ეს სახლი, რომელიც სოლოლაკში მდებარეობს, მე-20 საუკუნის დასაწყისშია აგებული და ის ინჟინერ პავლე ზურაბიანს ეკუთვნოდა, რომელმაც შენობა თავად დააპროექტა და მასში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. სახლი კოჯრის ქუჩაზე დგას, იქ სადაც ძველად გადიოდა კოჯორში მიმავალი გზა, სწორედ აქედან გამომდინარეობს ქუჩის სახელწოდებაც.
შენობის არქიტექტურა საკმაოდ გამორჩეულია და ის მე-19-20 საუკუნის მიჯნაზე ევროპაში გავრცელებული ესთეტიკური სტილის, არტ-ნუვოს ტიპური მაგალითია. აღნიშნული სტილი ქართულ ხუროთმოძღვრებაში მე-19 საუკუნის დასასრულიდან მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე შეინიშნება და ის გულისხმობს უკიდურესად დახვეწილ არქიტექტურასა და ცოცხალი ბუნების სხვადასხვა ელემენტების დეკორატიულ-მოსაპირკეთებელ მასალებში ამეტყველებას.
დღეს ამ შენობას ახალი ბინადარი ჰყავს. საუბარია ცნობილ შეფ-მზარეულ, თეკუნა გაჩეჩილაძეზე, რომელმაც სულ ახლახან დაასრულა საკუთარი ინტერიერის მოწყობა. ბინის რესტავრაციაზე იმუშავა ლელო ნინოშვილმა საკუთარ გუნდთან ერთად, ხოლო დიზაინ პროექტი ნინო ნოზაძეს ეკუთვნის.
საკმაოდ საინტერესოა ის ფაქტი, რომ ინტერიერი შენობის ერთგვარ გაგრძელებად გვევლინება. მიუხედავად იმისა, რომ ბინაში გვხვდება მრავალი თანამედროვე ელემენტი, საერთო ჯამში, ის არ კარგავს კავშირს ნაგებობის ისტორიულ ნაწილთან და არ არის კონტექსტიდან ამოვარდნილი.
მაღალი ჭერი, ულამაზესი კარები, ხის იატაკი, კედლის პანელები და ძველებური შპალერი – ეს ის ელემენტებია, რომლებიც სივრცეს ძველ თბილისურ იერს სძენენ და დამთვალიერებელში სასიამოვნო ნოსტალგიურ გრძნობებს აღძრავენ. თუმცა, ამასთან ერთად, ინტერიერში გვხვდება ისეთი თანამედროვე ელემენტები, როგორიც არის ახალი თაობის რადიატორები, ღვინის მაცივარი და სხვადასხვა ორიგინალური დიზაინ ობიექტი, რომლებიც ნინო ნოზაძისთვის დამახასიათებელი ოსტატობით არის ერთმანეთთან შეხამებული.
სახლის ერთგვარ მიზიდულობის ცენტრს სამზარეულო წარმოადგენს. ეს სივრცე, პირველ რიგში, უდიდესი შუშაბანდით იქცევს ყურადღებას, რომელიც ბინაში ბუნებრივი განათების მთავარ წყაროდ გვევლინება. აქ ასევე გვხვდება უჟანგავი ფოლადის დახვეწილი სამზარეულოს ავეჯი, ორი კუნძული, დიდი ზომის მაცივარი და პროფესიული ქურა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თეკუნა გაჩეჩილაძეს, ქვეყნის ერთ-ერთ მოწინავე შეფ-მზარეულს, ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ ყველაზე თამამი კულინარიული ექსპერიმენტებიც კი თავისუფლად განახორციელოს საკუთარ სამზარეულოში.
ინტერიერში ყურადღებას იქცევს დერეფანში შექმნილი ტიხარი, რომელიც შუშის კედლის ფორმით არის წარმოდგენილი. იგი იმეორებს შუშაბანდის ფორმას და მასში საინტერესო კონტრასტი შემოაქვს მწვანე ფერის სახით. ტიხარს საკმაოდ დიდი ფუნქციური დატვირთვა აქვს, მის მიღმა პროექტის ავტორმა აბაზანები და სათავსოები განათავსა. ქვედა ნაწილში გვხვდება შეღებილი მწვანე მინა, ზემოთ კი გამჭვირვალე. ამ ტექნიკის საშუალებით დიზაინერმა შესაძლებელი გახადა, რომ აბაზანებში ბუნებრივი განათება აღწევდეს, ხოლო საღამოობით ამ სივრცეებიდან ხელოვნური ნათება გამოდიოდეს.
ინტერიერის დიზაინი: ნინო ნოზაძე
სარესტავრაციო სამუშაოები: ლელო ნინოშვილი
ინტერიერის ფოტოები: ლუიზა ჩალათაშვილი