ავეჯის ინდივიდუალური შეკვეთით დამზადება დღესდღეობით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომსახურებაა. იმის გათვალისწინებით, რომ უცხოეთიდან გამოწერილი პროდუქტის ტრანსპორტირება საკმაოდ დიდ ფინანსურ ხარჯებთან და დროის რესურსთან ასოცირდება, მომხმარებლები სულ უფრო ხშირად სარგებლობენ ადგილობრივი ავეჯის კომპანიების სერვისებით, რაც მათ საკუთარ გემოვნებასა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქციის შეძენის საშუალებას აძლევს.
უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი მომსახურება საქართველოში მნიშვნელოვნად დაიხვეწა ბოლო წლების მანძილზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი ავეჯის საწარმოები ნამდვილად შეძლებენ ნებისმიერი თქვენი სურვილისა და დიზაინ ფანტაზიის რეალობად ქცევას. თუმცა, რა ღირს ეს სიამოვნება? ეს არის კითხვა, რომელსაც ყველა ავეჯის კომპანიის სოციალური ქსელის გვერდზე წააწყდებით, მაგრამ პასუხს ვერსად იპოვით. რატომ არის შეუძლებელი კონკრეტული ფასის დასახელება და როგორ ითვლება შეკვეთილი ავეჯის ღირებულება? ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად ჩვენ დარგის სპეციალისტებს, კომპანია Furniture I am-ს მივმართეთ.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, შეკვეთით დამზადებული ავეჯის საბოლოო ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად, მხოლოდ და მხოლოდ დამკვეთის სურვილებისა და მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ. აქედან გამომდინარე, წინასწარ შეუძლებელია ერთი კონკრეტული, ზოგადი ფასის დადგენა.
მნიშვნელოვანია, მომხმარებელი აცნობიერებდეს, რომ შეკვეთილი ავეჯის ღირებულებაზე 6 მნიშვნელოვანი კომპონენტი ახდენს გავლენას. შესაბამისად, პროდუქტის საბოლოო ფასი სწორედ ამ მახასიათებლებზეა დამოკიდებული:
1.მასალების შერჩევა და აწყობის ტიპი
მასალების ფასები განსხვავდება კატეგორიის, ბრენდის და დამუშავების მიხედვით. ის, თუ როგორ აიწყობა თქვენი ავეჯი, პირდაპირ არის დაკავშირებული მის ხარისხთან. ყველაზე ბიუჯეტური აწყობის ხერხია თვითდამჭერი ხრახნის გამოყენება, თუმცა ის არც ისეთი ხარისხიანია, რადგან აზიანებს ფილის სტრუქტურას. ასეთი აწყობის ხერხი დროთა განმავლობაში იწვევს ავეჯის დაშლას და შემდგომ გავლენას ახდენს ავეჯის ვიზუალურ მხარეზე.
შემდეგი აწყობის ხერხია ტექნიკა მინიფიქსითა და ევროვინტით. ეს უფრო მაღალი ღირებულების მომსახურებაა, სამაგიეროდ, ის გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ავეჯის ექსპლუატაციის ვადა უფრო ხანგრძლივი იქნება. ამასთან ერთად, ამ ტექნიკის საშუალებით ავეჯის დაშლა-აწყობა მისი დაზიანების გარეშე ხდება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მასალა (გარდა მასიური ხისა) შეიცავს ფორმალდეჰიდს, ამიტომ აუცილებელია, ყურადღება გამახვილდეს დაწიბოებაზე. რა არის დაწიბოება? დაწიბოება გულისხმობს დეტალების ტორეცების დამუშავებას წიბოთი. საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, წიბოთი უნდა დამუშავდეს ყველა დეტალი (ანუ არ უნდა ჩანდეს “დსპ”). რატომ? წიბო ასრულებს რამდენიმე ფუნქციას: 1.ვიზუალური მხარე – დეტალი ამ ფორმით ბევრად მიმზიდველია ესთეტიკურად, 2. უსაფრთხოება – ფარავს მასალის ჭრის ადგილებს და აკავებს მავნე ნივთიერებების გამოყოფას, 3. ხარისხი – წიბოს გარეშე ექსპლუატაციის დრო კლებულობს, რადგან ღია დსპ იღებს ნესტს და შემდგომში მასალა იბერება და იშლება.
კონკრეტულად რას და როგორ უნდა მივაქციოთ ყურადღება დაწიბოების კუთხით?
