in ,

“საქართველოში ინტერიერის დიზაინერის პროფესიის დაფასება ძალიან ახალი მოვლენაა” – ანუკა თავართქილაძე

ანუკა თავართქილაძე პროფესიით არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერია. თუმცა, ბოლო პერიოდში მისი ინტერესის მთავარ სფეროდ ავეჯის დიზაინი იქცა. მუდმივი ექსპერიმენტებითა და გაბედული გადაწყვეტილებების წყალობით შექმნილი ანუკას ავეჯი იმდენად განსხვავებული და უნიკალურია, რომ ის საკმაოდ დიდ დაინტერესებას იწვევს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

– ანუკა, გვიამბეთ თქვენ შესახებ. როგორც ცნობილია, პირველადი პროფესიით არქიტექტორი ბრძანდებით. საინტერესოა, რა ასაკიდან დაინტერესდით ამ სფეროთი და სად დაეუფლეთ არქიტექტორის პროფესიას?

– სკოლის ბოლო წლებში (სანამ ზუსტად ავირჩევდი პროფესიას) მახოსვს, რომ ტანსაცმლის დიზაინერობა მინდოდა, ასევე ფეხსაცმლის დიზაინსაც ხშირად ვიგონებდი და ბოლოს, როცა უნდა ჩამებარებინა და ამერჩია პროფესია, გადავწყვიტე ინტერიერის დიზაინზე მესწავლა. თუმცა, სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთმა ლექტორმა, ვისთანაც გავდიოდი კონსულტაციას, მირჩია არქიტექტურაზე ჩამებარებინა. მისი აზრით, არქიტექტურა უფრო მრავლისმომცველი ხელობა იყო და მისი დაუფლების შემდეგ თავისუფლად შევძლებდი ინტერიერზე მუშაობასაც. სანამ აკადემიაში გამოცდაზე გავიდოდი, სიტუაციის გასაცნობად მცირე “ექსკურსია” მოვაწყვე აკადემიის შენობაში და მახსოვს, თუ როგორ ერთბაშად მოვინუსხე სიტუაციით და როგორ მომინდა იქ სწავლა. ამ ყველა გარემოებამ ერთად მიმიყვანა საბოლოო ჯამში არქიტექტურამდე.

– მოგვიანებით მოხდა ისე, რომ თქვენ ინტერიერის დიზაინის სასწავლებლად ფლორენციაში წახვედით. თუმცა, საქართველოში დაბრუნებიდან რამდენიმე წელში ავეჯის დიზაინზე დაიწყეთ მუშაობა. როდის დაინტერესდით ამ ხაზით და რამ ითამაშა აქ უმთავრესი როლი?

როგორც ზემოთ ავღნიშნე, ინტერიერის დიზაინით დაინტერესებული ჯერ კიდევ სწავლის დაწყებისას ვიყავი. სწორედ ამიტომ, ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, მაგისტრატურა ინტერიერის დიზაინის მიმართულებით გავიარე ფლორენციაში. ამ პერიოდმა განსაზღვრა ჩემი დღევანდელი საქმიანობა, როგორც ინტერიერის დიზაინის, ასევე ავეჯის დიზაინის მიმართულებით. სწორედ ფლორენციაში გავიარე ავეჯის დიზაინის კურსი, რამაც საოცრად დამაინტერესა. მაგრამ უშუალოდ საუნივერსიტეტო სწავლის გარდა, ფლორენციაში საშუალება მქონდა უამრავი გამოფენა დამეთვალიერებინა, სადაც წარმოდგენილი იყო თანამედროვე დიზაინერების პროდუქტები და შეუძლებელი იყო იმ გარემოთი არ მოვხიბლულიყავი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ცოტა ხანი უშუალოდ ინტერიერის დიზაინზე დავიწყე მუშაობა, მაგრამ ორ-სამ წელიწადში, როგორც ჩანს, უკვე დაღვინებულმა გამოცდილებამ ავეჯის დამზადებისკენ მიბიძგა.

– ყველასთვის ცნობილია თქვენი პირველი ნამუშევარი ავეჯის დიზაინის კუთხით – ეს არის ცნობილი “მოლბერტ სარკე”. შეგიძლიათ გვიამბოთ მისი შექმნის პროცესზე?

