თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „Axis Towers-ი“ უკვე დედაქალაქის ახალი მიზიდულობის ცენტრი გახდა.
„Axis Towers-ი“ თანამედროვე, მოდერნისტული ნაგებობაა და მის უნიკალურობას, არქიტექტურულ და ინჟინრულ გადაწყვეტილებებთან ერთად, დიზაინიც განაპირობებს. არქიტექტურა და დიზაინი „Axis Towers-ში“ ერთმანეთთან ჰარმონიულად არის შერწყმული და ერთიან კონცეფციას ქმნის.
დიზაინსა და გამორჩეულობაზე საუბრისას, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღინიშნოს „Accor Group-ში“ შემავალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman-ი, რომელიც „Axis Towes-ის“ მინის კოშკში მდებარეობს. „Accor Group-ი“ კონტინენტური ევროპის უმსხვილესი ფრანგული ბრენდია, რომელსაც 50 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს და, 5300 სასტუმროთი და 40-ზე მეტი ბრენდით, მსოფლიოს 110 ქვეყანაშია წარმოდგენილი.
„Axis Towers“-ის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ბიზნესცენტრია, „Pullman-ი“ კი, ბიზნესტურიზმზე ორიენტირებული ბრენდი, რომელიც „Axis Towers-ის“ კონცეფციას კარგად მოერგო. თავდაპირველად, ფრანგული ბრენდის შეთავაზება 4-ვარსკვლავიან სასტუმროს მოიცავდა, თუმცა „Axis Towers-ის“ პროექტის საწყის ეტაპზევე განსაზღვრული იყო, რომ მინის კოშკში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო განთავსდებოდა. სწორედ ამიტომ, „Accor group-ის“ პირველი პრემიუმ კლასის სასტუმრო თბილისში, „Axis Towers-ში“ გაიხსნა.
სასტუმროს რამდენიმე უნიკალური შტრიხი ახასიათებს. პირველ რიგში, იგი სხვა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებისგან როგორც სივრცითი მოწყობით, ისე კრეატიული გადაწყვეტილებებით გამოირჩევა. სასტუმროში ინდუსტრიულ-მოდერნისტული დიზაინის მქონე 220 ნომერი მდებარეობს და ერთმანეთს არც ერთი მათგანი არ ჰგავს. ამასთან, თითოეულ ნომერში ხელოვნების ნიმუშებია წარმოდგენილი. სასტუმროს ინტერიერის დიზაინზე, „Axis Towers-ის“ არქიტექტორების გუნდთან ერთად, ფრანგმა დიზაინერმა, კრისტოფ პილემ იმუშავა. დიზაინში მრავალფუნქციური შენობის ერთიანი სტილია დაცული. საუბარია ე.წ. “ლოფტის” (LOFT) სტილზე, რომელიც სიახლეა და უჩვეულოა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროსთვის. თუმცა, ასეთი თავისუფალი სტილი კარგად მოერგო თავად სასტუმროს კონცეფციას, რომელიც ბიზნესტურიზმზეა ორიენტირებული. ინტერიერში, ლოფტისთვის დამახასიათებელ მასალებთან ერთად, სხმული ბეტონი და ბეტონის მოსაპირკეთებელი პანელები; ასევე, ძვირფასი მასალები – ბუნებრივი მარმარილოს ქვა, მინის, უჟანგავი მეტალის და სხვა ტიპის თანამედროვე მოსაპირკეთებელი პანელებია გამოყენებული. მთავარი აქცენტები გაკეთებულია მხატვრულ განათებაზე, რომლის მართვითაც, განუმეორებელი ეფექტები მიიღება.
ფრანგულ მიმართულებას რესტორანი „Dumas” აგრძელებს. სახელის ინსპირაციის წყარო, ერთი მხრივ, ალექსანდრე დიუმაა (როგორც ცნობილია, მან იმოგზაურა საქართველოში), ხოლო, მეორე მხრივ, ფრანგული მიმდინარეობის გაგრძელება, რადგან თავად სასტუმრო „Pullman-იც“ ფრანგული ბრენდია.
„Dumas“ კლასიკური ფრანგული რესტორანია. ეს არის ადგილი, სადაც განსაკუთრებული საღამოს გატარება და გამორჩეული ფრანგული კერძებითა და საოცარი ხედებით ტკბობაა შესაძლებელი.
უნიკალური დიზაინით გამოირჩევა „Axis Towers-ის“ შექმნილი ბრენდი „Weather Report“-ი, ქალაქში ყველაზე მაღალი „სქაი ბარი“. „Weather Report -ს“ 360-გრადუსიანი ხედი და განსხვავებული დიზაინი აქვს. შავ, არეკვლად ჭერზე 1000 ნათურაა დამონტაჟებული. სივრცის ბირთვი კი ვენეციური შუშის აგურით არის მოპირკეთებული, რომელსაც ცალკე განათება აქვს. ეს ყველაფერი ძალიან გამორჩეულ და ლამაზ ინტერიერს ქმნის.
