არქიტექტურა არ გულისხმობს მხოლოდ პრაქტიკულ, მატერიალურ გამოყენებას ჩვენი ფიზიკური გარემოსთვის, არამედ, ყველაზე მნიშვნელოვნად, ის ქმნის საარსებო გარემოს ჩვენი სოციალური, ფსიქოლოგიური, სულიერი მოთხოვნილებებისთვის. ის ჩვენი მისწრაფებების, ოცნებების, შიშების თუ ნაკლოვანებების ფიზიკურად ხილვადი, გეომეტრიულად ხორცშესხმული ანარეკლია. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი არქიტექტორისა და დიზაინერისთვის უდიდესი გამოწვევაა, შექმნას ღრმა ცნობიერზე დაფუძნებული – მიზანმიმართული, კონკრეტული თუ აბსტრაქტული სივრცეები, რომლებიც ირიბად თუ პირდაპირ ზემოქმედებენ ადამიანის ემოციურ სტრუქტურასა და მათ საჭიროებებზე.
აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მსოფლიოს ხედვა ამ მიზნის მქონე არქიტექტურულ მეთოდებზე, რისი კვლევის საშუალებასაც Buildner-ის მიერ შექმნილი ყოველწლიური საერთაშორისო არქიტექტურული იდეების კონკურსი – Museum of Emotions – გვაძლევს.
მოცემული კონკურსის მიზანია, შეიქმნას მუზეუმის კონცეფცია ორი კონტრასტული სივრცით და არქიტექტურა გამოყენებული იყოს როგორც ძირითადი ინსტრუმენტი ემოციური მდგომარეობის შესაქმნელად. ვინაიდან ეს არის იდეების კონკურსი, მონაწილეებს შეუძლიათ აირჩიონ ნებისმიერი ადგილმდებარეობა, რეალური თუ წარმოსახვითი, ასევე შენობის სტრუქტურის ზომა. “ემოციების მუზეუმი” Buildner-ის ერთ-ერთი “მდუმარე” კონკურსია, რომელშიც მონაწილეებმა თავიანთი იდეები ტექსტის გამოყენების გარეშე უნდა გაავრცელონ. დიზაინის კონცეფცია უნდა იყოს გადმოცემული მხოლოდ ვიზუალის გამოყენებით.
ქართველი არქიტექტორების სტუდენტური ჯგუფისთვის ეს გამოწვევა ძალიან საინტერესო ეტაპებად განვითარდა. ოთხმა ახალგაზრდამ – ანა კუბეციამ, ნინა ავდალიანმა, ვანო გვენცაძემ, და გვანცა მარგიანმა – ჩაატარეს კვლევებისა და გამოკითხვების სერია, რათა შეესწავლათ ადამიანის ქვეცნობიერი რეაქციები გარეგან ზემოქმედებაზე, მისი ემოციური ჯაჭვის მოქმედების პრინციპები და დიაპაზონი, მოეხდინათ ადამიანის, როგორც სოციალური არსების, ღრმა ანალიზი, საბოლოოდ კი მათ მიღებული ინფორმაციისთვის უნდა მიეცათ არქიტექტურული ფორმა. შედეგად ანამ, ნინამ, ვანომ და გვანცამ შექმნეს სიურრეალისტური მაქსიმალიზმი, რომელიც ფერით, გეგმარებით, სვლებით, შუქ-ჩრდილებით, ზომებითა და კონსტრუქციებით ადამიანის ცნობიერზე მიზანმიმართულად ზემოქმედებს.
სტუდენტური ჯგუფის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესახებ უფრო დეტალურად თავად ავტორები გვიამბობენ:
“შენობა უძრავი ობიექტია, მაგრამ არქიტექტურა სცდება ფიზიკურ, მატერიალურ სამყაროს და ვრცელდება ჩვენს ღრმა ცნობიერებაში. კერძოდ, არქიტექტურა არის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სივრცითი ობიექტები ხდება ადამიანის ემოციური მდგომარეობის ერთ-ერთი ძლიერი განმსაზღვრელი სივრცის, სინათლის, მასალისა და ფორმის მანიპულირების გზით. ადამიანების იდენტობა და მოგონებები, იმედები და ოცნებები – ეს ადამიანური კონსტრუქციები სავსეა სივრცითი, არქიტექტურული გამოსახულებებით – უსაფრთხოების, საფრთხის, მუდმივობის, დაფარვისა და ასახვის გამოსახულებებით – ემოციების სრული სპექტრით.
არქიტექტურის მთავარი ამოცანაა შექმნას შთამაგონებელი, მრავალმხრივი შინაარსისა და პერსპექტივის მქონე სივრცეები: მშვიდი, იზოლირებული, მძაფრად ხმაურიანი, სიცოცხლისუნარიანი, შიშის მომგვრელი, იდუმალი სივრცეები; გარდამავალი სივრცეები, რომლებიც გამოყოფენ და ამავდროულად აერთიანებენ სხვა დანარჩენს, გვაძლევენ მოლოდინის გრძნობასა და მიმართულებას, გვიბიძგებენ ვისწრაფოთ წინ, რათა ვიპოვოთ ის გამათავისუფლებელი სივრცე, რომელიც დომინირებს და კულმინაციურ მომენტად გვესახება მთლიან სურათში.
ჩვენი კონცეფცია გულისხმობს ადამიანის უკურეაქციების ქვეცნობიერი დონის ანალიზის შედეგად შექმნილ ისეთ გარემოს, რომელიც განაზოგადებს და ამავდროულად აკონკრეტებს გარეგანი ზემოქმედების ობიექტებისა და ინდივიდის ემოციური ჯაჭვის ურთიერთქმედებას. კერძოდ, ორი კონტრასტული – დადებითი და უარყოფითი ემოციის მრავალმხრივობის ვიზუალიზაციასა და მათი მანიპულირების არქიტექტურულ გზებს.
ემოციების მუზეუმისკენ მოგზაურობა იწყება სადგურიდან – მაქსიმალურად განმხოლოებული, ნეიტრალური ატმოსფეროდან, სადაც ვიზიტორი გაწმენდილი გონებით ხვდება ორი იდენტური მატარებლიდან ერთ-ერთში და იღებს ორი კონტრასტული გამოცდილებიდან ერთ-ერთს.
მუზეუმის იდეას გამოხატავს ლოკაციის, განლაგებისა და ლანდშაფტთან შერწყმის ასპექტებიც. მისი მოცულობა ჰპოვებს ვერტიკალურ განვითარებას და იჭრება წყლის ჰორიზონტით, რაც ხაზს უსვამს დედამიწის ბუნებრივი გარემოს ემოციურ-ფსიქოლოგიურ სიმბოლიკასა და ასევე აკონკრეტებს მუზეუმის ორი სფეროს შინაარსობრივ სიღრმეს.
შექმნილი ექსტერიერი გულისხმობს ფორმის მრავალმხრივად გადააზრების შესაძლებლობას, ამ შემთხვევაში კი სფეროს – დადებით და უარყოფით ჭრილში. პირველი სფერო იმეორებს საპნის ბუშტის ფორმასა და ჰაეროვნებას, ხოლო მეორე სფერო ჩასმულია გალიის კონსტრუქციაში და ასახავს თავისუფლების არარსებობისგან გამოწვეულ დისკომფორტსა და სიცარიელეს.
ემოციების მუზეუმის ინტერიერი შთაგონებულია ღრმა ფილოსოფიური თეორიებისა და უნიკალური გამოცდილებების სპეციფიკით, რაც მიიღწევა ფერითი პალიტრის, ფორმებისა და სვლების შინაარსობრივი დანაწილებით.
შენობის კონსტრუქცია კონცეფციის კიდევ ერთი ელემენტია, რომელიც გამოყოფს წესრიგისა და ქაოსის ესთეტიკას, ფუნქციურ ბალანსსა და დისბალანსს, საბოლოოდ კი იდეის ჰარმონიულ სრულყოფას ახდენს. დომინანტ კონსტრუქციულ ელემენტად შევქმენით სტილიზებული, გაპიროვნებული კოლონები,რაც თავიანთი სკულპტურული სპეციფიკით, მასალითა და ზომით ადამიანის ქვეცნობიერი შიშებისა და დაუცველობის ვიზუალიზაციას წარმოადგენს.
რა გვაერთიანებს და რა გვხდის უნიკალურს – ემოციების საწყისი, მათი მრავალფეროვნება და სიუხვე, რომელიც ერთ ორგანიზმშია გაერთიანებული, სიმარტივეში მოქცეული მაქსიმალიზმი – ზუსტად ისე, როგორც ჩვენ მიერ შექმნილი ემოციების მუზეუმი – ზუსტად ისე, როგორც ბროწეული.
ჩვენი გუნდისთვის ამ კონკურსზე მუშაობა არქიტექტურული უნარების სრულყოფისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია, რადგან შევიმეცნეთ მატერიალურ ობიექტებში ღრმა შინაარსის კვლევის თუ ჩანერგვის მნიშვნელოვნება. ჩავწვდით არა მხოლოდ მასალების, კომპოზიციის, ზომებისა და სხვა არქიტექტურული ხელსაწყოების პრაქტიკული თუ თეორიული გამოყენების ახალ პერსპექტივებს, არამედ მათ დანიშნულებას ადამიანის შინაგანი კეთილდღეობისთვის.”
ავტორები: ანა კუბეცია, ნინა ავდალიანი, ვანო გვენცაძე, გვანცა მარგიანი