– ინსპირაციის წყარო რა თქმა უნდა იყო მოლბერტი. რაღაც მომენტში გავიაზრე, თუ როგორ გავს სარკის და მოლბერტის წინ ჯდომა ერთმანეთს, როგორც ფორმალურად, ასევე შინაარსითაც. მაკიაჟის დატანასაც ხომ დახატვას ვეძახით. სწორედ ამიტომ მომინდა ამ ორი პროცესის ერთ ნივთში გაერთიანება და დავიწყე მოლბერტის ფორმაზე მუშაობა. ერთის მხრივ, მთავარი გამოწვევა იყო, რომ უბრალოდ სამხატვრო მოლბერტზე დამაგრებული სარკე არ მიმეღო და მეორეს მხრივ, საბოლოო პროდუქტი ისეთივე მოსახერხებელი უნდა ყოფილიყო მისი მომხმარებლისთვის, როგორც მოლბერტია მხატვრისათვის. რამდენიმე ესკიზის შემდეგ მივიღე სასურველი ფორმა, თუმცა ეს მხოლოდ მცირედია იმ საქმის, რასაც ავეჯის შექმნა ჰქვია. პირველ რიგში აუცილებელია პროფესიონალ ხელოსანთან თანამშრომლობა, რომელზეც საბოლოო ჯამში, დამოკიდებულია პროდუქტის ხარისხი. სწორედ ხელოსანთან თანამშრომლობით იხვეწება თავდაპირველი იდეა რაც უფრო და უფრო რეალური ხდება. ამ პროცესში ბევრი რამის დათმობა შეიძლება მოგიწიოს, რადგან შენი ჩანაფიქრის განხორციელება უბრალოდ შეუძლებელი შეიძლება აღმოჩნდეს. საბედნიეროდ, მე გავიცანი ხელოსანი, რომელმაც შეძლო ჩემი იდეის ხორცშესხმა, და რომელთანაც იმ პერიოდიდან მოყოლებული ვთანამშრომლობ. მსგავს პროფესიონალებთან ურთიერთობით ძალიან ბევრს ისეთ რამეს სწვალობ, რასაც მომავალში იყენებ ახალ დიზაინზე მუშაობისას.

 

– თქვენი პროდუქტებიდან კიდევ რომელ ნივთებს გამოარჩევდით?

ალბათ რკინის სკამებს და ასევე სამაგიდე სარკეებს, რომლებიც ძალიან მიყვარს და თავადაც ვიყენებ სახლში.

– თქვენ ამსხვრევთ სტერეოტიპს იმის შესახებ, რომ ლამაზი ავეჯი არ არის კომფორტული. როგორ ახერხებთ ამას?

არ მგონია, რომ ჩემი თავი ამ მიმართულებით სტერეოტიპების მსხვრეველად შეიძლება მივიჩნიო. როდის არ იყო მოთხოვნა კომფორტზე და როდის არ იყო მოთხოვნა სილამაზეზე და შესაბამისად როდის არ იყო მოთხოვნა ამ ორი რამის სინთეზზე? პირადად მე ავეჯს დეკორაციის ნაწილად მივიჩნევ. თუმცა, რა თქმა უნდა, ამის გამო მის პირველად ფუნქციას არ ვუგულვებელვყოფ. რა თქმა უნდა, არსებობს ავანგარდული ნამუშევრები, რომლებიც, მაგალითად, ფორმებზე ჩატარებული ექსპერიმენტისგან ჩნდებიან, მაგრამ მათი გამოყენება ყოველდღიურობაში მოუხერხებელია. თუმცა, როგორც ავღნიშნე, ჩემი ამოცანა სწორი ბალანსის დაცვაა.

– როდესაც ვსაუბრობთ ინტერიერის დიზაინზე, შეგიძლიათ შეაფასოთ ქართული ბაზარი ამ მხრივ? რა სიტუაუცია გვაქვს დღეს საქართველოში და როგორია ქართველი მომხმარებლის “ხასიათი” ამ კუთხით?

