in

ტური ოლივია კულპოს თვალწარმტაც ლოს-ანჯელესურ სახლში

Banner M2
Banner M2

ოლივია კულპო ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არ იღებს და გამონაკლისი არც მისი ლოს-ანჯელესში მდებარე სახლი ყოფილა. ყოფილი მის სამყარო, მსახიობი და ანტერპრენერი, რომელიც 120მ2 სიდიდის ძალიან ვარდისფერ ლოფტში ცხოვრობდა, ენსინოში ჩასვლამდე დიდხანს ეძებდა უძრავ ქონებას. „მე ვცხოვრობდი ზუსტად ჰოლივუდის სიღრმეში, ხმაურის შუაგულში და მივხვდი, რომ რაღაც უფრო მშვიდი მსურდა“ – ამბობს ის.

იდეალური სახლის პოვნა მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო. ინტერიერის დიზაინის ნაწილს გაცილებით მეტი დრო დასჭირდა. „როდესაც უკვე დიდი დრო გავიდა და მე ავეჯი ჯერ კიდევ არ მქონდა შერჩეული, ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები ბრაზობდნენ. გადაწყვეტილებებს ძალიან ნელა და ფრთხილად ვიღებ. უბრალოდ ვერ გადავწყვიტე“ – ამბობს ოლივია.

ოლივიამ დახმარებისთვის ჯეს დიაბს მიმართა. დაიწყო სახლის ნაწილ-ნაწილ მოწყობა ახალი და ვინტაჟური ელემენტების ნაზავით. დიზაინერსა და კულპოს ავეჯი სხვადასხვა სივრცეებში გადაჰქონდათ, რათა ყველაზე ჰარმონიული პოზიცია ეპოვათ.

ეს ფრთხილი, მაგრამ გააზრებული ტემპი შეიძლება ნელი იყო, მაგრამ დიაბი გრძნობდა, რომ ოლივია ნამდვილად აფასებს ყველაფერს, რაც მის სახლშია. „ყველა დიზაინერს შეუძლია, რომ თქვენი სახლი 24 საათში სრულიად შეცვალოს, მაგრამ საბოლოოდ იქ არსებულ ნივთებთან საერთო არაფერი გექნებათ“ – ამბობს დიზაინერი.

მოდის ინფლუენსერისთვის ეს პროცესი ნამდვილი სიახლე იყო. კულპო მიხვდა, რომ ის სიმეტრიის მოყვარულია და ტექსტურების შერწყმისკენ ძლიერი მიდრეკილება აქვს. „მე ვისწავლე სხვადასხვა მასალების გამოყენების მნიშვნელობა იმისთვის, რომ ოთახში მთლიანობის შეგრძნება შემექმნა“­ – ამბობს ის. დასვენების დროს ოლივია ათვალიერებდა ფრანგულ არქიტექტურას, ფრანგი არქიტექტორების ნამუშევრებს, ინსტაგრამსა და Pinterest-ში ეძებდა დამამშვიდებელ, დახვეწილ ესთეტიკას, რომელიც უნიკალურ ტექსტურებსა და ნეიტრალურ ტონებს წარმოაჩენდა. ქვეცნობიერად, პალიტრა თითქოს ოლივიას ძაღლის ბეწვის ფერს ერწყმის. „ეს არ მქონდა განზრახული. უბრალოდ ძალიან მიყვარს ჩემი ძაღლი და, შესაძლოა, გადაწყვეტილების მიღების დროს გაუაზრებლად სწორედ ის იყო ჩემი ინსპირაცია.“

იქიდან გამომდინარე, რომ დიზაინის პროცესში ოლივია თავად იყო ჩართული, მან ინტერიერზე პირადი გავლენა იქონია. მაგალითად, საოჯახო ოთახში მოთავსებულია ძვირფასი, ას წელზე მეტი ხნის ჩელო, რომელიც მისმა მშობლებმა მაშინ უყიდეს, როდესაც ოლივია პატარა იყო. „მთელი ცხოვრება ვუკრავდი, ასე რომ, ეს მუსიკალური ოთახის მსგავსია. დედაჩემი ალტზე უკრავს, ამიტომ, როდესაც სტუმრად მოდის, ჩვენ ამ ოთახში ერთად ვუკრავთ“ – ამბობს ოლივია.

ბილიარდის ოთახი, რომელიც სახლში ოლივიას საყვარელი ადგილია, დიაბის თქმით, განასახიერებს კულპოს პიროვნებას, რომელიც მოდიდან მხიარულობამდეა გადაჭიმული. გარეთ არის აუზი და ვერანდა, რომელიც დასვენებისა და გართობისთვის ასევე შესანიშნავი ადგილებია.

დიზაინერის აზრით, ეს სახლი არის ამაღელვებელი მტკიცებულება ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში კულპოს პიროვნული ევოლუციისა. „ვგრძნობ, რომ დიზაინის პროცესში ის საკუთარი თავის სხვა ვერსიად იქცა და ამის დანახვა დიდებული შეგრძნება იყო” – ამბობს დიაბი.

კულპო აღიარებს, რომ მისთვის ამ გამოცდილებამ ინტერიერის დიზაინის იდეა შეცვალა. „ახლა ინტერიერის დიზაინს აღვიქვამ როგორც საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებას, სწორედ ასეთი შეგრძნება მქონდა მოდასთან დაკავშირებითაც“ – ამბობს ოლივია. ის სახლის დაპროექტების პროცესში ძალიან აქტიურად იყო ჩართული და მიხვდა, რომ ეს შემოქმედებითი საშუალება უსასრულოა. „ეს არის პროექტი, რომელიც სამუდამოდ გაგრძელდება.”

ორ ტონში გაწყობილი სამზარეულოს კარადები – საინტერესო ფერთა კომბინაციები თქვენი ინტერიერისთვის

რა უნდა გაითვალისწინოთ შპალერის შერჩევისას?