იმ შემთხვევაში თუ არ ხართ დარწმუნებული კომპანიის სანდოობაში, არსებობს გზა, რომლის საშუალებით თავად შეძლებთ დაწიბოების ხარისხის შემოწმებას. ამისთვის საჭიროა შევათვალიეროთ ნაკეთობა. პირველ რიგში, ჩვენ არ უნდა ვხედავდეთ დსპ-ს. შემდგომ გავუსვათ ხელი (მაგალითად, გამოსაწევი უჯრის ქვეშ ) ზედაპირს, ის უნდა იყოს სრიალა. აუცილებელია, წიბო იყოს კარგად მიკრული მთელ სიგრძეზე. სცადეთ მისი ხელით მოძრობა, ეს ვერ უნდა შეძლოთ. არსებობს სხვადასხვა სისქის წიბო. სასურველია, რომ ადგილები, რომლებსაც ეხებით (ფასადები, თაროები და ა. შ.) იყოს დამუშავებული 1მმ ან 2 მმ წიბოთი, რადგან ასეთი წიბო მეტად გამძლეა მექანიკური დაზიანებისა და ტემპერატურის ცვლილების მიმართ, ასევე სასიამოვნოა შეხებითაც (მაგალითად, 0,4 მმ წიბოთი დამუშავებულმა დეტალმა თავისუფლად შესაძლოა დაგკაწროთ).
2. ნაკეთობის გაბარიტები და მასზე მასალის ხარჯი
შემდეგი პუნქტი, რაც პროდუქტის საბოლოო საფასურზე ახდენს მნიშვნელოვან გავლენას, არის საჭირო მასალის რაოდენობა. მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო გაბარიტულია ნაკეთობა, მით მეტი მასალა დაიხარჯება მის დამზადებაზე. მასალის ხარჯში იგულისხმება წარმოებული ავეჯის შევსება. მაგალითად, ერთი და იგივე ზომისა და მასალის კარადა შეიძლება განსხვავდებოდეს ღირებულებით იმის მიხედვით, თუ როგორ იქნება ის დაკომპლექტებული, ანუ იქნება მასში მეტი საკიდი თუ თარო, ექნება თუ არა გამოსაწევი უჯრები ან სხვა დამატებითი მექანიზმები (მაგალითად: შარვლის საკიდი, პანტოგრაფი და ა.შ.)
3. კონსტრუქციის სირთულე
რა თქმა უნდა, კარგი სპეციალისტები შეძლებენ ნებისმიერი “ზღაპრის” რეალობად ქცევას. თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ რთული კონსტრუქციული გადაწყვეტა გარანტირებულად გაზრდის ნაკეთობის საბოლოო ღირებულებას.
4. ფურნიტურა
ეს არის ავეჯის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი და აქ სრულყოფილების ზღვარი, ფაქტობრივად, არ არსებობს. მაღალი ხარისხის ავეჯის წარმოებისას ფურნიტურის ღირებულება, საშუალოდ, პროექტის ღირებულების 30-დან 50%-მდე აღწევს. არსებობს უამრავი მექანიზმი, რომლებიც თქვენს ავეჯს უფრო მოხერხებულსა და კომფორტულს გახდის. ასეთი მექანიზმების ფასები პირდაპირ არის დამოკიდებული პროდუქტის ხარისხსა და სირთულეზე, ასევე მის მონტაჟზე. კომფორტის გარდა, ხარისხიანი ფურნიტურის შერჩევაზე პირდაპირაა დამოკიდებული ავეჯის საბოლოო სახეც.
5. შეკვეთის ლოჯისტიკა
ეს პუნქტი მოიცავს ტრანსპორტირების ხარჯების ოდენობას. ობიექტის დაშორებიდან გამომდინარე (ასევე სართულის მიხედვით), მიწოდების ფასი იცვლება.
6. ინსტალაცია
მონტაჟის საფასური ასევე ემატება საერთო ღირებულებას. რაც უფრო რთული იქნება ავეჯის კონფიგურაცია, მით უფრო ძვირი დაჯდება მისი დაყენება.
როგორ ითვლება შეკვეთილი ავეჯის საფასური მას შემდეგ, რაც მომხმარებელი საწარმოს საკუთარ მოთხოვნებს შეუთანხმებს?
ამისთვის ჩვენ კონკრეტული მაგალითის განხილვას გთავაზობთ. ქვემოთ წარმოდგენილია Furniture I Am-ის მიერ დამზადებული სამზარეულო. რა ჯდება ასეთი ავეჯის შეკვეთა სტანდარტულად და რა დაჯდა ეს სამზარეულო კონკრეტული დამკვეთის ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით? შედარებისთვის, ორივე ვარიანტის დეტალურ დაანგარიშებას გთავაზობთ:
1. მოცემული სამზარეულოს სტანდარტული ღირებულება
სამზარეულოს მასალა: კორპუსი – ავსტრიული ლამინატი (აწყობილი მინიფიქსით და ევროვინტით ), ფასადი – შეღებილი, მოფრეზილი მდფ. ფურნიტურა: GTV-ის ბრენდის ანჯამები და ტელესკოპური სავლელები. სამზარეულოს ზედაპირი – ლამინირებული დსპ kronospan.
