in

ტომ დიქსონი – ადამიანი, რომელიც დიზაინერი შემთხვევით გახდა

ტომ დიქსონი დაიბადა სფაქსში, ტუნისის მეორე ქალაქში. მამამისი მასწავლებელი იყო, რომელიც სწავლის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტში ინგლისურის მასწავლებელი გახდა. მან სწორედ იქ გაიცნო ტომის დედა, რომელიც ნახევრად ფრანგი იყო.

ტომმა პირველი ოთხი წელი გაატარა ჩრდილოეთ აფრიკაში – ტუნისში, მაროკოში, ეგვიპტეში და სუეცში, შემდეგ კი ოჯახი ჰადერსფილდში (ჩრდილოეთ ინგლისი) გადავიდა, რაც დიზაინერისთვის კულტურული შოკი იყო. მან სწავლა დაიწყო ჰოლანდ პარკის სკოლაში, რომელიც სწავლებით განთქმული არ იყო, მაგრამ მას შესანიშნავი ხელოვნების განყოფილება გააჩნდა, ტომმა კი სწორედ მას “შეაფარა თავი.”

დიზაინის ტრანსფორმაციულ ბუნებასთან პირველ შეხვედრად დიზაინერისთვის კერამიკა იქცა ისე, რომ მას ეს არც კი გაუცნობიერებია. ორიოდე წლის განმავლობაში თიხასთან მუშაობის დროს მას გაუჩნდა იდეა, რომ მასალების უფრო ძვირფას ნივთებად გარდაქმნა შეიძლებოდა.

ფანკის სკოლა

ტომმა სკოლა ისე დატოვა, რომ არ იცოდა რა უნდა ეკეთებინა. ექვსი თვე გაატარა ჩელსის ხელოვნების სკოლაში, რომელიც მას საერთოდ არ შეესაბამებოდა. ერთ დღეს ის მოტოციკლით ავარიაში მოყვა, ფეხი მოიტეხა და ამ დღიდან მის ცხოვრებაში დიდი ცვლილებები დაიწყო. შემდეგ ის შეუერთდა ფანკ-დისკო ბენდს – Funkapolitan და მათთან ერთად ლონდონში ადგილობრივ ცნობილ სახედ იქცა. მათ ხმის ჩამწერ სტუდიასთან კონტრაქტი გააფორმეს და გასტროლებზე წავიდნენ.

ჯგუფმა კლუბში დაკვრა დაიწყო. აქ მხოლოდ პარასკევ და შაბათ ღამით მუშაობა შესანიშნავი გზა იყო საარსებო წყაროს გამოსამუშავებლად. კვირის დანარჩენი დღეები კი ტომს თავისუფალი რჩებოდა ისეთი საქმეებისთვის, როგორიც იყო, მაგალითად, შედუღება. მისი მთელი ბიზნესი სწორედ აქედან დაიწყო. თავიდან ტომი ვერც კი ხვდებოდა, რომ დიზაინერი იყო. მაგრამ ღამის კლუბებში დროის გატარება შესანიშნავი გზაა სხვადასხვა ადამიანების გასაცნობად, რომელთა შორის იყვნენ სტილისტები, მოდის დიზაინერები, ფოტოგრაფები, თეატრის დიზაინერები. მათ მუდამ რაღაცები სურდათ ან სჭირდებოდათ.

დიზაინი და ბიზნესი

ტომი თავიდანვე ქმნიდა და ყიდდა ნივთებს. ასე რომ, მისთვის კომერციული ასპექტი დიზაინისგან არასოდეს იყო განცალკევებული. ბევრი დიზაინერისგან განსხვავებით, მას სამუშაო და ბიზნესი არასოდეს გაუმიჯნავს.

სანათი – Boom

უნიკალური სტილი

„მე მაქვს იდეები. მაინტერესებს, შევძლებ თუ არა მათ რეალიზებას და იყიდის თუ არა ჩემს ნამუშევრებს ხალხი. ეს იდეები შეიძლება ბანალური ან ამღელვებელი იყოს, მაგრამ პროცესის დიდი ნაწილი დაკავშირებულია სწორი ფასის განსაზღვრასთან, უხილავი დეტალების დახვეწასთან, ნამუშევრის სწორად დასრულებასთან ან თუნდაც მისთვის სწორი ყუთის შერჩევასთან. შემდეგ კი იწყება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტრანსპორტირება“ – ამბობს ტომი.