„Axis Towers-ის“ კონცეფციის თანახმად, ყოველი შემდეგი ნაბიჯი ბრენდმა წინ უნდა გადადგას და ადამიანებისთვის უკეთესი გარემო შექმნას. სწორედ ამ კონცეფციის შთაგონებით, სარესტორნო მიმართულებით, “Axis Towers-მა“ კიდევ ერთი სიახლე შემოიტანა და შექმნა ახალი პასაჟი ქალაქში. ეს არის საფეხმავლო ქუჩა, რომელიც ჭავჭავაძის გამზირს აბულაძის ქუჩასთან აკავშირებს. ის ქალაქის ცენტრში ახალ რეკრეაციულ სივრცეს წარმოადგენს, სადაც, ასევე, განთავსებულია რესტორნები.
80 მეტრის სიგრძისა და 20 მეტრის სიგანის საფეხმავლო ქუჩაზე, 7 სხვადასხვა ტიპის, პრემიუმ კლასის რესტორანი ორ სართულზე „პასაჟურ“ სტილშია განლაგებული. პირველი სართულის ყველა რესტორანს საკუთარი შიდა სივრცე და ასევე, ტერასა აქვს, რომელიც „პასაჟშია“ მოქცეული. გარდა ამისა, ტერასა აქვს მეორე სართულის რესტორნებსაც, რომელთაგან ერთი აბულაძის ქუჩის მხარეს, მეორე კი, ჭავჭავაძის მხარეს გადის. ამ ტერასების წყალობით, პირველ სართულზე გარკვეული ტიპის ხიდები შეიქმნა, რომელთა ქვეშაც ორი დამოუკიდებელი ბარი განთავსდა. ერთი მათგანი კოქტეილისაა, ხოლო მეორე – ღვინის.
საფეხმავლო ქუჩის ბოლოს, აბულაძის მხარეს, „Axis Towers-ის“ რესტორანი „ფალესტრა“ მთლიანი ქუჩის მუსიკალურ გაფორმებაზე ზრუნავს. ის ამ ქუჩის ერთგვარი ლოკომოტივია. რესტორანს აქვს ძალიან ლამაზი გამწვანებული ეზო, მოძრავი გადახურვით, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს სასურველ გარემოს ქმნის. „ფალესტრა“ 3 დარბაზად არის დაყოფილი. პირველი ე.წ. სასადილო სივრცეა, რომელიც ამერიკულ სტილზეა გათვლილი – ბურგერებისა და მსგავსი საკვების კომფორტულად დასაგემოვნებლად.
მეორე დარბაზი – შუა ზონა – დიდ საერთო მაგიდას ეთმობა, სადაც სტუმარს შესაძლებლობა აქვს, დატკბეს კულინარიული შოუთი და თვალი ადევნოს, თუ როგორ ამზადებს კერძს მრავალი ჯილდოს მფლობელი, „Four Seasons-ის“ ყოფილი და ამჯერად უკვე „ფალესტრას“ შეფი.
მესამე ზონა აზიურ სტილს მოიცავს. სუში ბარს ლაუნჯისკენ აქვს გასასვლელი, სადაც ჰამაკები და კომფორტულად მოსაკალათებლად საჭირო ყველა ინვენტარი დაგხვდებათ.
საფეხმავლო ქუჩის მეორე სართული მთლიანად ქართულ მიმართულებას დაეთმობა. ამ სივრცეში, ტრადიციული და თანამედროვე ქართული სამზარეულოს სინთეზით, ქართული ავთენტური სამზარეულოს სამჭედლო შეიქმნება. ამ იდეის განხორციელება პროექტის შემდეგ ეტაპზეა დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ ახალ საფეხმავლო ქუჩაზე სტუმრობა შეეძლებათ როგორც „Axis Towers-ის“ მომხმარებლებს, ისე – ნებისმიერ ადამიანს, ვისაც დასვენება, გართობა, ან უბრალოდ, ყავის მყუდრო გარემოში დაგემოვნება მოუნდება.
საერთო ჯამში, „Axis Towers-ში“ მდებარე 12 რესტორანი და 7 ბარი, მომხმარებლებს გასტრონომიულ მოგზაურობასთან, ასევე, დასვენებისა და გართობის მრავალმხრივ შესაძლებლობასთან ერთად, უნიკალურ კონცეფციას და ამ კონცეფციის წყალობით შექმნილ გამორჩეულ დიზაინს სთავაზობს, სადაც ინოვაციური ტექნოლოგიები, მოდერნისტული სტილი და ხელოვნება ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის.