in

ფულის დაზოგვის გზები ინტერიერის გაფორმებისას – ხრიკები დიზაინერებისგან

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ შეზღუდული ბიუჯეტის პირობებშიც კი შეგიძლიათ შექმნათ შესანიშნავი ინტერიერი. საკმარისია ცოტაოდენი საზრიანობა და კრეატიულობა. დღეს გაიგებთ, თუ როგორ უნდა დაზოგოთ ფული და მიიღოთ განსაცვიფრებელი შედეგები ბიუჯეტური დეკორაციის შექმნისას.

ბიუჯეტის გაზრდამდე რამდენიმე საკითხი უნდა გაითვალისწინოთ, ვინაიდან ხელმისაწვდომ ფასად სახლის დეკორირება ჭკვიანური გადაწყვეტილებების მიღებას და პრიორიტეტების განსაზღვრას მოითხოვს.

ხშირად ისეთი ნივთები, როგორებიცაა დივნები, ხალიჩები და ლეიბები, საკმაოდ დიდ თანხას საჭიროებს. შესაძლოა, თავდაპირველად მათზე ფულის დახარჯვა არაპროდუქტიული ჩანდეს, თუმცა გახსოვდეთ, ბიუჯეტური სახლის დეკორაციის იდეები პირველ ეტაპზე მეტ ინვესტიციას მოითხოვს, რათა სამომავლოდ ფული დაზოგოთ. ამის მიზეზი ნამდვილად აშკარაა – ხარისხიანი ნივთები უფრო დიდხანს ძლებს და გამძლეობის ფაქტორი ნებისმიერ შემთხვევაში გასათვალისწინებელია.

ამასთან, ხშირად გავრცელებულია მცდარი აზრი, რომ ინტერიერის დიზაინერის დაქირავება ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. თუმცა, გახსოვდეთ, როომ როდესაც ნამდვილ პროფესიონალთან მუშაობთ, არა მხოლოდ საკუთარ დროს ზოგავთ, არამედ თავიდან იცილებთ ზედმეტ ხარჯებს. აქვე აღვნიშნავთ ექსკლუზიურად მათთვის განკუთვნილი ფასდაკლებების გამოყენების შესაძლებლობას – ეს ის დანაზოგია, რომელსაც სხვაგან ვერ მიიღებთ.

სახლისთვის ბიუჯეტური დეკორაციების მოძიებისას ხშირად მიმართავენ მეორადი საქონლის მაღაზიებს. ისინი ნამდვილად შესანიშნავი ადგილია ძვირფასი ნივთების შეღავათიან ფასად შესაძენად. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნივთები ძირითადად კარგ მდგომარეობაშია, ზოგიერთ ელემენტს, შეიძლება, მცირედი განახლება დასჭირდეს.

ოთახში გაცვეთილი ავეჯისა და ნივთების შენახვა მის ინტერიერს არაფერს მატებს. მათი მოშორებით ან განახლებით სივრცე საგრძნობლად უმჯობესდება. გააკეთეთ ეს მანამ, სანამ ბიუჯეტური ინტერიერის დიზაინის სხვა ხრიკებზე დაიწყებთ ფიქრს.

ვინაიდან საძინებლებში დიდ დროს ვატარებთ, ვალდებულნი ვართ, რომ ეს სივრცე უფრო კომფორტული და სასიამოვნო გავხადოთ. ამ სტატიაში განხილული ბიუჯეტური დეკორის იდეების გათვალისწინებით, შეგიძლიათ მისი ესთეტიკა დიდი დანახარჯების გარეშე გააუმჯობესოთ.

  1. შექმენით ნამუშევარი საკუთარი ხელით

მზა ნამუშევრების შეძენა, ხშირად ძვირია, თუმცა, საბედნიეროდ, სახლის დეკორაციის ხელმისაწვდომი ალტერნატივებიც არსებობს. მშვენიერი გამოსავალია ასეთი ნამუშევრის საკუთარი ხელით შექმნა. ეს შეიძლება იყოს კედელზე ჩამოსაკიდი მაკრამე, მოხატული ტილო, სენტიმენტალური ფოტოგალერეა ან ნებისმიერი რამ, რაც თქვენი სახლის ატმოსფეროს შეეფერება.

  1. განაახლეთ არსებული კარადა

თუ ძველი კომოდი ჯერ კიდევ კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ ვადაგასული ჩანს, ხელახლა შეღებვისა და სახელურების განახლების საშუალებით მას ახალი სიცოცხლე შესძინეთ. დამატებითი ვიზუალური მიმზიდველობისთვის კი შეგიძლიათ სხვადასხვა ორნამენტები გამოიყენოთ.

  1. გამოიყენეთ ტანსაცმლის საკიდები

ბიუჯეტური დეკორირებისას, კარადის შეძენამ, შესაძლოა, ხარჯები საგრძნობლად გაზარდოს. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ საძინებელს, ღია ტანსაცმლის საკიდის საშუალებით, ინდუსტრიული ელფერი შესძინოთ. დამატებითი დახვეწილობისთვის, საკიდი მილები მქრქალი შავი ან თუნდაც ოქროსფერი საღებავით შეღებეთ.