დიზაინერმა შეიმუშავა საკუთარი უნიკალური სტილი, რომლის გამეორება სხვა ადამიანებისთვის უფრო და უფრო რთულია. დღევანდელ ეპოქაში ყველაფერი იმდენად საჯაროა, რომ ბევრად ადვილია საერთაშორისო მასშტაბებზე გასვლა, თუმცა რთულია შეიმუშაო სტილი, რომელიც სხვებისგან მნიშვნელოვნად გამოგარჩევს.

ჩარჩოებში ნაპოვნი კომფორტი

ავეჯის ინდუსტრიაში არ არსებობს მომენტი, როდესაც იცი, რომ ნომერ პირველი ხარ. ხალხი ავეჯს ძალიან ნელა ყიდულობს, ასე რომ, თქვენ ვერასოდეს დაინახავთ იმ მობრუნების წერტილს, საიდანაც ყველაფერი განსხვავებული ხდება.

„დიზაინის შექმნა ფორმალურ ჩარჩოს გაძლევთ. მოსალოდნელია, რომ მას ჰქონდეს გარკვეული ფუნქციონირება და ასეთი გარკვეული შეზღუდვით მე თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ“ ­– ამბობს ტომი.

ოფისის ავეჯი

ეგზოტიკური, როგორც ჯიმი ჰენდრიქსი

თავიდანაც კი ტომის ნივთებით დაინტერესებული ადამიანები იაპონელები ან გერმანელები იყვნენ. ინგლისელები მისი ნამუშევრებით თითქმის არ ინტერესდებოდნენ. „ხშირად უცხოეთში უფრო ეგზოტიკური ხარ, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში. ჯიმი ჰენდრიქსის მსგავსად, სადმე სხვაგან უნდა წახვიდეთ, რათა მშობლიურ ქვეყანაში პოპულარობა მოიპოვოთ “ – აღნიშნავს დიზაინერი.

დიზაინის რევოლუციები

ციფრული სამყაროს განვითარების შედეგად, ინდუსტრიული რევოლუცია არ არის ისეთივე მყისიერი, როგორც სხვა ტიპის რევოლუციები, მაგრამ ეს ნამდვილად გაუადვილებს ადამიანებს თავიანთი ლეპტოპების საშუალებით ნივთების დამზადებას. 3D პრინტერის გამოყენება ყველას აკვიატებაა და ეს კარგია, მაგრამ ის უბრალოდ პლასტმასის მცირე ნაწილებს აწარმოებს. მართლაც კრეატიული გონება ნაკლებად ხელშესახებ ან მიკროსკოპულ მასშტაბებზე მუშაობს. ვფიქრობ, მალე კიდევ ერთი რევოლუცია მოხდება: ბიოინჟინერია, ნანოტექნოლოგია ან სინთეზური მასალები, რომლებიც საწვავზე დაფუძნებული არ არის“ – ამბობს ტომი.

სკოლის მერხი

წყალქვეშა ავეჯი

ტომმა Ikea-სგან მიიღო პროექტი – „დავითი და გოლიათი“ და დიზაინერი ამ კომპანიასთან თანამშრომლობით მოიხიბლა. „მე მათ დიდ პატივს ვცემ. ეს არის ერთადერთი კომპანია, რომელმაც ავეჯის ბიზნესი შეცვალა“ – ამბობს ტომი.

დიზაინერი კიდევ ერთ საინტერესო და უჩვეულო პროექტს უძღვება ბაჰამის კუნძულებზე, სადაც წყალქვეშა ავეჯს ამზადებს. ეს ნახევრად კონცეპტუალური და ნახევრად მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული პროექტია. ტომმა აღმოაჩინა 1970-იანი წლების მეცნიერი, რომელიც ხელოვნური მარჯნის გაშენებას ცდილობდა, რათა წყალქვეშ მოცურავე ქალაქები შეექმნა. ცხადია, ეს იდეა ვერ განხორციელდა, მაგრამ, ტომმა ეს პროექტი ავეჯის საწარმოდ გარდაქმნა.

Cube Alloy
სკამი – Pylon
სკამი – Bird
სკამი – S

სანათი – Mirror Ball

როგორ მოვათავსოთ მატრასი იატაკზე ისე, რომ ის დაუდევრად არ გამოიყურებოდეს

ვილა თბილი ტონებით საგურამოში – სტუდია “დუეს” ნამუშევარი