– ქართულ ბაზარზე საუბრისას ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა გავითვალისწინოთ: ჩვენ მოვდივართ ტრადიციიდან, სადაც ინტერიერის დიზაინერი, როგორც პროფესია, საერთოდ არ არსებობდა. უფრო სწორად, რა თქმა უნდა, არსებობდა დიზაინერი, რომელიც ვთქვათ სახელმწიფო დაკვეთებს ან კორპუსების დიზაინებს ქმნიდა, თუმცა ქვეყანაში, სადაც კერძო საკუთრება აკრძალული იყო, რა თქმა უნდა, არ იყო კერძო ბინების დაპროექტების ამდენი საშუალება, როგორც დღეს არის. 90-იანების და ორიათასიანების დასაწყისის პერიოდის ხსენებაც კი არ ღირს საერთოდ. ალბათ  ნაცნობია თქვენთვის, როგორი სიამაყით ყვება უფროსი თაობის ხალხი თუ როგორ მოაწყო ყველაფერი ბინაში “თავის გემოზე”. ამიტომ ვფიქრობ, საქართველოში ინტერიერის დიზაინერის პროფესიის დაფასება ძალიან ახალი მოვლენაა, შესაბამისად, ბევრი რამ ჯერ კიდევ საჭიროებს დახვეწას. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან, რაც ქართველი მომხმარებელის – ანუ დამკვეთის – ხასიათს აჩვენებს: მაგალითად, ხშირია შემთხვევები, როდესაც დიზაინერს აკეთებინებენ ესკიზებს, თუმცა შემდეგ რაღაც არ მოსწონთ და ფულს არ იხდიან. ბევრ დამკვეთს არ აქვს გაცნობიერებული, რომ დიზაინერმა ამ ესკიზების შექმნაში დრო და ენერგია დახარჯა. მიიჩნევა, რომ პროდუქტი მხოლოდ დასრულებული ბინაა და ესკიზები შრომად საერთოდ ითვლება. ამას გარდა, შხირად დიზაინერს აღიქვამენ როგორც ე.წ. “პრარაბს”, მშენებელს, რომელმაც აუცილებლად უნდა იცოდეს ყველაფერი ჭანჭიკებისა და ცემენტის ხსნარების შესხებ, რომელსაც შეიძლება დაურეკო ღამის 12 საათზე და კონსულტაცია გაიარო ვთქვათ, გაყვანილობის საკითხზე და ა.შ. ასევე ვინაიდან დამკვეთი და დიზაინერი ხშირად ერთად დადიან საყიდლებზე, საბოლოო ჯამში, დამკვეთს უჩნდება შეგრძნება, რომ ავეჯი, კაფელი, საღებავის ფერი და სხვა დეტალები თავად შეარჩია და დიზაინერი აქ არაფერ შუაში იყო.

მოკლედ პრობლემები ჩამოვთვალე, თუმცა რა თქმა უნდა, ყველაფერი ელვისსისწრაფით იცვლება. ამ პროფესიის ძალიან მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ცოტა ხანში ბევრად უფრო სხვა გარემოში მოგვიწევს მუშაობა, როგორც ჩვენ, ასევე დამკვეთებს.

–  რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა ინტერიერის და ავეჯის დიზაინერებს? რა არის მთავარი თქვენს პროფესიაში?

– ვფიქრობ, როგორც ბევრ სხვა პროფესიაში, ჩვენს საქმეშიც მთავარი არის მუდმივ განახლების რეჟიმში ყოფნა. ვგულისხმობ იმას, რომ ფაქტიურად წელიწადში რამდენჯერმე იცვლება ტენდენციები, განწყობები, ჩნდება ახალი მასალები, ახალი ტექნიკური საშუალებები, რისი ათვისებაც ავტომატურად უნდა მოვახდინოთ. საბოლოო ჯამში, ინტერიერის დიზაინი ხელობასთან ერთად, ხელოვნებაცაა და რაც მეტი საშუალება გვექნება ქმნადობისთვის, მით უფრო წარმატებულები ვიქნებით როგორც პროფესიული თვალსაზრისით, ასევე, პიროვნულ დონეზეც.  მრავალი და მუდამ განახლებადი საშუალებით უფრო კარგად შევძლებთ საკუთარი თავის გამოხატვასა, რაც ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია.

მეორე რჩევა იქნებოდა გამბედაობა. ექსპერიმენტები აუცილებელია. და რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება ხალხი, ვინც იტყვის, რომ რომელიმე ორი მასალის ერთად გამოყენება არ შეიძლება, და ასევე იქნებიან დამკვეთები, რომლებიც არ წამოგყვებიან თამამ გადაწყვეტილებებში, თუმცა ეს არ უნდა იქცეს დაბრკოლებად. ხანდახან კომპრომისებზე წავსლა ძალიან კეთილშობილური საქციელი შეიძლება იყოს, მაგრამ ფრთხილად იყავით, რომ ეს არ იქცეს ცხოვრების წესად.

ფოტოგრაფი: მიხეილ ფიტიურიშვილი

ბინა თბილისში ლურჯი სამზარეულოს ავეჯით

Chanel -ის შუშის სახლი ამსტერდამში