  1. შეიძინეთ ახალი სანათი

ამ მცირე ცვლილების შეტანას შეუძლია თქვენი საძინებლის ინტერიერზე მნიშვნელოვნად იმოქმედოს. ახალი და საინტერესო შესახედაობისთვის ფერადი ან ორნამენტებიანი დიზაინი შეარჩიეთ.

  1. გამოაცოცხლეთ ინტერიერი მცენარეების საშუალებით

სახლის მცენარეების გამოყენება ბიუჯეტური დეკორაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იდეაა. გარდა სივრცეში ახალი სიცოცხლის შემოტანისა, მცენარეები ინტერიერს ფერებით ავსებს, ჰაერის ხარისხს აუმჯობესებს და ა. შ. მოათავსეთ ისინი თაროებზე, ყავის მაგიდებზე, აივნებსა და ცარიელ კუთხეებში.

  1. შექმენით ატმოსფერო სანთლების გამოყენებით

სანთლები დეკორაციის ერთ-ერთი ყველაზე ატმოსფერული და ხელმისაწვდომი გადაწყვეტაა. მათი გამოყენება ოთახში ლაღ, რომანტიკულ გარემოს ქმნის. შეარჩიეთ ლამაზი ფერის სანთლები და ელეგანტური სადგამები.

  1.  გამოიყენეთ ნაქსოვი კალათები

ინტერიერის გაფორმებისას ნაქსოვი კალათების გამოყენება, შესაძლოა, საკმაოდ მრავალმხრივი იყოს. ნივთების შესანახი კალათის გარდა, მათ ჭაღისა და პატარა მაგიდის ფუნქციის შეთავსებაც შეუძლიათ.

  1. წარმოაჩინეთ თქვენი კოლექცია

თუ სამოგზაურო სუვენირების, ანტიკური ჩაის ჭიქების, კომიქსების ფიგურების ან ნებისმიერი სხვა რამის შეგროვებით ხართ გატაცებული, თქვენი კოლექცია ინტერიერის ნაწილი გახადეთ. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ნივთებს უკვე ფლობთ, ისინი ბიუჯეტური დეკორაციისთვის იდეალურია. გარდა ამისა, ასეთი ნივთები თქვენს საცხოვრებელს უნიკალურობას სძენს. თქვენი კოლექციისთვის ადგილი, შესაძლოა, ბუხრის ზედაპირზე ან თაროებზე გამონახოთ. მეტი თვალსაჩინოებისთვის, შეგიძლიათ ისინი ორ ან სამ ჯგუფად დაყოთ.

  1. შეცვალეთ პატარა დეტალები

მიუხედავად იმისა, რომ ავეჯის განახლება იდეალური ვარიანტია, ხშირად პატარა საგნებიც საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება. ისეთი დეკორაციული ნივთების შეცვლით, როგორიც არის, მაგალითად, ბალიშები, შეგიძლიათ თქვენი მისაღები ოთახი დიდი ხარჯების გაწევის გარეშე განაახლოთ.

  1. შექმენით ცენტრალური წერტილი

ბიუჯეტური დეკორაციის შექმნისას, დიზაინერები ყველაზე ხშირად ინტერიერში ერთი გამორჩეული ნივთის დამატებას გვირჩევენ. მისაღები ოთახის შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს ხელოვნების შესამჩნევი ნიმუში, თვალისმომჭრელი სარკე ან ვინტაჟური სავარძელი. ასეთი ნივთები მნახველის ყურადღებას მაშინვე იპყრობს.

  1. ეკლექტიკა 

ეკლექტიკური დიზაინი სახლის ხელმისაწვდომ ფასად გაფორმების შესანიშნავი საშუალებაა, რადგან ის შეხამებას არ მოითხოვს. სინამდვილეში, საქმე, უნიკალური იმიჯის შექმნის მიზნით,  სხვადასხვა ნივთების, ნიმუშებისა და ტექსტურების შერწყმაშია. მისაღები ოთახის დაკომპლექტებისას გამოიყენეთ თქვენი საყვარელი ავეჯი და შეაერთეთ ისინი ისეთი ელემენტების საშუალებით, როგორიცაა ფერთა პალიტრა.

  1. დანიშნულება შეუცვალეთ ძველ კიბეს

სახლის ბიუჯეტურად გაფორმების იდეების სიაში ბოლო არის ძველი კიბის ახალი დანიშნულებით გამოყენება. შეგიძლიათ ის ლამაზ ფერში შეღებოთ და გამოიყენოთ, როგორც თარო. ამისთვის დაგჭირდებათ ფიცრები, რომლებსაც საფეხურებს შორის დაამაგრებთ. შეგიძლიათ თაროებზე წიგნები, ქოთნის მცენარეები ან სხვა ნივთები მოათავსოთ.

„take a seat, we are starting“ – NS STUDIO-მ დიზაინ ობიექტების პირველი კოლექცია წარადგინა

19 კომპანია თბილისში, რომლებიც ავეჯს ინდივიდუალური შეკვეთით დაგიმზადებენ