in

რა უნდა ვიცოდეთ შემრევი ონკანის შესახებ

Banner M2
Banner M2

როგორ ავირჩიოთ სახლისთვის შემრევი? კომფორტი თქვენს ოჯახში პირდაპირ ამ კითხვის პასუხზეა დამოკიდებული. დაგვეთანხმეთ, რომ არავის სურს საკუთარ სახლში ისეთი ონკანის ნახვა საიდანაც წყალი ჟონავს, სუსტი ნაკადი აქვს ან უჭირს სასურველი ტემპერატურის შენარჩუნება.

პირველი, რაზეც უნდა ჩამოვყალიბდეთ, ეს შემრევის ტიპია. არსებობს შემდეგი სახის შემრევები: ერთ ბერკეტიანი, ორ ვენტილიანი, თერმოსტატური და სენსორული.

ბოლო ტიპის მოდელები უპირატესად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისთვის გამოიყენება.

თერმოსტატური შემრევის ძირითადი უპირატესობაა უწყვეტი ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნების უნარი წყალგაყვანილობის მილების „სიურპრიზების“ მიუხედავად. ამგვარი შემრევის მთავარი ნაკლი მისი მაღალი ფასია.

ყველაზე პოპულარული სახეობა დღეს ერთბერკეტიანი მოდელებია. ისინი მაქსიმალურად პრაქტიკული, საიმედო და მოსახერხებულია. ამგვარი შემრევის რეგულირება ხორციელდება მხოლოდ ერთი სახელურის მეშვეობით. ელიტურ მწარმოებლებს შეგვიძლია მივაკუთვნოთ: Jacob Delafon, Hansgrohe, Geberit, Ideal Standard, Migliore, Grohe. კლასიკურ ორ ვენტილიან შემრევებს სპეციალისტები მორალურად მოძველებულს უწოდებენ. შესაძლებელია ტექნიკურად ეს ასეცაა, თუმცა დიზაინერები ახერხებენ მათი საშუალებით ვინტაჟური სტილის შტრიხების შეტანას ინტერიერში. მისი რეგულირება ცოტა მეტ დროს მოითხოვს, თუმცა ეს მხოლოდ ერთადერთი პოზიციაა, სადაც ისინი აგებენ.

შემრევის არჩევის დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ ისეთ მახასიათებელს, როგორიცაა კონსტრუქციის მონოლითურობა. განასხვავებენ ჩამოსხმულ და აწყობილ მოდელებს. პირველ შემთხვევაში შემრევის ცხვირი ფუძესთან უძრავად და ნაკერის გარეშეა შედუღებული, რაც მის ჰერმეტულობას ზრდის. აწყობილი მოდელების უპირატესობაა ცხვირის ტრიალის უნარი, ხოლო სუსტი მხარე ისაა, რომ ისინი შედგება რამდენიმე ელემენტისგან და შეერთების ადგილები პოტენციურად წყლის გაჟონვის ადგილებია. შემრევის შეძენამდე ასევე უნდა გადაწყდეს სად დამაგრდება ის, კედელზე თუ ნიჟარაზე. კედლის მოდელები უფრო პოპულარულია. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ერთბერკეტიან შემრევში შემავალი წყალი ზედმიწევნით გაფილტრული უნდა იყოს, ვინაიდან პატარა ნაწილაკმაც კი შეიძლება დააზიანოს შემრევი. ამიტომ აუცილებლად გაითვალისწინეთ და ადგილი მიუჩინეთ თქვენს ბინაში წყლის ხარისხიან ფილტრს.

შემრევის არჩევისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მასალა, რისგანაც ის არის დამზადებული. მასალა პირდაპირ მოქმედებს შემრევის ფასზე. ხარისხიან შემრევებს ამზადებენ მხოლოდ თითბერისგან. ის მყარი, გამძლე და  კოროზიის ზემოქმედების მიმართ მდგრადია. მნიშვნელოვანია რომ შენადნობში ცინკის პროცენტი დაშვებულ ნორმას არ აღემატებოდეს. ნამეტი თქვენს ორგანიზმს  ბევრს ვერაფერს ავნებს, თუმცა შენადნობის სწორი პროპორციების დაცვა მაინც მიზანშეწონილია. თითბერი საკმაოდ მძიმეა, ამიტომ შემრევის მაღალი ხარისხის მახასიათებლად მის სიმძიმესაც მიიჩნევენ.

ცნობილი ბრენდის ნაწარმის შეძენისას თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ზემოხსენებული მასალა გამოიყენება. თუმცა სხვა შემთხვევაში თქვენ ამისგან დაზღვეული არ ხართ. იაფ შემრევებს აკეთებენ არამარტო იაფი შენადნობებისგან, არამედ მაღალი სიმკვრივის პლასტმასისგანაც. ეს უკანასკნელი ხშირად გამოიყენება სახელურებისა და საშხაპე ყურმილების დამზადებისას. ასეთი სინთეტიკური მასალების გამოყენება ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას. შემრევების საფარად იყენებენ ქრომს. პრემიუმ კლასის ნაკეთობებს ოქროთი, ბრინჯაოთი და სხვა ძვირფასი დეკორატიული საღებავებით ფარავენ.

ბრუტალისტური არქიტექტურა ევროპაში

როგორ შევარჩიოთ სკამი და მაგიდა ინტერიერისთვის – “შნო” გვირჩევს