ეს სახლი, რომელიც თბილისთან ახლოს მდებარეობს, სამშვილიანი ოჯახის ქალაქგარე თავშესაფარია. საცხოვრებელი სივრცის საერთო ფართობი 560 კვადრატულ მეტრს შეადგენს და მასზე დიზაინერმა რუსუდან ლაშხმა იმუშავა.
“დამკვეთს ჰყავს სამი შვილი და მისი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ყველა ოჯახის წევრს ჰქონოდა საკუთარი სველი წერტილი და საგარდერობო ოთახი. ასევე უნდა შექმნილიყო როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში არსებული სტუმრების მისაღები ზონები, რომლებიც უნდა ყოფილიყო აღჭურვილი ბუხრით, სამზარეულოთი, სასადილო მაგიდითა და მოსასვენებელი კუთხით,” – გვიამბობს პროექტის ავტორი
ამ დავალების შესასრულებლად რუსუდან ლაშხმა შეიმუშავა კონცეფცია, რომლის ამოსავალი წერტილი იმაში მდგომარეობდა, რომ შექმნილიყო ყველა ოჯახის წევრისთვის მოსახერხებელი საცხოვრებელი სივრცე.
სახლს გააჩნია რამდენიმე საზაფხულო სივრცე, რომლებიც ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პარალელურ რეჟიმში შესაძლებელია ოჯახის წევრებისა თუ სტუმრების ნაწილი ისვენებდეს აუზთან, მეორე ნაწილი კი იყოს სამზარეულოსთან მდებარე უკანა ეზოში და ამავდროულად, კაბინეტთან არსებულ ტერასაზე შესაძლებელია საქმიანი შეხვედრის გამართვა ისე, რომ არავინ აწუხებდეს ერთმანეთს.
რაც შეეხება შიდა სივრცეებს, ისინიც ასევე იზოლირებულია ერთმანეთისაგან. მეორე სართულზე გვხვდება მხოლოდ ოჯახის წევრების საძინებლების ზონა, ხოლო პირველ სართულზე განთავსებულია ძირითადი მისაღები ოთახი და სასადილო, ასევე კინოთეატრის ოთახი, კაბინეტი და სამზარეულო.
“ყველა ეს სივრცე საკმაოდ დიდი ზომის არის და ზამთრის პირობებშიც კი შესაძლებელია ოჯახის წევრებმა მიიღონ სტუმარი და დაისვენონ ისე, რომ ერთმანეთი არ შეაწუხონ,”- რუსუდან ლაშხი
სახლს ასევე გააჩნია ე.წ. მინუს სართული, სადაც განთავსებულია დამატებით მოსასვენებელი სივრცე საბილიარდო მაგიდითა და ბარით. ამ სივრცეში მოხვედრა შესაძლებელია, როგორც სახლიდან, ასევე ეზოდან. ეს კი შესაძლებელს ხდის, სურვილის შემთხვევაში, მასპინძელმა ისე მიიღოს სტუმარი, რომ სახლში საერთოდ არ მოახვედროს იგი.
შენობის ფასადი მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვითა და ხის ფაქტურის პანელებით. რაც შეეხება ინტერიერს, შიდა სივრცე გადაწყვეტილია თანამედროვე სტილში და მასში სადა ფერები დომინირებს. აქ ასევე უხვად არის გამოყენებული ხის ფაქტურა, რაც სივრცეს მეტ სიმყუდროვეს მატებს.
პირველი სართულის იატაკი მთლიანად თეთრი ფერის მარმარილოს ფაქტურის კერამიკითაა მოპირკეთებული, რაც კერძო სახლის შემთხვევაში, საკმაოდ პრაქტიკული გადაწყვეტაა. ინტერიერის სადა გამა გაცოცხლებულია ფერადი დეკორაციებით.
სახლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული დეტალი არის შიდა ეზო, რომელიც ჰოლში შესვლისთანავე იქცევს ყურადღებას. ეზო არის მთლიანად შემინული და სახლის ორივე სართულის ჰოლსა და დერეფნებს ემიჯნება. ამ ფორმით ინტერიერში სიმწვანის ინტეგრირება ხდება.
პროექტის ავტორი: რუსუდან ლაშხი
ფოტოგრაფი: ბილი ბილიხოძე