in

პატარა ოთახების მოწყობისას დაშვებული 9 მთავარი შეცდომა

დღეს ვისაუბრებთ 9 შეცდომაზე, რომლის დაშვებასაც უნდა მოერიდოთ, თუ გსურთ, რომ თქვენი პატარა ოთახის ინტერიერი სასიამოვნოდ გამოიყურებოდეს.

ავეჯის ცუდი განლაგება

მცირე სივრცეების გეომეტრია, როგორც წესი, მართკუთხა ფორმისკენ ისწრაფვის. დიდია ცდუნება, რომ ყველაფერი ისე მოაწყოთ, როგორც ერთი შეხედვითვე აშკარაა და ავეჯი ოთახის პერიმეტრზე განალაგოთ. თუმცა, ეს მიდგომა ორ პრობლემას ქმნის. პირველ რიგში, ეს ყოველთვის მოსახერხებელი არ არის და მეორეც, ოთახის ცენტრში არსებული სიცარიელე სივრცეს ვიზუალურად ამცირებს.

გამოსავალი: ყოველი კვადრატული სანტიმეტრი სრულყოფილი სიმეტრიისკენ სწრაფვის გარეშე გამოიყენეთ. ავეჯი კედლებს მოაშორეთ – ამ გზით მისი გამოყენება უფრო კომფორტული იქნება და ოთახის მიერ შექმნილი შთაბეჭდილება მსუბუქი და ჰაეროვანი გახდება.

არაკომფორტული განათება

კლასიკური სიტუაცია – ოთახის შუაში ჩამოკიდებული ჭაღი. განათების სხვადასხვა სცენარის შექმნამ, თუნდაც მცირე ფართობის შემთხვევაში, შესაძლოა, ინტერიერის შეგრძნება რადიკალურად შეცვალოს.

გამოსავალი: სამკითხველო სავარძლის გვერდით გამოიყენეთ ტორშერი, საწოლის გვერდით – ბრა, მოსასვენებელი სივრცის აქცენტირებისთვის კი – საკიდი განათება. მრავალი ვარიანტი არსებობს, მთავარია ისინი თქვენი ცხოვრების სტილსა და კომფორტის შესახებ წარმოდგენებს შეესაბამებოდეს.

უფუნქციო ავეჯი

სასადილო მაგიდა, სამუშაო ადგილი, დივანი მეგობრებთან შეკრებებისთვის და სრულფასოვანი საწოლი – თქვენ გსურთ, რომ ეს ყველაფერი ერთ სივრცეში მოათავსოთ, მაგრამ შედეგი ხშირად საპირისპიროა: უბრალოდ ადგილი აღარ რჩება და ავეჯის სრულფასოვნად გამოყენებაც შეუძლებელია, რადგან საწოლი მაგიდას ეყრდნობა, მაგიდა – კარს და ა. შ.

გამოსავალი: შეარჩიეთ მრავალფუნქციური ავეჯი. სამუშაო მაგიდა, შეიძლება, ცოტა ხნით სასადილო მაგიდად გარდაიქმნას, გარდა ამისა, გასაშლელი დივნების არჩევანი ახლა საკმაოდ მრავალფეროვანია. ასეთი ინოვაციების წყალობით, შესაძლებელია ოთახის ფუნქციონირების რადიკალურად შეცვლა.

დეკორით გადატვირთული ინტერიერი

სუვენირები მოგზაურობიდან, ლარნაკები ზაფხულის ყვავილებით, ხელოვნების ნიმუშები, მცენარეები ქოთნებში, სურნელოვანი სანთლები და ა. შ. ოთახის მთელ ჰორიზონტალურ სიბრტყეს იკავებს. შედეგად კი ძალიან გადატვირთულ ინტერიერს ვიღებთ.

