სასტუმრო CLOCKS, რომელიც ავლაბარში მდებარეობს, ახლახან დასრულებული ობიექტია და მასზე შრე სტუდიომ იმუშავა. საპროექტო დავალების მიხედვით, პროექტის ავტორებს უნდა შეექმნათ სახასიათო ხელწერის ინტერიერი, რომელიც იქნებოდა გამორჩეული და საინტერესო კონტრასტს შექმნიდა თბილისის ამ ისტორიულ უბანში.
“სასტუმრო CLOCKS საკუთარი სახელის დეფინიციითა და შინაარსით დროის პირდაპირი გამოხატულებაა, თუმცა პარადოქსია, სივრცეში და მატერიაში გამოსახო დრო, რომელიც ბუნებით ცვალებადია. ამიტომ მთავარი კონცეპტუალური გადაწყვეტა ინტერიერის დიზაინში იყო ის, რომ შეგვექმნა უდროობის (timelessness) განცდა – სივრცე, სადაც დრო არ იგრძნობა და ვერასდროს დააკავშირებ დროის კონკრეტულ მომენტთან, სივრცე, რომელიც ყველა დროში აქტუალურია – გუშინაც, დღესაც და ხვალაც. სწორედ ამ განცდას ქმნის მინიმალისტური სტილის დიზაინი, რომელიც უხეშად არ იქცევს მნახველის ყურადღებას და არ საუბრობს საკუთარ თავზე, როგორც ერთი შეხედვით, განსაკუთრებულ სივრცეზე, არამედ საშუალებას იძლევა, იფიქრო და გაიაზრო თითოეული დეტალი, გამოიტანო შინაარსი და თავად შეაფასო მისი დაფარული იდეები,” – გვიამბობენ პროექტის ავტორები
როგორც შრე სტუდიოს წარმომადგენლები აღნიშნავენ, აღნიშნულ პროექტში მათი გუნდისთვის მთავარი გამოწვევა სასტუმროს ნულოვანი სართულის გეგმარება იყო. საკუთარი მიზნების მისაღწევად დიზაინერებმა შენობის თავდაპირველი გეგმარება რადიკალურად შეცვალეს. როგორც თავად გვიამბობენ, ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობდა:
1. მასშტაბური ლობი
ცნობილია, რომ ნებისმიერ სასტუმროში დიდი სივრცის ფუფუნება ნაკლებად არის. შესაბამისად, მაქსიმალური ოპტიმიზაციაა საჭირო, რომ სასტუმროს ყველა საოპერაციო ზონას ფართი პროპორციულად გადაუნაწილდეს. ამ შემთხვევაში დიზაინერების პირველი და ყველაზე მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობდა, რომ შემოსასვლელი ზონის ზედმეტად დიდი სივრცე ოპტიმალურად დაპროექტებულიყო და მომხდარიყო მასშტაბური ლობის კომპაქტურ სივრცედ გადაქცევა. ამას გარდა, რეცეფციის უკან ე.წ. “ბექ ოფისში” შესასვლელი კარები პირდაპირ დაუფარავად ჩანდა, რაც უხეშად აისახებოდა ინტერიერში.
2. კოლონები
გეგმარებაში მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო კოლონები, რომლებიც, როგორც პირვანდელ ვერსიაში ჩანს, რესტორნის შუაგულში ექცეოდა. შრე სტუდიოს გადაწყვეტის მიხედვით, კოლონები კედლებში მოექცა და ამ ფორმით მოხდა მათი დამალვა. შემდგომ პროექტის ავტორებმა ამ კედლებში 45 გრადუსიანი ჭრის ღიობები შექმნეს, რაც ინტერიერში სამოძრაო მიმართულებას ადგენს სტუმრისთვის და საინტერესო კადრებად გვხვდება სხვადასხვა კუთხიდან.
3. სამზარეულოს კარი
პირვანდელ გეგმარებაში სამზარეულოს კარი პირდაპირ, დაუფარავად გამოდიოდა რესტორნის სივრცეში, რაც დიზაინერების შეხედულებით, საკმაოდ არაესთეტიკური გადაწყვეტა იყო, შესაბამისად, ეს ნაწილიც შეიცვალა.
4. ახალი ელემენტი რესტორანში
სასტუმროს რესტორანს დაემატა ე.წ შვედური მაგიდა, რომელიც ოპტიმალურად ინტეგრირდა გეგმარებაში და ასევე გაჩნდა სამოძრაო სივრცე, რომელიც რესტორნის გვერდის ავლით აკავშირებს ბარს, ლობისა და ლიფტების ტამბურს. შვედური მაგიდის თავზე კი შავი და თეთრი კერამიკული ფილები გვხვდება, რაც საინტერესო კუბისტურ დინამიკას ქმნის სივრცეში.
სასტუმროს საზოგადოებრივი სივრცე უმეტესწილად მოპირკეთებულია მაღალი ხარისხის ხელოვნური ქვის, კვარცის მასალით. კვარცის კედლების პერპენდიკულარულად კი გამოყენებულია ხის ფაქტურა. ეს ორი მასალა როგორც ვიზუალურად, ისე მიმართულების მხრივ, ერთმანეთს აბალანსებს და ამასთანავე საინტერესო კონტრასტებს ქმნის.
იქიდან გამომდინარე, რომ პროექტის ავტორებმა კოლონები კედლებში მოაქციეს, სივრცეში გაჩნდა საკმაოდ სქელი კედლები, რაც ვიზუალურად ძალიან მძიმე იქნებოდა, რომ არა ამ კედლების მრავალ შრეებად დაყოფა და მათში განათებების ინტეგრირება, რამაც შეამსუბუქა და საინტერესო ჩრდილები და კადრები შემოიტანა ინტერიერში.
საკმაოდ საინტერესო და უნიკალურია კოქტეილ ბარის დიზაინი თავისი ჩამოზნექილი განათებებით, რომელიც თითქოს ჭერიდან არის ამოთლილი.
ბარის გვერდით გვხვდება მყუდრო დასაჯდომი კუთხეები, რომლებიც ხის მასალით არის გამოყოფილი დანარჩენი სივრცისგან.
სასტუმროს ნომრები რამდენიმე ტიპისაა. თითოეულ მათგანში დომინირებს ხე და სხვადასხვა ცოცხალი, აქცენტური ფერი, რაც საბოლოოდ უნიკალურ და სახასიათო ატმოსფეროს ქმნის სტუმრებისთვის.
წამყვანი დიზაინერი: ივა მაზმანიშვილი
დიზაინ ჯგუფი: შმაგი აფაქიძე, თორნიკე გონგლაძე
პროექტის ხელმძღვანელი: ცოტნე მაზმანიშვილი
სამშენებლო კომპანია: CLOCKS HOTELS
ფოტოგრაფი: MAKASARASHVILI PHOTOGRAPHY