას მსგავსია, „ანალოგიის აქცენტი“ ეწოდება. აირჩიეთ სამი დაკავშირებული ფერი, შემდეგ კი ერთი კონტრასტული ფერი ბორბლის მოპირდაპირე მხრიდან.

უფრო რთული პალიტრის შესაქმნელად, შეარჩიეთ ორი ფერის წრის ერთ მხარეს და კიდევ ორი ფერი მოპირდაპირე მხარეს – ისინი პირობითად X ასოს ქმნის. თითოეული მხარის ფერები ანალოგები უნდა იყოს.

ზოგიერთი ინტერიერის დიზაინერი იტენის ბორბალს სკეპტიკურად უყურებს და მიიჩნევს, რომ ინტერიერი არის მოცულობა, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღის განმავლობაში იცვლება და მასში შემავალ შუქზეა დამოკიდებული.

თუ თქვენი ფერთა შეხამების შესაძლებლობებში დარწმუნებული არ ხართ, შეგიძლიათ თქვენთვის მიმზიდველი ფერების კოლექციები საღებავის მწარმოებლებთან მოიძიოთ. ზოგიერთი ბრენდი რამდენიმე შეხამებული ელფერისგან შემდგარ მზა პალიტრებსაც გვთავაზობს.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

კომპანიები თბილისში, სადაც მწერებისგან დამცავ ბადეებს დაგიმზადებენ

სიდნეიში მდებარე 1882 წლის კოტეჯის რენოვაცია Porebski Architects-ის მიერ