გამოსავალი: თუ ოთახში მცირე ფართობია, ეცადეთ სივრცის გადატვირთვისგან თავი შეიკავოთ. სივრცეში ერთი ან ორი ადგილი შეარჩიეთ, ნივთები ერთმანეთს შეუთავსეთ და თაროებს ნუ გადატვირთავთ. ექსპოზიცია კი თქვენი განწყობის მიხედვით შეცვალეთ.

შეუსაბამო ფერთა გამის შერჩევა

მუქი ფერის ინტერიერი არისტოკრატულად და ელეგანტურად გამოიყურება, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში. თუ ოთახი არც ისე დიდია და სახლის მზიანი მხარისკენ არ არის განთავსებული, შესაძლოა, ის პატარა და პირქუში მოგეჩვენოთ.

გამოსავალი: თუ ოთახში მუქი ფერთა გამის გამოყენება გაქვთ გადაწყვეტილი, ყურადღებით შეაფასეთ საწყისი მონაცემები: ბუნებრივი განათების დონე, ფართობი და ავეჯის რაოდენობა. გამოსავალი შეიძლება მუქი აქცენტის კედელი იყოს.

ყველა აქსესუარის ერთ დონეზე განთავსება

გავრცელებული შეცდომა: მაგიდები, თაროები და ფანჯრის რაფები ხშირად დაახლოებით ერთ დონეზეა განლაგებული და მათი ზედაპირები თანდათან სხვადასხვა საგნებით ივსება. შედეგად, ინტერიერი ერთფეროვანი და მოსაწყენია.

გამოსავალი: დეკორაციისთვის სხვადასხვა დონეების გამოყენებით ინტერიერში დინამიკა შექმენით. ნივთები განსხვავებულ სიმაღლეებზე განათავსეთ იმისთვის, რომ სივრცის მხოლოდ ერთი დონე არ დაიტვირთოს.

მონოტონური შენახვის სისტემები

ღია თაროები ინტერიერს ვიზუალურად ამსუბუქებს, მაგრამ მათი დასუფთავება ხშირად დიდი განსაცდელია. მეორე მხრივ, კარადების ცარიელი ფასადები, შესაძლოა, მელანქოლიურად გამოიყურებოდეს.

გამოსავალი: ინტერიერში დინამიკისა და მრავალფეროვნების შემოსატანად, ღია და დახურული შენახვის სისტემები ერთმანეთს შეუთავსეთ. არ დაგავიწყდეთ წინასწარ დაფიქრება იმაზე, თუ რისი შენახვა გსურთ გამოსაჩენ ადგილას და რას შეინახავთ კარადებში, იმისთვის, რომ თაროებისა და კარადების ზომა სწორად განსაზღვროთ.

ყველაფერი ახლის ყიდვის სურვილი

სახლის ლამაზად მოწყობის სურვილი ხშირად მთავრდება იმით, რომ სწრაფად ვათვალიერებთ რამდენიმე ბრენდის უახლოეს კოლექციას, ჩქარა ვახორციელებთ შეკვეთებს და შედეგად ერთფეროვან ინტერიერს ვიღებთ.

გამოსავალი: მიეცით საკუთარ თავს დრო. საჭირო ავეჯის შეძენის შემდეგ, აქსესუარების დამატებას მაშინვე ნუ იჩქარებთ – დაიცავით რიგითობა და შემდეგ, თანდათან, ინტერიერი ნამდვილად თქვენი გახდება. და არ დაგავიწყდეთ ვინტაჟი!

ზედმეტად დიდი ავეჯი

ავეჯი და ინტერიერის დეტალები ოთახის ზომას უნდა შეესაბამებოდეს, რათა სივრცეში ბალანსი შენარჩუნდეს. XXL ზომის დივანი ყოველმხრივ კომფორტულია, მაგრამ პატარა მისაღები ოთახისთვის ის ნამდვილად შეუფერებელია.

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

დიზაინის მივიწყებული ლეგენდა – გრეტა მაგნუსონ-გროსმანი

7 რამ ინტერიერისთვის, რაც გაგაბედნიერებთ