ფერი განწყობას ქმნის და ამ ელემენტს შეუძლია ოთახის იერსახე რადიკალურად შეცვალოს. დღეს ინტერიერში ფერის წარმატებულად გამოყენების 10 ექსპერიმენტს შემოგთავაზებთ.
- გარდამავალი წერტილი
ოთახებს შორის გადასვლას ხაზი კარის დეკორით გაუსვით. კარის ჩარჩოები და გარე მხარე კედლის ფერში შეღებეთ, ხოლო შიდა ნაწილისთვის გამოიყენეთ კონტრასტული ფერი, რომელიც ოთახის დეკორაციას შეესაბამება.
- ბუნებრივი ელფერები
მქრქალი ნეიტრალური ელფერით შეღებილ კედლებს ბუნებრივი ფერები აცოცხლებს: მოყავისფრო-ყვითელი, მუქი მწვანე და ლურჯი საუკეთესო ვარიანტებია.
- კედლების მოხატვა
სივრცეში პროპორციული გეომეტრიული ფორმების გამოყენებამ, შესაძლოა, თქვენი ოთახი თანამედროვე ხელოვნების გალერეად გადააქციოს. ჯერ კონტურები ფანქრით დახაზეთ, შემდეგ კი აუცილებლად გამოიყენეთ სამღებრო წებოვანი ლენტი, რათა ნახატი მოწესრიგებული გამოვიდეს.
- კონტრასტების თამაში
მუქი ჭერი კერძო ინტერიერში სულ უფრო ხშირად ჩნდება. კონტრასტული ვარიანტი სივრცეს ვიზუალურად აფართოებს და ერთი ფერთა გამის გამოყენება, პირიქით, ამცირებს მას. თუ მთელი ოთახის ხელახლა გადაღებვას აპირებთ, დაიწყეთ ჭერიდან – ეს მზა კედლებზე საღებავის შემთხვევით მოხვედრას გამორიცხავს.
- ხის კარები
ჭერის ვიზუალურად აწევა შეგიძლიათ მისი კედლების მსგავსი ან უფრო ღია ფერში შეღებვით. თანამედროვე სივრცეს საკმაოდ უხდება ვინტაჟური სტილის ხის კარები – შესაღებად კონტრასტული ფერი გამოიყენეთ.
- დეტალური მიდგომა
დააკვირდით სახლის არქიტექტურულ თავისებურებებს და მისი გამოყენების გზებზე დაფიქრდით. აგური, რომელიც კედლებზე ჩამოკიდებულ ხელოვნების ნიმუშებს ეხმიანება, ნათელ ფერებში შეღებილი ბათქაში, უჩვეულო მასალისგან დამზადებული პლინთუსი – ეს ყველაფერი სახლის თანამედროვე სივრცედ გადაქცევაში დაგეხმარებათ.
- ოთახი ოთახში
სახლის ყველაზე ნაკლებად ფუნქციონალური ადგილიც კი, შეიძლება, საღებავის დახმარებით გარდაიქმნას. მაგალითად, ფოტოზე ნაჩვენები კიბისქვეშა პატარა სივრცე სასადილო ოთახად იქცა. ჩაშენებული სკამები, რომლებიც სათავსოს ფუნქციასაც ასრულებს, კედლებთან კონტრასტშია, ხოლო ჭერი თეთრია, რათა სივრცე ვიზუალურად გაზარდოს.
- ნათელი იატაკი
ვიწრო დერეფანს ნათელი ფერი მოუხდება. იატაკის მთლიანად გადაღებვამდე, საღებავი მხოლოდ მცირე ფართობზე გამოიყენეთ და მთელი ღამის განმავლობაში გააჩერეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ სწორ არჩევანს აკეთებთ.
- ხელოვნება სიცოცხლისთვის
საწოლის თავზე არსებული გეომეტრიული ფიგურები, შეიძლება, კედლებისთვისაც გამოიყენოთ. თუ არ იცით, რომელი ფერი აირჩიოთ, შთაგონებად თქვენი საყვარელი ხელოვნების ნიმუში აქციეთ.
- დაბლა – მუქი, მაღლა – ღია
ორ ფერში შეღებილი კედლები შთამბეჭდავად გამოიყურება. ჩვენ ვიცავთ “დრეს კოდის” წესს და კედლის მესამედ ვღებავთ მდიდარი ფერით, რათა გამჭვირვალე ტონმა ჰაეროვნებისა და სივრცის განცდა შექმნას.
რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი