არსებობს სტატისტიკა, რომ ბრიტანელების 51%-ის საცხოვრებელი დაახლოებით 60 კილომეტრის რადიუსში მდებარეობს იმ ადგილიდან, სადაც ის ბავშვობაში იზრდებოდა. ადამიანების უმეტესობისთვის გარდაუვალია ნოსტალგიური კავშირები იმ სახლებთან, რომლებშიც ბავშვობა გავატარეთ. ეს ფაქტორი მხოლოდ ტერიტორიით არ შემოიფარგლება და, ასევე, მოიცავს არქიტექტურასა და ხასიათს იმ სახლებისა, რომლისკენაც ზრდასრულ ცხოვრებაში ვართ მიზიდულნი. ილუსტრატორი და დიზაინერი – ალფრედ ბრამსენი, რომელიც წარმოშობით კოპენჰაგენიდან არის და ახლა ჰაკნიში ცხოვრობს, თავისი ბავშვობის სახლიდან 60 კილომეტრზე მეტით არის დაშორებული, მაგრამ ბინა, რომელსაც ის თავის პარტნიორთან – ისააკთან იზიარებს [როგორც ალფრედი ამბობს] არც ისე განსხვავდება მისი მშობლების სახლისგან.
წყვილი ცხოვრობს არტ დეკოს სტილის შენობაში, აღმოსავლეთ ლონდონში, რომელიც დიზაინის მოყვარულთათვის კარგად არის ცნობილი თავისი ფერადი ცენტრალური კიბეებით, ბრილიანტის მოტივებით, პასტელის ფილებით მოპირკეთებული აბაზანებითა და სამზარეულოებით. უკვე სამი წელია, რაც წყვილი ბინაში ცხოვრობს და ამ ხნის განმავლობაში ადგილზე საკუთარი კვალის დატოვება უკვე შეძლეს. „როდესაც პირველად გადმოვედი, ვიცოდი, რომ მინდოდა აქ კოპენჰაგენი შემეგრძნო“ – განმარტავს ალფრედი. „ბევრი იდეა ინსპირირებული იყო ჩემი მშობლების ბინით და იქაური ხალხის ცხოვრების წესით, ასე რომ, ყველაფერი ძალიან ფუნქციონალურია, მაგრამ მაინც პირადული, მხიარული და არა ძალიან სერიოზული“.
მთავარი, რაც ბინაში მაშინვე გაგაოცებთ – გარდა შემომავალი სინათლისა და შესაშურად მაღალი ჭერისა – არის ფერი. მიუხედავად იმისა, რომ კედლები, ძირითადად, თეთრია, სახლი ფერებით არის მოცული. სამზარეულოს აქვს ფერადი კედლები და აქ მოთავსებული კარადები, ალფრედმა 2020 წლის დასაწყისში თავად დაამზადა და შეღება.
პროფესიით ილუსტრატორი და დიზაინერი სახლიდან მუშაობს, ხოლო ისააკს ბინის მახლობლად სტუდია აქვს. სახლი ალფრედისთვის შთაგონების წყაროა და როგორც ის ამბობს, თავის დიზაინებში იყენებს იმავე ფერებს, რომლებიც მისი ბინის ინტერიერში გვხვდება. „მისაღები ოთახის მთავარი ფაქტორი ჩემი სამუშაოა. მე უნდა ვიყო გარშემორტყმული იმით, რაც შთამაგონებს. სანამ მუშაობას დავიწყებ, აუცილებელია, რომ მთელი სახლი დავასუფთაო და გავალამაზო. ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს და მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია მუშაობის დაწყება“ – ამბობს დიზაინერი.
„უამრავ წვრილმანს ვაგროვებ“ – აღიარებს ალფრედი. „ძალიან ბევრი იაპონური კერამიკული ნივთი მაქვს – მათი ნახვა სახლში ყველგან შეგიძლიათ“. იაპონური ელემენტები ალფრედის შემოქმედებაში დიდ როლს ასრულებს.
ალფრედისა და ისააკის ბინა თავისთავად ძალიან სასიამოვნოა და მნახველს მაშინვე იზიდავს. დღის წესრიგში შემდეგი აბაზანის გადაკეთება და მისი იატაკის შეცვლაა, თუმცა დებატები მძვინვარებს იმაზე, შეინარჩუნონ პასტელური ფილები, თუ განაახლონ ისინი უფრო თანამედროვე ვარიანტით. რაც არ უნდა აირჩიონ მათ, ცხადია, რომ ეს ოთახიც ისეთივე მხიარული გამოვა, როგორც დანარჩენი სივრცე.