მაგდა მერაბიშვილი 10 წელზე მეტია, რაც ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობს და როგორც თავად გვიამბობს, ინტერიერის დიზაინი მისთვის არასდროს წარმოადგენდა ინტერესის სფეროს. თუმცა, როდესაც რამდენიმე ხნის წინ ახალ სამსახურში, Terminal-ში გადავიდა სამუშაოდ, პირველად დაფიქრდა ინტერიერის მნიშვნელობასა და მის გავლენაზე ადამიანის პროდუქტიულობასა და განწყობაზე. მოგვიანებით მაგდამ დიზაინერების ჯგუფი გაიცნო, რამაც საბოლოო ბიძგი მისცა იმისთვის, რომ ახლად შეძენილი სახლის მოწყობისთვის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო.
ეს ბინა, რომლის საერთო ფართობი 137 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ჩვენმა რესპონდენტმა სულ რაღაც 1 წლის წინ შეიძინა. იგი თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, ხარფუხში მდებარეობს. როგორც მაგდა გვიამბობს, მისი შერჩევის პროცესში ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმი სწორედ ბინის ადგილმდებარეობა იყო.
“რადგან მთავარი პრიორიტეტი ძველი თბილისის ტერიტორია იყო, სადაც არც ისე ფართო არჩევანია ბინების მხრივ, საკმაოდ დიდი დრო დავხარჯეთ შესაფერისი ვარიანტის მოძიებაზე. ლოკაციასთან ერთად, არსებითი იყო, რომ ბინას ჰქონოდა კარგი ხედი. საბოლოოდ კი სულ რამდენიმე ხნის წინ გაგვიმართლა და ძიების ხანგრძლივი პროცესი ჩვენთვის სასურველი ბინის შეძენით დავასრულეთ,” – გვიამბობს მაგდა
ახალმა მეპატრონეებმა თავიდანვე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბინაში თითქმის ყველაფერი განეახლებინათ და სივრცე მათთვის სასურველ კონდიციამდე მიეყვანათ. გეგმარების მხრივ ცვლილება სამზარეულოს ნაწილში განხორციელდა. თავდაპირველი პროექტის მიხედვით, ბინაში გათვალისწინებული იყო საკმაოდ დიდი ზომის სამზარეულო, რომლის შემცირების ხარჯზე მოხდა დამატებითი სტუმრების საძინებლის მოწყობა.
საკუთარი სივრცის მოწყობაში მაგდას პროფესიონალი დიზაინერი, ევგენია გორდინსკაია ეხმარებოდა. საპროექტო დავალების მიხედვით, მისი ამოცანა სადა და მარტივი ინტერიერის შექმნაში მდგომარეობდა, რომელიც მხოლოდ ფუნქციური ნივთებით იქნებოდა დაკომპლექტებული.
“ვინაიდან დალაგება ჩემი საყვარელი საქმიანობა არ არის, არ მსურდა სივრცის გადატვირთვა ზედმეტი თაროებითა და ზედმეტი ავეჯით. ამ მხრივ ევგენია ძალიან დამეხმარა. ის არის პროფესიონალი, რომელსაც იდეალურად შეუძლია ზუსტად მიუსადაგოს პროექტი დამკვეთს, მიუხედავად მომხმარებლის მწირი გამოცდილებისა ან არამკაფიო ხედვისა,”- მაგდა მერაბიშვილი
პროექტის ავტორი: ევგენია გორდინსკაია
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე