„მე არ ვამახვილებ ყურადღებას გარკვეულ პერიოდებზე ან სტილებზე, არამედ საუკეთესო ფრანგულ და სკანდინავიურ ნიმუშებზე. მიყვარს ნივთების ერთმანეთთან შერევა, რადგან ამ დროს რაღაც განსხვავებული და ახალი იქმნება“ – ამბობს სუზი ჰუდლესი, დიზაინერი, რომელმაც დასავლეთ ლონდონში მდებარე სახლი განაახლა. ამ ულამაზეს სივრცეს დიზაინერი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად იზიარებს.
მოდერნისტული ავეჯისადმი სუზის ერთგულება, ასევე, სკანდინავიური და ფრანგული ტექსტილისადმი გულწრფელი სიყვარული მის სახლს როგორც ლამაზს, აგრეთვე სულიერს ხდის. თავდაჯერებული ესთეტიკა მის ყველა პროექტში ღრმად არის ჩართული. 2000 წელს თავისი სტუდიის გახსნის შემდეგ სუზიმ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დააპროექტა სახლები, საწევრო კერძო კლუბები, რესტორნები და სასტუმროები.
ლონდონელმა სუზიმ უარი თქვა მანჩესტერის კოლეჯზე და დიზაინერების გილდიაში პრაქტიკული გამოცდილება ამჯობინა. შემდეგ იგი House & Garden-ში ინტერიერის განყოფილებაში დამხმარე გახდა მანამ, სანამ 1996 წელს ჟურნალ Wallpaper-ში ინტერიერის რედაქტორის თანამდებობას დაიკავებდა.
რაც შეეხება ლონდონში მდებარე სახლს, მოსასვენებელ ოთახში კომფორტი მეფობს. George Smith-ის ლურჯი, ხავერდოვანი დივანი – “Jules”, რომელიც გარშემორტყმულია XX საუკუნის დიზაინის შესანიშნავი ნაზავით, ხუთი ადამიანის დასატევად საკმარისად დიდია. ჯო კოლომბოს თეთრი ტყავის სკამი და ვინტაჟური იტალიური ტორშერი შესანიშნავად ერწყმის Barber & Osgerby-ის ყავის მაგიდას – “Zero-In.”
სამზარეულოს სქემა დაიწყო “Wishbone” სკამებით. ამას დაემატა ლურჯი კობალტის ფასადის მქონე კარადები. იატაკი აქ შავი ბელგიური ქვისაა. „არ მინდოდა ხის გამოყენება. სამზარეულოში, ეს არც თუ ისე პრაქტიკულია“ – განმარტავს სუზი.
და ბოლოს, ყველაზე მიმზიდველი დამახასიათებელი შტრიხი არის მისაღებ ოთახსა და ბიბლიოთეკას შორის არსებული დიდებული ყვითელი კარის ჩარჩო, რომელიც ღია პირველ სართულზე არქიტექტურული საყრდენის ფუნქციას ითავსებს. ყვითელი სამზარეულოს ლურჯ კარადებსა და ბიბლიოთეკის უფრო რბილ ტონებს მშვენივრად აბალანსებს.
„იდეა იყო ტერიტორიის გამყოფი მოციმციმე ფერის საშუალებით სივრცეში აღტაცების შემოტანა“ – განმარტავს სუზი. „ყვითელი განწყობას ამაღლებს და მტკიცეა, მაგრამ, იმავდროულად, ნეიტრალური. ვფიქრობ, რომ სივრცეს რიტმის შეგრძნება უნდა შევძინოთ და ამ შემთხვევაში ყვითელი სწორედ ამ მიზანს ემსახურება.“