ასეთი ტიპის სამზარეულოს კვადრატული მეტრის ფასია 980 ლარი .
ამ შემთხვევაში სამზარეულოს კვადრატულობაა 4 კვ/მ ( 4×980 =3920 ლარი). რადგან სამზარეულოს კვადრატულობა ძალიან პატარაა, ის ვერ ფარავს ტრანსპორტირების ხარჯებს. შესაბამისად, ემატება ტრანსპორტირების თანხა – 200 ლარი.
სამზარეულოს აქვს ბევრი უჯრა, რაც ზრდის მასალის ხარჯს. ამ ზომის სამზარეულოზე სტანდარტულ ფასში შეგვიძლია შევიყვანოთ 3-4 უჯრა, ამ შემთხვევაში დამატებით დაემატება 3 უჯრის ღირებულება: 3×40=120 ლარი
აღნიშნულ თანხას ემატება (არ შედის კვადრატულობაში):
- გასქელებული თაროები (ავსტრიული ლამინატი) უჩინარი მონტაჟით 4 ცალი – 480 ლარი.
- განათება: ლედ ლენტი, ჩასმული ალუმინის პროფილში, დროსელი, განათების ელ. დაერთება – 200 ლარი.
- სამზარეულოს ზედაპირი (ლამინირებული დსპ kronospan) დამუშავებით – 400 ლარი.
პროექტის საბოლოო ღირებულება: 3920+200+120+480+200+400= 5320 ლარი.
ზედაპირის გარეშე: 4920 ლარი.
2. იგივე პროექტის ღირებულება კონკრეტული დამკვეთის ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით
სამზარეულოს მასალა: კორპუსი-ავსტრიული ლამინატი (აწყობილი მინიფიქსით და ევროვინტით ), ფასადი – შეღებილი, მოფრეზილი მდფ . ფურნიტურა: BLUM-ის ბრენდის ანჯამები და უჩინარი სავლელები. სამზარეულოს ზედაპირი – LG hi macs G034.
სამზარეულოს კვადრატულობა – 4 კვ/მ (4×980 = 3920 ლარი). ამას ემატება ტრანსპორტირების ხარჯი. ასევე, ბინა მდებარეობს ულიფტო კორპუსის მე-5 სართულზე, შესაბამისად, ატანა ხდება ხელით, ამიტომ ემატება მიწოდებისა და ატანის საფასური – 450 ლარი.
დამატებითი ხარჯები:
- 6 უჯრა Blum-ის უჩინარ სავლელებზე – 6×120 = 720 ლარი .
- ბლუმის ანჯამები 9×10 = 90 ლარი .
- გასქელებული თაროები (ავსტრიული ლამინატი) უჩინარი მონტაჟით 4 ცალი – 480 ლარი.
- განათება: ლედ ლენტი, ჩასმული ალუმინის პროფილში, დროსელი, განათების ელ. დაერთება – 200 ლარი.
- სამზარეულოს ზედაპირი – LG hi macs G034 (პრემიული, ხელოვნური აკრილის ქვა) დამუშავებით – 3700 ლარი (ქვის საფასურზე იმოქმედა არასტანდარტულმა სიღრმემ – 70 სმ ( 60 სმ ნაცვლად ). ქვის სიღრმეში გაზრდა გამოწვეული იყო არასწორად გაყვანილი კომუნიკაციებით. იგივე ფაქტორმა იმოქმედა მონტაჟისა და შიდა ყუთების კონსტრუქციის სირთულეზე, რამაც შესაბამისად, უფრო გააძვირა პროექტი 90 ლარით.
პროექტის საბოლოო ღირებულება : 3920+450+720+90+480+200+90+3700 = 9650 ლარი.
ზედაპირის გარეშე : 5950 ლარი.
ზემოთ მოცემული მაგალითები ნათლად აჩვენებს, რომ შეკვეთილი ავეჯის საბოლოო ფასი სრულად დამკვეთის მოთხოვნებსა და ინდივიდუალურ საჭიროებებზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, ხარისხზე ორიენტირებულ კომპანიებში ყოველთვის შემოგთავაზებენ კონსულტანტის მომსახურებას, რომელიც დაგეხმარებათ ყველა ნიუანსის გაანალიზებაში და წარმოგიდგენთ სხვადასხვა შესაძლო ვარიანტს შესადარებლად. ასევე იქონიეთ მხედველობაში, რომ როდესაც კომპანია გისახელებთ “კვადრატული მეტრის ფასს”, ეს არის ამ კონკრეტული კომპანიის საშუალო ფასი. კარგი მწარმოებელი ყოველთვის ურჩევს საკუთარ მომხმარებელს საუკეთესო ვარიანტს, მისი სურვილებისა და ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ავეჯის გარეგნობისა და გამძლეობის გაუარესების გარეშე.