in

საინტერესო ფაქტები ანტონიო გაუდის შესახებ

დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ საინტერესო ფაქტებს ყველაზე წინააღმდეგობრივი და ქარიზმატული არქიტექტორის – ანტონიო გაუდის შესახებ.

ყველაზე ხშირად განხილული გრძელვადიანი მშენებლობა

ბარსელონას სიმბოლო – Sagrada Familia არის ანტონიო გაუდის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი და, იმავდროულად, ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი გრძელვადიანი სამშენებლო პროექტი. ახლა ტაძარი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. ციფრული მხატვრები კი, მომავალი შენობის 3D ვიზუალიზაციის სხვადასხვა ვერსიების შექმნით, ერთმანეთს ოსტატობაში ეჯიბრებიან. პირველი არქიტექტორი, რომელმაც ამ ტაძრის მშენებლობა დაიწყო იყო ფრანცისკო დელ ვილარი. საინტერესოა, რომ ტაძრის მშენებლობა მხოლოდ მოქალაქეების შემოწირულებების ხარჯზე განხორციელდა.

გაუდიმ საკუთარი ცხოვრების 42 წელი ტაძრის შექმნას მიუძღვნა. მისი იდეით, ეკლესიას 18 კოშკი უნდა ჰქონდეს. ყველაზე მაღალი (170 მეტრი), რომელიც ცენტრში მდებარეობს, ქრისტეს პერსონიფიკაციისთვის არის შექმნილი. გაუდის გარდაცვალების შემდგომ დარჩენილი ნახატები 1936 წელს ფრანკისტებმა დაწვეს, ეს კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც მშენებლობას ანელებს. 2010 წელს რომის პაპმა – ბენედიქტ XVI-მ დაუმთავრებელი ტაძარი ოფიციალურად აკურთხა და ღვთისმსახურებისთვის გახსნა. ბოლო მონაცემებით, ესპანეთის მთავრობა ვარაუდობს, რომ მშენებლობა 2026 წელს დასრულდება.

პირადი ცხოვრება

ახალგაზრდობაში, ტყავის ხელთათმანებისა და შავი აბრეშუმის ცილინდრების მოყვარული გაუდი, მანდილოსნებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა ცხოვრების ბოლომდე მარტოხელად დარჩა. როგორც ჩანს, 1880-იან წლებში, ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა არქიტექტორმა, ყურადღების ნიშნები გამოავლინა ვინმე ჯოზეფა მორეუს (მეტსახელად პეპეტა) მიმართ, რომელიც ქსოვის მუშათა კოოპერატივში მასწავლებლად მუშაობდა. თუმცა, ქალმა შეყვარებულ არქიტექტორს იმავე გრძნობით არ უპასუხა. არის კიდევ ერთი ამბავი, რომელიც მოგვითხრობს გაუდით სერიოზულად გატაცებულ უცნობ ახალგაზრდაზე, მაგრამ მან გადამწყვეტ მომენტში უარი თქვა არქიტექტორზე და მონასტერში წავიდა. ამ ფაქტმა კი გაუდის აიძულა, ქორწინების იდეა საბოლოოდ დაევიწყებინა.

მშობლიური ქალაქი

ანტონიო გაუდი დაიბადა არა ბარსელონაში, არამედ ქალაქ რეუსში, რომელიც კატალონიის დედაქალაქიდან ერთი საათის სავალზე მდებარეობს. მამა – ფრანცისკო გაუდი-ი-სერა ქვაბების მწარმოებელი იყო. ანტონიო ოჯახში მეხუთე – ყველაზე უმცროსი შვილი იყო. ბავშვობის მოგონებებიდან ცნობილია, რომ არქიტექტორს რევმატოიდული ართრიტი აწუხებდა, ამიტომ გარეთ თანატოლებთან თამაში მისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. გაუდი დიდ დროს ატარებდა ფერმაში, ბევრს დადიოდა მარტო და აკვირდებოდა ბუნებას. გაუდი ბარსელონაში 16 წლის ასაკში გადავიდა. იგი ჩაირიცხა არქიტექტურის უმაღლეს სკოლაში, რომელიც მოგვიანებით ბარსელონას უნივერსიტეტის განყოფილება გახდა.

საყვარელი დამკვეთი

არქიტექტორის კარიერაში, ალბათ, ყველაზე საბედისწერო მომენტი ეუსებიო გუელთან შეხვედრა იყო. ტექსტილის მაგნატი, კატალონიის უმდიდრესი ადამიანი, მისი ახლო მეგობარი და მომხმარებელი გახდა. სწორედ ამ ოჯახის დაკვეთით, არქიტექტორმა შემდეგი პროექტები შექმნა: პავილიონები პედრალბესში, ღვინის სარდაფები გარაფში, Colonia Guell-ის სამლოცველოები და აკლდამები, გუელის პარკი ბარსელონაში.

ავბედითი ტრამვაი

ცნობილია, რომ გაუდი თითქმის არ იყენებდა არანაირ ტრანსპორტს, ის ყოველთვის ფეხით გადაადგილდებოდა. ერთ დღეს, 73 წლის გაუდიმ სახლი დატოვა და გაემართა სანტ-ფელიპ-ნერის ეკლესიისკენ, რომლის მრევლიც გახლდათ – ეს მისთვის ჩვეული მარშრუტი იყო. ჟირონასა და ბაილენის ქუჩებს შორის, Gran Via de las Cortes Catalanes-ის გასწვრივ მას ტრამვაი დაეჯახა, რის შედეგადაც გონება დაკარგა. ამბობენ, რომ ბარსელონაში ტრამვაიმ მოძრაობა სწორედ ამ დღეს დაიწყო. სამართალდამცავებმა მსხვერპლში ცნობილი არქიტექტორი ვერ ამოიცნეს და იგი ღარიბთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის 10 ივნისს გარდაიცვალა.

Casa Vicens-ის შესახებ

მათთვის, ვინც უახლოეს მომავალში ესპანეთში მოგზაურობას გეგმავს, საინტერესო იქნება იმის გაგება, რომ გაუდის მიერ ბარსელონაში აშენებული პირველი სახლი – Casa Vicens, საზოგადოებისთვის ახლახან გაიხსნა. არქიტექტორმა ის ბროკერის – მალენ ვისან მონტანერის დაკვეთით, 1883 წელს დააპროექტა. მშენებლობა 1885 წლისთვის დასრულდა. ცოტა ხნის წინ კი შენობას ჩაუტარდა ფართომასშტაბიანი რესტავრაცია, რომელსაც არქიტექტორების მთელი პლეადა მეთვალყურეობდა (ხოსე ანტონიო, მარტინეს ლაპენია, ელიას ტორესი, დევიდ გარსია).

წმინდა გაუდი?

სახალისო ფაქტებიდან აუცილებლად უნდა აღინიშნოს კამპანია, რომელიც უკვე დაახლოებით 10 წელია გაუდის წმინდანად შერაცხვის მიზნით მიმდინარეობს. მოსალოდნელი იყო, რომ 2015 წელს რომის პაპი გაუდის ნეტარად კურთხევის დოკუმენტს ხელს მოაწერდა, თუმცა საკითხი – გახდება თუ არა ანტონიო გაუდი წმინდანი, კვლავ ღიად რჩება.

უნიკალური დიზაინი და ინოვაციური გადაწყვეტილებები –  “Axis Towers-ი” სტუმრებს განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს

პატარა საძინებელი: 7 პრაქტიკული გადაწყვეტა