in ,

ახალგაზრდა წყვილის მყუდრო ბინა სოლოლაკში – რუსუდან ლაშხის ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

ბინა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, სოლოლაკში მდებარეობს, ახალგაზრდა წყვილს ეკუთვნის და მისი საერთო ფართობი 178 კვადრატულ მეტრს შეადგენს (აქედან საცხოვრებელი სივრცე – 100 კვ/მ, ხოლო ტერასა 78 კვ/მ).

ბინის მეპატრონეების მთავარი სურვილი მყუდრო და ფერადი გარემოს შექმნაში მდგომარეობდა. ამ ამოცანის შესასრულებლად კი მათ ინტერიერის დიზაინერ რუსუდან ლაშხს მიმართეს, რომელმაც დავალებას ძალიან წარმატებულად გაართვა თავი.

მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი სივრცის ფართობი არ არის დიდი, მოხერხებული გეგმარების წყალობით ბინაში ყველა ფუნქციური ზონა გვხვდება. სახლში არის არის ორი სრულფასოვანი საძინებელი, ორი სველი წერტილი და დიდი მისაღები ოთახი სამზარეულო ნიშით.

ამას გარდა, ბინას აქვს ულამაზესი ხედების მქონე დიდი ტერასა, რომელიც ზაფხულის პერიოდში სასადილო ოთახისა და სტუმრების მისაღები სივრცის ფუნქციასაც ითავსებს.

ოთახები საკმაოდ ნათელია. ამას ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ კედლები ღია ტონებშია გადაწყვეტილი. ყველა სივრცე მოწყობილია სხვადასხვა ფერში. მისაღებ ოთახში გვხვდება მწვანე გამა, საძინებლები კი ყვითელ და ლურჯ ფერებშია შესრულებული. ამ ინდივიდუალურ შტრიხებს აერთიანებს ხის ფაქტურა, რომელიც ყველა სივრცეში გვხვდება როგორც იატაკზე, ასევე ავეჯზე.

მისაღებ ოთახს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ხელოვნურად დამზადებული ხის კოჭები, რასაც სივრცეში ოდნავ სიძველისა და სიმყუდროვის შეგრძნება შემოაქვს.

რაც შეეხება სამზარეულოს, ის კომპაქტურობითა და სადა დიზაინით გამოირჩევა. იმის გათვალისწინებით, რომ ნიშა არის საკმაოდ მომცრო ზომის, პროექტის ავტორმა სამზარეულოს ავეჯისთვის თეთრი ფერი გამოიყენა და ამით თავიდან აირიდა სივრცის კიდე უფრო დაპატარავება.

აბაზანაში გვხვდება ხუთკუთხედი სხვადასხვა ფერის მქონე ფილების დეკორი, რაც სივრცეს უფრო საინტერესო სახეს სძენს. ამ შემთხვევაშიც ჭარბობს ხის ფაქტურა, რომლის მთავარი დანიშნულება ცივი ნაცრისფერი ტონების დაბალანსებაა.

პროექტის ავტორი: რუსუდან ლაშხი

ფოტოგრაფი: ბილი ბილიხოძე 

დაცული: „სამერი ჯგუფი“ – საოჯახო საქმიანობით შთაგონებული ქართული ბიზნესი

საუკეთესო ფერები საძინებლისთვის: 5 ვარიანტი Homeis.ge-გან